თბილისის 42-ე სკოლის მორიგი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
2019 წლის 18-დან 24 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-7 საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ჩატარდა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში. ამ საინტერესო, ინტელექტუალურ ყოველწლიურ ფორუმში ჩართული იყო მსოფლიოს 11 ქვეყნის 21 გუნდი (ზოგიერთი ქვეყანა 2 ან მეტი გუნდით იყო წარმოდგენილი), მათ შორის, ახალი ზელანდიის, ჩინეთის, რუსეთის, ბელარუსის, შვეიცარიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ხორვატიის, ყაზახეთის და საქართველოს მოსწავლეები. ტურნირში მონაწილეობდა 17 წლამდე ასაკის 145 მოსწავლე, 42 ხელმძღვანელი, ჟიურის 50-მდე წევრი და დაახლოებით ამდენივე ორგანიზატორი, მოხალისე და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი.
გუნდი, რომლის წევრებიც იყვნენ ნიკოლოზ ნიკურაძე და მარიამ ჯაფარიძე (ორივე ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლიდან), ზურაბ დარჯანია (ნიუტონის თავისუფალი სკოლა), ლევან ლოლაშვილი, ნენე ჟვანია და სალომე მიქელაძე (სამივე ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N 42 საჯარო სკოლიდან), დაკომპლექტდა ხანგრძლივი შესარჩევი ციკლის შედეგების მიხედვით. ეს პროცესი დაიწყო 2019 წლის დასაწყისიდან, როდესაც მოხდა საქართველოს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და სკოლების ნაკრები გუნდების ჩამოყალიბება.
ეროვნული ტურნირის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა 2019 წლის 5-12 მაისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაზაზე 7 საუკეთესო სკოლის გუნდს (უკვე მოხსენიებული სამი სკოლის გარდა ტურნირის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს ბაქსვუდის სკოლამ, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ, 51-ე და პირველმა ექპერიმენტულმა საჯარო სკოლებმა) შორის. დაძაბული სამეცნიერო ბრძოლების შედეგად შეირჩა ნაკრები გუნდის 15 კანდიდატი, რომლებისგანაც დამატებითი მოთხოვნების (ინგლისურის ცოდნა, პრეზენტაციის, ჟიურის მიერ დასმულ ზოგადი ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემის უნარი და სხვა) გათვალისწინებით დაკომპლექტდა ზემოთაღნიშნული გუნდი.
პირველ ორ დღეს ჩატარებული 4 ტურის შემდეგ გაირკვა ნახევარფინალში გადასული ცხრა საუკეთესოგუნდის ვინაობა და სასიხარულო იყო ის, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც აღმოჩნდა. ტურნირის დებულების თანახმად გუნდები წინასწარ ჩატარებული კენჭისყრის შესაბამისად 3 ნახევარფინალურ სამეულებად განაწილდა. ჩვენი ნაკრები პირველ, ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა ფავორიტად აღიარებულ შვეიცარიასა და ერთ-ერთ უძლიერეს ბულგარეთთან ერთად და სამწუხაროდ გამარჯვებულებს მხოლოდ 2.1 ქულით ჩამორჩა. ნახევაფინალების შედეგად ფინალში გავიდნენ შვეიცარიის, ახალი ზელანდიისა და ხორვატიის ნაკრები გუნდები, რომლებაც ოქროსა და ვერცხლის მედლები გაითამაშეს. ნახევარფინალის დანარჩენი (ფინალში ვერგასული) გუნდები და მათ შორის საქართველოს ნაკრები დაჯილდოვდნენ ბრინჯაოს მედლებით. აქვე მოვიყვან ნახევარფინალში მონაწილე ყველა გუნდის შედეგებს იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნეთ რამდენად დაძაბული იყო ბრძოლა ჩვენს ჯგუფში.
პირველი ნახევარფინალი: შვეიცარია – 45.5 ქულა; ბულგარეთი 45.5;
საქართველო – 43.4.
მეორე ნახევარფინალი: ახალი ზელანდია – 45.1; ჩინეთის პირველი გუნდი – 31.4;
საბერძნეთის პირველი გუნდი – 23.4.
მესამე ნახევარფინალი: ხორვატია – 42.7;
რუმინეთი -37.6;
საბერძნეთის მეორე გუნდი – 33.4.
გუნდს ხელმძღვანელობდნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის ტურნირებისთვის მოსამზადებელი წრის ხელმძღვანელები, ამავე სკოლის კურსდამთავრებულები გიორგი ხომერიკი, გიორგი ბახტაძე, ზურაბ ვარდანაშვილი და თომა რთველიაშვილი.
ტურნირის მთელი ციკლის ორგანიზება, დასკვნითი ტურების ჩატარება, გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის თანაორგანიზატორობით. მინსკში გამგზავრების, მონაწილეობის საწევრო გადასახადისთვის საჭირო თანხები გამოყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. დანადამფინანსებელია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რისთვისაც მათ მადლობას უხდიან საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, მათი ხელმძღვანელები, მშობლები, ყველა გულშემატკივარი. განსაკუთრებული მადლობა სამინისტროს წარმომადგენელს, ქალბატონ ნინო ცანდიშვილს.
სურათზე გამოსახული არიან საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, მათი ორი ხელმძღვანელი და ტურნირის საოგანიზაციო ჯგუფის წევრები მედლებისა და შესაბამისი სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ: მარცხნიდან მარჯვნივ – ილია მარჩენკო (ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირების გენერალური საბჭოს სპიკერი), თომა რთველიაშვილი (გუნდის ხელმძღვანელი), ზურაბ დარჯანია, მარიამ ჯაფარიძე, ლევან ლოლაშვილი, ნენე ჟვანია (კაპიტანი), ნიკოლოზ ნიკურაძე, სალომე მიქელაძე, გიორგი ბახტაძე (გუნდის ხელმძღვანელი) და ოლგა სოკოლოვსკაია (ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე).