GE
31 მარტი, 2022 17:17

წიგნები და მუზეუმი – სამი შვილის დედის არჩევანი

ესპანური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი და ყოფილი ტელესახე, თეა გვასალია სამი შვილის დედაა. უფროსი გოგონა უკვე სტუდენტია, ტყუპი გოგო-ბიჭი კი მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან.

თეასთვის მნიშვნელოვანია, მისი შვილები ბევრს კითხულობდნენ. ამისთვის ბავშვებს პატარაობიდან უკითხავდა წიგნებს. თვლის, რომ კითხვა თუ თავიდანვე არ დაიწყო ბავშვმა, 15 წლის ასაკში აღრაფერს წაიკითხავს.

„როგორც კი აღქმა შეუძლია ბავშვს, დედა უნდა დაუჯდეს და უკითხოს ზღაპარი თუ თავისი გამოგონილი რამ. თუ დედა არ უკითხავს და 10 წლის რომ გახდება ბავშვი, მერე იწყებს წუწუნს, ვაიმე არაფერს კითხულობსო, ცხადია, არ წაიკითხავს.

„შეიძლება დედა ძალიან მონდომებული იყოს, რომ ბავშვმა წიგნი იკითხოს, მაგრამ ბავშვს მაინც კომპიუტერი ურჩევნია, იქ უფრო ლამაზი სამყაროა, ვირტუალურად ხედავს ყველაფერს, თვითონ მონაწილეობს. გარკვეულწილად მესმის ბავშვების, დღეს წიგნის ხელშია აღება რომ არ უნდათ. ჩემი შვილები ყველაფერს ელექტრონულად კითხულობენ. კი ვამბობ, ოღონდ იკითხონ-თქო, მაგრამ ჩემმა უფროსმა შვილმა რომ მითხრა, ზამთრის არდადეგებზე 30 წიგნი წავიკითხე ტელეფონითო, ძალიან ვინერვიულე. ერთი მათგანი „ომი და მშვიდობა“ იყო ინგლისურად, რადგან იმდენი რუსული არ იცის, რომ რუსულად წაეკითხა. წარმოიდგინეთ, ამხელა წიგნს რომ ტელეფონით წაიკითხავ?! მაგრამ არ უნდა წიგნის ხელში აღება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თეა გვასალიამ.

თეა გვასალიას შვილები თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებსაც კითხულობენ. დედა კი იმ წიგნების წაკითხვას ურჩევს, რასაც თავად მათ ასაკში კითხულობდა და ფიქრობს, რომ ადამიანის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„თანამედროვე მწერლებს, რომელსაც დღეს აქტიურად კითხულობენ ბავშები, არ ვიცნობ და მე ისევ ასტრიდ ლინდგრენი მიყვარს, ნოდარ დუმბაძე მიყვარს და შვილებსაც მათ წაკითხვას ვთხოვდი. „საიდუმლო კუნძული“, „პიტერ პენი“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „დევიდ კოპერფილდი“ –  შესანიშნავი საბავშვო ლიტერატურაა. თანამედროვე მწერლებს, ჩემი შვილები კითხულობენ. მე რომ ვურჩევ, მათ ასაკში რასაც ვკითხულობდი, დაიწყებენ და თუ მოსწონთ, კითხულობენ, თუ – არა და თავს ანებებენ. მათ სიამოვნებაში ვერ ჩავერევი. მე რომ რაღაც მომწონდა, არ არის აუცილებელი, მათაც მოსწონდეთ“, -ამბობს მშობელი.

14 წლის ასაკის შვილებს თეა გვასალია ურჩევს წაიკითხონ:

ო ჰენრის, გურამ დოჩანაშვილის, გურამ რჩეულიშვილს მოთხრობები და  ჰემინგუეის ნაწარმოებები.

რაც შეეხება სპორტულ და სხვა აქტივობებს, თეა გვასალიასთვის  ყველაზე სასურველია, მისი შვილები ცურვაზე დადიოდნენ. ასევე, უნდა, მათ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ციფრული სივრცე ანახოს.

„პანდემიის პერიოდში ყველაზე კარგი აქტივობა ჩემი აზრით, ცურვაა. ისედაც, ტექნოლოგიურ ეპოქაში აღარავის უნდა თუნდაც ეზოში გასვლა და კომპიუტერთან ყოფნაა მათი სამყარო. ამის კომპენსაციისთვის კი, რომ ბავშვმა გაივარჯიშოს და ჯანმრთელადაც იყოს, ნებისმიერი სპორტი კარგია, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია ცურვა.

„თბილისში ბევრი მუზეუმი არ არის და ყველა უნდა ნახონ მოსწავლეებმა – ეთნოგრაფიული მუზეუმით დაწყებული, სახელმწიფო მუზეუმით დამთავრებული. ჩემი შვილები სკოლას დაჰყავს მუზეუმებში, რაც ძალიან მომწონს. ძალიან მიანტერესებს დიღომში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თბილისის ციფრულ სივრცეში წავიყვანო ბავშვები. აქამდე პანდემიიის გამო ხალხმრავლობას ვერიდებოდი და იმედი მაქვს, ახლა მაინც მოვახერხებთ“, – ამბობს სამი შვილის მშობელი.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში