თბილისის 72-ე საჯარო სკოლის დირექტორის წერილი სკოლის კოლექტივს
2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს მინდა ფეხზე წამოდგომით გადავუხადო მადლობა ჩვენი სკოლის ყველა თანამშრომელს: პედაგოგს თუ ადმინისტრაცია-დირექციას, ტექნიკურ პერსონალს, მანდატურს თუ ექიმს, ფსიქოლოგს თუ სპეც.მასწავლებელს…
ეს იყო დიდი გამოწვევების წელი… და უნდა იცოდეს ყველამ, რომ სასწავლო პროცესი გადაარჩინა ამ ხალხმა. ვინც არ იცნობს განათლების სისტემას, ვერ მიხვდება ყოველ ბრძანებას, რეკომენდაციას, რეგულაციების ცვლილებას, თვითიზოლაციებს და უკან დაბრუნებას, ონლაინ თუ სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის წარმართვას, სხვადასხვა ცხრილზე გადასვლა-გადმოსვლას, გაკვეთილების ზოგისთვის ონლაინ, ზოგისთვის – სკოლაში ჩატარებას, დროის სწორად განაწილებას, ჯანმრთელობის და ეპიდუსაფრთხოების რეგულაციების დაცვას – რაოდენ დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდებოდა!
როდესაც მაქსიმალურმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, რასაც ადასტურებს მშობელთა და მოსწავლეთა სამადლობელი წერილები, პოსტები, კომენტარები. როდესაც სკოლა ძალიან მოთხოვნადია თემში, და არა მარტო, როდესაც სკოლა ვერ იტევს გადმოსვლის და ჩარიცხვის მსურველებს, ამაყი ხარ, ამაყი, რომ შენ და შენს გუნდს, საყრდენ-მამოძრავებელ ძალას და ყველას ერთად თავი არ დაუზოგავს, რათა შედეგი დაედო და ასეთი შეფასებები მიეღო.
როგორც არ უნდა აკრიტიკონ განათლების სისტემა, პედაგოგების შრომა გმირობის ტოლფასი იყო. კოვიდ ინფიცირებული მასწავლებლები სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად სახლებიდან თუ კლინიკებიდან ატარებდნენ გაკვეთილებს, რომ არ ეღალატათ თავიანთი მოსწავლეებისათვის… ეუფლებოდნენ ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, ეძიებდნენ და ქმნიდნენ სასწავლო რესურსებს და ა.შ. ახლა კი, შვებულების დროს, ჩართულნი უნდა იყვნენ ტრენინგებში.
გულწრფელი მადლობა თქვენ!
იმედია, მომავალი სასწავლო წელი უფრო ჯანმრთელი და მშვიდობიანი იქნება. ჩვენ კი გამოწვევების გამკლავების გამოცდილებით უფრო უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.