GE

17 შემოწმებული არასრულწლოვანიდან 10-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა – შსს-ს სტატისტიკა სხვა ასაკობრივ ჯგუფებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის ნარკოლოგიური შემოწმების სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 5 492 პირიდან ნარკოტიკული თრობა 4 023 ადამიანს დაუდასტურდა.

მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც, როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის და როგორც შს სამინისტროს მონაცემებიდან ირკვევა, 17 არასრულწლოვანი მამრობითი სქესის წარმომადგენლიდან ნარკოტიკული თრობა 10-ის შემთხვევაში დადასტურდა. 18 წლამდე მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სტატისტიკა კი ნარკოტიკულ თრობაში 0-ის ტოლია.

ამასთან, უწყების მიერ გაცემულ ინფორმაციაში ვეცნობით, რომ 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ნარკოტიკულ თრობაზე 653 მამრობითი და 26 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი შემოწმდა. ამ შემთხვევაში შედეგების თანახმად, მამაკაცებში ნარკოტიკული თრობა 497-ს დაუდასტურდა, ხოლო ქალებში – 14-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოლოგიური შემოწმება ჩატარდა 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც. გადამოწმდა 3 178 მამაკაცი და 100 ქალი. მათგან ნარკოტიკულ თრობაზე დადებითი შედეგი 2 393 კაცს და 34 ქალს დაუდასტურდა.

EDU.ARIS.GE საექსპერტო–კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს დღეს, 25 იანვარს დაუკავშირდა და შეეცადა დაეზუსტებინა, დროის რა მონაკვეთშია ჩატარებული სტატისტიკაში აღნიშნული შემოწმებები და ასევე, როგორ თარიღდება გამოქვეყნებული სტატისტიკა, თუმცა პასუხი ვერც დეპარტამენში გაგვცეს და ვერც იმ უწყებებში, სადაც თავად გადაგვამისამართეს.

ავტორები: ხატია გლოველი და edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური