„ყველაფერი მზად გვაქვს“ – როგორ გამოიყურება სკოლები ბოლო ზარისთვის (+ფოტო/ვიდეო)
დღეს 20 მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისსა და არა მხოლოდ თბილისის საჯარო სკოლების უმეტესობაში მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი ირეკება. როგორც EDU.ARIS.GE-მ სკოლებში გაარკვია, წლევანდელი სკოლადამთავრებულების განსაკუთრებული ჩართულობის გამო, აქტივობები მეტად მრავალფეროვანი და ყველა თაობაზე მორგებული იქნება.
სანამ შუადღე დადგება და ჩვენი მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება, მოდით, ერთად ვნახოთ როგორი განსაკუთრებულია სკოლების გაფორმება სპეციალურად ამ დაუვიწყარი დღისთვის.
თბილისის 142-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე ენდელაძე მოგვითხრობს, რომ ამ დღისთვის განსაკუთრებული კომფორტი შექმნეს სტუმრებისთვისაც. მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვია სკოლის ეზოში საგულდაგულოდ მორთეს სტუმრებისთვის განკუთვნილი სკამებიც. ასეთი სუფთა და მოწესრიგებული სკოლის შიდა და გარე სივრცე კი, როგორც დირექტორი ამბობს, იმ უდიდესი შრომის შედეგია, რომელიც სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა გასწია.
„გვაქვს ულამაზესი დეკორაციები, დაგეგმილი გვაქვს უმრავი აქტივობა, ფეიერვერკი, საზეიმო კონცერტიც. განსაკუთრებით ვიზრუნეთ როგორც სკოლის შიდა, ისე გარე სივრცის სისუფთავის დაცვასა და მოწესრიგებაზე. უდიდესი შრომა გავწიეთ ყველამ. სულ მალე დავინახავთ ჩვენი მეთორმეტეკლასელების გაბრწყინებულ სახეებს”, – ამბობს დირექტორი.
იხილეთ ფოტო:
მორთვა-გაფორმების პროცესი გუშინ გვიან ღამით დასრულდა თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში. დირექტორი ნინო გახარია ამის ამსახველ ულამაზესს ფოტოებს გვიზიარებს.
იხილეთ ფოტო:
„გვიყარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით! ეს ქვეყანა თქვენია,” – ამბობს სკოლის დირექტორი მეთორმეტეკლასებისთვის განკუთვნილ მილოცვის წერილში.
თბილისის 156-ე საჯარო სკოლის დირექტორი კი გვიყვება, რომ სკოლა მეთორმეტეკლასელებისა და სტუმრების შესაბამისი დახვედრისთვის 08:00 საათიდან მზადაა.
იხილეთ ფოტო:
„ყველაფერი მზად გვაქვს და მოუთმენლად ველით დღის მთავარ გმირებს”, – ამბობს სკოლის დირექტორი.
რაც შეეხება რეგიონებს, როგორც გავარკვიეთ, რეგიონების სკოლების უმეტესმა ნაწილმა ბოლო ზარი 17 მაისს აღნიშნა.
ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ სპეციალურად ამ დღისთვის, შიდა ტერიტორია საზემოდ გააფორმეს თეთრი, ვერცხლისფერი და შავი ბურთებით. მოაწყვეს დიდი სცენა, სკოლის ეზოში კი ფოტო პავილიონი დადგეს, რომელმაც მეთორმეტეკლასელების სკოლასთან დაკავშირებული მოგონებები გააერთიანა.
იხილეთ ფოტო:
მარტვილში, სოფელ ბალდის საჯარო სკოლა ოქროსფერი და თეთრი ბურთებით იყო გაფორმებული. როგორც სკოლის მეთორმეტეკლასის დამრიგებელმა, ქრისტინე ხაჟომიამ გვიამბო, დეკორაციები ნაკლებად პომპეზური იყო და უფრო მეტი აქცენტი ღონისძიებების მრავალფეროვნებაზე გაკეთდა.
ბალდის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 9 მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა.
იხილეთ ვიდეო
და თქვენი სკოლა როგორ მოემზადა ბოლო ზარისთვია? გვთხოვთ, გაგვიზიაროთ საზეიმოდ გაფორმებული სკოლის ფოტო.