28 ივნისი, 2022 13:10
თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კელაპტრიშვილის მუზეუმსა და ქვათახევს ესტუმრნენ
27 ივნისს, წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში გამართულ კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის საანგარიშო კონცერტში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ცნობილი მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
ბატონი ომარის მეუღლემ, ქალბატონმა ნათელამ, ბავშვებს გააცნო ომარ კელაპტრიშვილის შემოქმედება და მოუთხრო საინტერესო ისტორიები. პატარა მუსიკოსებმა აივანზე სახელდახელო კონცერტი გამართეს, ხალხურ ინსტრუმენტებზე ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მუზეუმის შემდეგ მოსწავლეებმა ქვათახევის მონასტერი მოილოცეს.