თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ π რიცხვის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვა
2018 წლის 14 მარტს, საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“. ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ მათემეტიკური ოლიმპიადა „ ევერესტი“. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 50-მდე საჯარო და კერძო სკოლა, მათ შორის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მატემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც: დემეტრე გელაშვილი, ირაკლი ხუციშვილი, გიორგი ძაძამია და ნიკოლოზ შენგელაია.
სკოლის გუნდებმა მათემატიკის თემაზე შექმნილი სხვადასხვა პროექტები და პრეზენტაციები წარადგინეს. მათემატიკის ფესტივალზე ჩატარდა π რიცხვის კონკურსი, რომელშიც 42-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ შენგელაიამ გაიმარჯვა. მას ორგანიზატორებისგან გადაეცა კომპანია“ექსპერიმენტორიუმის“ საოჯახო მოსწვევი და π-ის ფორმის თასი.
კონკურსის ყველა მონაწილე სიგელებით დაჯილდოვდა. ფესტივალის მიზანია: 1) მათემატიკის პოპულარიზაცია; 2) სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის; 3) სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება; 4) მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება; 5) კრეატიული იდეების წახალისება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს(π=3.14) ემთხვევა.
პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.