2-მილიონამდე ღირებულების დაუსაბუთებელი პროექტები და 20-ათასიანი სამივლინებო ხარჯი – აუდიტმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2017-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა
„ტექნიკური ექსპერტიზის არასრულყოფილად განხორციელების შედეგად, ფონდის მიერ დაფინანსებულია 1,959,600 ლარის ღირებულების ისეთი პროექტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ გამარჯვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს“ – ეს გახლავთ ამონარიდი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან, რომელიც უწყებამ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულების 2017-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:
ფუნდამენტური კვლევების კონკურსი
კონკურსანტებისათვის დაზუსტების მექანიზმის შეზღუდვა – 2017-2018 წლებში, ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფისა და ფონდის ხელმძღვანელობის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად, დაზუსტების უფლების გარეშე საგრანტო კონკურსიდან მოიხსნა 1,116.855 ლარის ღირებულების შვიდი სამეცნიერო პროექტი, მაშინ როცა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, ფონდმა საშუალება მისცა კონკურსანტებს დაეზუსტებინათ ხარვეზის მქონე დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აღნიშნულის შედეგად, მონაწილეები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში.
შემზღუდველი საკონკურსო პირობები და არათანაბარი მიდგომა – ფონდის მიერ შემუშავებული რეგულაციები არ არის შესაბამისობაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან. აღნიშნულის შედეგად, მხოლოდ 2018 წელს, ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პირველივე ეტაპიდან მოიხსნა 45 საგრანტო პროექტი. შეფასება განსხვავებული საპროექტო დოკუმენტაციით – საგრანტო წინადადებების შესაფასებლად ექსპერტებს წარედგინებათ აპლიკანტის ინგლისურენოვანი ვერსია, ხოლო ხელშეკრულება ფორმდება ქართულ ვერსიაში ჩამოყალიბებული პირობების საფუძველზე. ფონდი არ ახორციელებდა საპროექტო დოკუმენტაციის ინგლისური და ქართული ვერსიების შედარებას. შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში პროექტის ინგლისურენოვან ვერსიაში ექსპერტი აფასებდა კვლევის მიზნებს, ამოცანებს, მეთოდოლოგიასა და ინოვაციურობას, რომელზეც შემდგომ, ხელშეკრულების თანახმად, კონკურსანტი არ იღებდა ვალდებულებას. 2017 − 2019 წლებში გამოვლინდა 12 შემთხვევა, სადაც მნიშვნელოვანი სხვაობები ფიქსირდება პროექტის ქართულ და ინგლისურენოვან ვერსიებს შორის, რაც მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაძლოა კონკურსიდან მოხსნის საფუძველი გამხდარიყო.
სამეცნიერო შეფასება დაუსაბუთებელი ჩარევით – 2017 წლის ფუნდამენტური საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ფონდის არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ მონაწილე კონკურსანტები. კერძოდ, პროექტების შეფასების შედეგების ხელახლა გადახედვას 192 პროექტის ნაცვლად, დაექვემდებარა მხოლოდ 82 პროექტი, რამაც გავლენა იქონია კონკურსის საბოლოო შედეგებზე.
გამოყენებითი კვლევების კონკურსი
ადმინისტრირების ნაკლოვანებები – ტექნიკური ექსპერტიზის არასრულყოფილად განხორციელების შედეგად, ფონდის მიერ დაფინანსებულია 1,959,600 ლარის ღირებულების ისეთი პროექტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ გამარჯვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
არაპატენტუნარიანი სამეცნიერო პროექტები – გამოყენებითი საგრანტო კვლევების კონკურსის ადმინისტრირებისას არ არის გათვალისწინებული პატენტის ერთადერთი მარეგისტრირებელი ორგანოს, საქპატენტის დასკვნები, კონცეფციის პატენტუნარიანობასთან დაკავშირებით. შედეგად, დადგენილი ნორმების მოთხოვნათა უგულებელყოფით დაფინანსდა 2,068,330 ლარის ღირებულების საგრანტო პროექტი.
საგრანტო პროექტების შესრულება
საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების ნაკლოვანება – ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებს ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს. 2017 წლის კონკურსის ფარგლებში, ფონდმა აიღო ვალდებულება − დაეფარა დაფინანსების 50%, რაც ეწინააღმდეგება მინისტრის ბრძანებით დადგენილ ნორმას, რომლის მიხედვით, დაფინანსება უნდა შეადგენდეს 30%-ს. შესაბამისად, ფონდის ხელმძღვანელობამ დაუსაბუთებელად აიღო ვალდებულება, ზედმეტად აენაზღაურებინა გრანტის მიმღები სუბიექტებისთვის 35,334 ლარი.
დაუსაბუთებელი სამივლინებო ანაზღაურება – ფონდმა, სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ დააფინანსა სასტუმროსა და დღიური ნორმის ხარჯები, საერთო ღირებულებით − 20,055 ლარი. მივლინებული პირები იმყოფებოდნენ 30 კმ-მდე მანძილზე, საიდანაც შესაძლებელი იყო სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება. ამასთანავე, მივლინებული პირები იმავე ადგილას გრანტის მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი საცხოვრებლით.
დაუსრულებელი კვლევები – ფონდში აღრიცხულია საგრანტო პროექტები 8,313,517 ლარის ღირებულებით, რომლებიც უნდა დასრულებულიყო 2010 − 2019 წლებში. ფონდს არ აქვს შემუშავებული კრიტერიუმები შესრულების ვალდებულების გადავადების შესახებ. შედეგად, ფონდმა დააკმაყოფილა ყველა მიმართვა ვალდებულების გადავადებასთან მიმართებით და არ შეწყვიტა ხელშეკრულება არცერთ გრანტის მიმღებთან.
ხელშეკრულების დაუსაბუთებელი ცვლილებები – ფონდის გადაწყვეტილებები ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საპასუხო წერილებში არ არის ასახული ის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც უარი ეთქვათ განმცხადებლებს ცვლილებებზე. რიგ შემთხვევებში ცვლილების საფუძველია სამეცნიერო ჯგუფებთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრები ან/და სატელეფონო საუბრები. შედეგად, ხელშემკვრელ მხარეებთან საკითხების დაზუსტება არათანაბარ პირობებში ხორციელდება. სამეცნიერო ღირებულების შეფასების უგულებელყოფა – 2017-2019 წლებში საგრანტო დაფინანსებისათვის გაწეულია 50,849,179 ლარის საკასო ხარჯი. მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფონდს არ აქვს დანერგილი მექანიზმი და შესაბამისად, არ ახორციელებს პროექტების სამეცნიერო ღირებულებისა და ეფექტიანობის შეფასებას.
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია ახალი ცოდნის შესაქმნელად და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტისა სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. მოცემული მიზნის მისაღწევად გამოყოფილია სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3%-ს შეადგენს. კვლევების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წელს დაარსდა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც კონკურსის საფუძველზე გრანტებს მეცნიერების ყველა დარგში გასცემს.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE