თბილისის 72-ე საჯარო სკოლამ საქველმოქმედო პროექტი განახორციელა
თბილისის 72-ე საჯარო სკოლას უკვე ტრადიციად ექცა საქველმოქმედო პროექტების განხორციელება. სოციალურ ქსელში ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ სკოლის დირექტორმა მანანა კიკაჩეიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაგვეწვდინა დახმარების ხელი მათთვის, ვისაც ასე ძალიან სჭირდება თანადგომა, გამხნევება.
72-ე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში. „სიკეთე გადამდებია“. ბავშვებს ღიმილიანი სახეებით მოჰქონდათ პროდუქტი, ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები.
ამ პროექტის ფარგლებში ზემოთჩამოთვლილი შემოწირულობებით მთლიანდ აივსო ერთი დიდი საკლასო ოთახი. შემოწირულობის დახარისხებაზე, დაფასოებასა და გადანაწილებაზე თავდაუზოგავად იმუშავეს პედაგოგებმა: სალომე ასანიძემ, მაია ჭარაქაშვილმა, ნინო თანდაშვილმა. მოსწავლეებმა: მეგი შენგელიამ, ბარბარე ჩხეიძემ, მარიამ წიკლაურმა და მისმა მშობელმა ნინო ამარიანმა.
თავდაპირველად იგეგმებოდა ნათია კაპანაძის ოჯახის დახმარება. მის შესახებ ვიდეო რგოლი „სიკეთის ქალაქმა“ განათავსა სოციალურ ქსელში. მისი გაჭირვება ყველამ გულთან მივიტანეთ. უზომოდ დიდი რაოდენობით პროდუქტი მოგროვდა. ამიტომ დაიბადა იდეა სხვა გაჭირვებულ ოჯახებსაც დავხმარებოდით. ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაგვეხმარნენ სხვა ოჯახების მოძებნაში (ორი მრავალშვილიანი – შუბითიძეების – 6 შვილიანი და კაპანაძეების – 5 შვილიანი ოჯახი), ორი სოციალურად დაუცველი – ფხალაძეების და ნათიას ოჯახი და ერთ შეზღუდული შესაძლებლობის პირი – მაღრაძე).
ღონისძიების ორგანიზატორები და სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები გავემგზავრეთ ჭიათურაში კეთილი საქმის განსახორციელებლად. ადგილზე დაგვხვდნენ ადგილობრივი ტელევიზია და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად დაგვყვებოდნენ თითოეულ ოჯახში.
ბევრი გაღიმებული და ბედნიერი სახე ვნახეთ. ვამაყობ 72-ე სკოლის დირექციით, პედაგოგებით, თითოეული მოსწავლით ამბობს – პედაგოგი ნინო თანდაშვილი.
დარჩენილი პროდუქტები, ტანსაცმელი და ტკბილეული ასევე შევახვედრეთ სოციალურ ქსელში მოძიებულ ცინდელიანების 7 შვილიან, უმამო ოჯახს დიდ ლილოში. იქვე დიდ ლილოში დავეხმარეთ სიმსივნიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს და ვიზრუნეთ ჩვენი სკოლის სამ მოსწავლეზეც: ერთი მრავალშვილიანი და სოციალურად გაჭირვებული ოჯახიდან. ორი – მარტოხელა დედის და სოციალურად გაჭირვებული ოჯახიდან და დედით ობოლი სოციალურად გაჭირვებული ოჯახიდან.
არ დაგვიწყებია ჩვენი დამეგობრებული გუდამაყრის ხეობა. მე-5ბ კლასის მიერ ამ ხეობის მარტოხელა მოხუცებისთვის და შეჭირვებული ოჯახებისთვის შეგროვებულ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ საშუალებებს დავუმატეთ სკოლის პროექტიდან დარჩენილი სურსათ-სანოვაგე. მე-5ბ კლასმა კლასის ხელმძღვანელ – თამარ ტალახაძესთან ერთად მოიარა გუდამაყრის ხეობის რამდენიმე სოფელი და დაბრუნდნენ სიკეთით აღვსილები და გახარებულები.
რადგან „სიკეთე გადამდებია“ ვიმედოვნებთ, რომ სხვა სკოლებიც მოგვბაძავენ და ჩვენც არაერთხელ, ტრადიციისამებრ განვახორციელებთ მსგავს პროექტებს.