თბილისის 42-ე საჯარო სკოლას დანიის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირების დელეგაცია ეწვია
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირის მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა დანიის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) დ ელეგაცია, რომლის წარმომადგენლებიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.
სკოლის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ გაცნობოდნენ ქართველი მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, აინტერესებდათ რამდენად იყენებენ ისინი ინტერნეტ კომუნიკაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაკვეთილზე.
სტუმრები დაესწრნენ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის მაკა ბიბილეიშვილის გაკვეთილს, გაკვეთილის თემატიკა გახლდათ: „მედია-მეოთხე ხელისუფლება“.
სტუმრებმა მოიწონეს მასწავლებლის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს მოსწავლეების დამოკიდებულება განსახილველი თემის მიმართ.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სიახლეების გაზიარებას, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და თანამშრომლობას.