GE
15 იანვარი, 2020 17:35

თბილისის N72 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა – მოსწავლეები და პერსონალი ძველ შენობას დაუბრუნდნენ

დღეს ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი დღეა. დასრულდა სარემონტო სამუშაოები და მოსწავლეები, რომლებიც ორ საჯარო: 65-ე და 144-ე სკოლებში იყვნენ განთავსებული, დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას.

მოსწავლეებს დახვდათ გალამაზებული, უსაფრთხო სასწავლო გარემო. სწორედ საფრთხის შემცველი სიტუაცია გახდა მიზეზი იმ გადაუდებელი სამუშაოებისა, რომელიც განახორციელა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ.

“საოცარი გრძნობაა, როდესაც ხედავ მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების გაოცებულ და გახარებულ სახეებს. არ მოგვკლებია ყურადღება ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის და კრწანისის რაიონის გამგეობის მხრიდან. მადლობა მათ”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

სკოლა დიდ მადლობას უხდის 65-ე, 144-ე და 127-ე საჯარო სკოლებს თანადგომისათვის.

“ექსტრემალურ სიტუაციაში ერთხელ კიდევ დავრწმუნდით, რომ შეკრული პედაგოგიური კოლექტივი, გულისხმიერი მშობლები, კეთილგანწყობილი თემი და მოტივირებული მოსწავლეები არის საიმედო და დასაყრდენი ძალა.

დღეს, 2020 წლის 15 იანვარს, სასწავლო პროცესის განახლება მოგვილოცეს საპატიო სტუმრებმა: ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა მეგი როსტიაშვილ-წიკლაურმა, კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ქალბატონმა მაია კობრეშვილმა, სსიპ ქალაქ თბილისის N144 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩარგეიშვილმა და გუდამაყრის გამგებელმა ბატონმა მალხაზ წიკლაურმა”, – აღნიშნეს სკოლაში.

საკუთარ ფესვებს დაბრუნებული 72-ე საჯარო სკოლა კვლავ ჩვეული ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით გააგრძელებს მომავალი თაობების აღზრდას.

Aris.ge - განათლება განათლება