პრეზიდენტის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის. კონკურსის სახელწოდებაა „მე და კონსტიტუცია.“ პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 5 კაციან გუნდს.
თითო სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. გუნდში უნდა იყოს 5 უფროსკლასელი და მას უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი.
პირველ ადგილზე გასული 5 მოსწავლე ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად გაემგზავრება პარიზსა და სტრასბურგში. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელი საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს, მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები და მათი მასწავლებელი საჩუქრად მიიღებენ პლანშეტურ კომპიუტერებს.
კონკურსის წესები:
- პირველი ტური:
კონკურსის პირველ ეტაპზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს თემაზე: მე და კონსტიტუცია. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აჭარბებდეს 2 წუთს. ფორმატი შეუზღუდავია.
ვიდეო შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- შინაარსობრივი გამართულობა
- კრეატიულობა
ვიდეოების გამოგზავნა შესაძლებელია 1 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან ფეისბუქის გვერდის მესინჯერში.
თქვენ მიერ გამოგზავნილ წერილში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი, სოფელი/ქალაქი, სკოლა და გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ნომერი.
ვიდეო, რომელიც თავისი შინაარსით ლახავს სხვა ადამიანთა პატივსა და ღირსებას, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
საუკეთესო ნამუშევრებს თითოეული რეგიონიდან და დედაქალაქიდან შეარჩევს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები არიან: „დემოკრატიის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და კონსტიტუციის სპეციალისტი. საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება საქართველოს ყველა რეგიონსა და დედაქალაქში.
- მეორე ტური:
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ ბრეინ-რინგის სტილის კონკურსში. გუნდები მათივე რეგიონში გამოვლენილ სხვა გამარჯვებულ გუნდებს შეეჯიბრებიან. მოსწავლეებს დაუსვამენ სპეციალურად მათთვის შედგენილ შეკითხვებს კონსტიტუციის შესახებ. პასუხების საშუალებით შემოწმდება როგორც ცოდნა კონსტიტუციის შინაარსის თვალსაზრისით, ასევე ანალიზისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი. მოპოვებული ქულების რაოდენობის მიხედვით თითოეული რეგიონიდან (ასევე დედაქალაქიდან) გამოვლინდება თითო გამარჯვებული გუნდი.
ყველა რეგიონსა და დედაქალაქში კონკურსის დაწყების წინ მოსწავლეებს სპეციალისტები ჩაუტარებენ მოკლე ლექციებს კონსტიტუციისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ.
- მესამე ტური:
მესამე ტურში, ანუ ფინალში გასული გუნდები სამ დაკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.
- გუნდებს დაევალებათ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრება-პრეზენტაცია თემაზე: კონსტიტუციის საუკეთესო და პირველ რიგში შესაცვლელი მხარეები. პრეზენტაციის შემდეგ გუნდი ჟიურის შეკითხვებსაც უპასუხებს. პრეზენტაცია შეფასდება სამი კრიტერიუმით: შინაარსი, კრეატიულობა, მსჯელობის უნარი. თითოეულ კრიტერიუმში დაიწერება 1-დან 10 ქულამდე.
- კაპიტნების კონკურსი: გუნდების კაპიტნები უპასუხებენ სპეციალურად მათთვის მომზადებულ 10 შეკითხვას: თითო სწორი პასუხისთვის გუნდი მიიღებს 1 ქულას.
- გუნდებს ეძლევათ საკვანძო ტერმინები კონსტიტუციიდან. მიცემული დროის მონაკვეთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ და გადმოსცენ ტერმინის არსი მოკლე ნომრის, სკეჩის ან პრეზენტაციის საშუალებით და წინასწარ მომზადებული რეკვიზიტების დახმარებით. ფორმატი შეზღუდული არ არის. კონკურსის ეს ეტაპი შეფასდება 1-დან 10 ქულამდე.
იმარჯვებს და პირველ სამ ადგილს ინაწილებს ის სამი გუნდი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. ქულებს დააჯამებს და გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ჟიური.
კონკურსის მონაწილეებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით მიეწოდებათ განახლებადი დეტალური ინფორმაცია კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის გამართვის ადგილის, ვადებისა და სხვა დამატებითი პირობების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:
577191417
591705503
577171733
ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Demlab/
მეილზე: [email protected]
- 5000-მდე წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერი წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ვინ მიიღებს სამაგისტრო გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ვადები გამოქვეყნდა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო