თბილისის №42 სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში „დემოკრატია სკოლაში“ მონაწილეობდნენ
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაზე – „დემოკრატია სკოლაში“ იმყოფებოდნენ.
მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში 17-18 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“ მიეძღვნა საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან. მათ შორის იყვნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
კონფერენციაზე მოეწყო მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკის გამოფენა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები და დაისახა ახალი ინიციატივები შემდგომი თანამშრომლობისათვის.