GE
3 დეკემბერი, 2018 12:08

ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლის დედის სამადლობელი წერილი სკოლას

ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის კურსდამთავვრებულის დედამ სკოლას სამადლობელი წერილი მისწერა. აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

,,მოგესალმებით!

მე თქვენი სკოლის ყოფილი მოსწავლის, ლუკა ჩინჩალაძის, დედა ვარ. დღეს ლუკა, საკმაოდ წარმატებული სტუდენტია და ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი სკოლის წვლილიც არის. ალბათ, გაქვთ უფლება იამაყოთ მისით…

ლუკა თქვენს სკოლაში 2008 წელს ჩაირიცხა. ის მე-7 კლასიდან რეგულარულად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საგნის ოლიმპიადებში და არის 2008-2009 სასწავლო წლის მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული.

2012 წლის შემოდგომაზე ლუკამ მიიღო მონაწილეობა HMC Projects-ის კონკურსში, გაიმარჯვა და მიიღო 2-წლიანი დაფინანსება ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად. 2012-2013 სასწავლო წელს, ლუკამ თქვენი სკოლის მე-11 კლასი დახურა უმაღლესი შეფასებებით (ყველა საგანში 10 ქულიანი შეფასებით) და 2013 წლის სექტემბრიდან სწავლა განაგრძო ინგლისის WHITGIFT SCHOOL – ში. WHITGIFT SCHOOL – ს სწავლის საკმაოდ მაღალი სტანდარტები ქონდათ და ლუკამ ძალიან ადვილად აუღო ალღო იქ სწავლას. 2015 წელს დაამთავრა კოლეჯი საუკეთესო შედეგებით (ყველა საგანში A, A* შეფასებით). ლუკამ, ამ ურთულესი 2 წლის მერე თქვა “მე სწავლა არ გამჭირვებია, იმიტომ რომ, ვეკუაში ამის კარგი საფუძველი მივიღეო…”

ლუკას არჩევანი ფიზიკის ფაკულტეტზე შეჩერდა. მან საბუთები გააგზავნა დიდი ბრიტანეთის 5 საუკეთესო უნივერსიტეტში: University of Oxford, Imperial college London, University of Birmingham, Nottingham Trent University და University of Bristol. ოქსფორდის და იმპერიალ კოლეჯის უნივერსიტეტებისთვის არ იყო საკმარისი მისი კოლეჯის უმაღლესი შეფასებები და სერიოზული გამოცდები ჩააბარა ამ უნივერსიტეტებში მისაღებად. ხუთივე უნივერსიტეტმა თანხმობა მისცა… ხოლო საბოლოოდ ლუკას არჩევანი ოქსფორდის უნივერსიტეტზე შეჩერდა.

ბრიტანეთის მხარემ, მას მისცა ნაწილობრივი 4-წლიანი დაფინანსება ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში სწავლისთვის. 2018 წლის ივლისში ლუკამ დაამთავრა ბაკალავრიატის კურსი უმაღლესი შეფასებით (76 %) და ახლა სწავლას აგრძელებს University of Oxford – ის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსზე.

დიდი მადლობა თქვენს სკოლას!

პატივისცემით, ნუცუბიძე მაია.”

Aris.ge - განათლება განათლება