GE
10 ოქტომბერი, 2018 17:15

თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ინგლისური ენის მასწავლებლის ლუდმილა ურეკაძის გაცილება საზეიმოდ აღნიშნეს.

სკოლის დირექტორის, მანანა კიკაჩეიშვილის, თაოსნობით პედაგოგებს კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო აჩუქეს მოწვეულმა სტუმრებმა, მომღერლებმა: ლაშა ღლონტმა, გურამ ქავთარაძემ და ირაკლი შეწირულმა.

სკოლის მასწავლებლებმა წარმოადგინეს მათ მიერ დადგმული სპექტაკლის „ბერნარდა ალბას სახლის“ ფრაგმენტები, ცოცხლად შეასრულეს არაჩვეულებრივი ქართული სიმღერები ლაშა ღლონტთან ერთადაც კი.

სკოლამ ჩაწერა ინტერვიუ ლუდმილა ურეკაძესთან და მის ყოფილ მოსწავლეებთან. ინტერვიუში იგი საუბრობს სკოლაში 45 წლიანი მოღვაწეობის შესახებ, იგონებს მისთვის ძვირფას პერიოდს ცხოვრებიდან. დღემდე აღზრდილები მთელი მსოფლიოდან უკავშირდებიან მას და მადლიერებას გამოხატავენ ამ ნამდვილი პედაგოგისა და პროფესიონალის მიმართ.

„საბედნიეროდ, მე შევიცვალე სკოლა და მოვხვდი უთბილეს გარემოსა და საუკეთესო ხალხის გარემოცვაში, არასოდეს მიგვრძნია თავი ცუდად ჩემს უსაყვარლეს სკოლაში. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ საუკეთესო კლასში მოვხვდი, თუ საუკეთესო მასწავლებლების ხელში. 1 წელი გავატარე ამ სკოლაში, მაგრამ ამ მოკლე ხანში ვისწავლე დიდი სიყვარული: სიყვარული მასწავლებლების მიმართ, სკოლის მიმართ, კლასელების მიმართ და ეს ყველაფერი იმ გარემოს დამსახურებაა, რომელიც ჩემს სკოლაში იყო. თბილისის 72-ე საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვს შეუძლია ისწავლოს არა მარტო საგნები, არამედ ადამიანობაც. აქ ყველას უყვარხარ, რადგან მათ იციან სიყვარული. მათში არ არის ბოღმა და სიძულვილი, ისინი მართლაც საუკეთესოები არიან“, – აღნიშნა 72-ე სკოლის შარშანდელმა კურსდამთავრებულმა, თიკო ჯოხაძემ.

სკოლის დირექტორმა დამსახურებული მადლობა გადაუხადა ინგლისური ენის ღვაწლმოსილ პედაგოგს და მთელმა კოლექტივმა ღირსეულად გააცილა იგი პენსიაზე. ბოლოს კი, სკოლის საპატიო დაფაზე – „ქედს ვიხრით თქვენი პედაგოგიური ღვაწლის წინაშე“ – გაჩნდა მესამე გვარიც – ლუდმილა ურეკაძე.

Aris.ge - განათლება განათლება