„2023 წელს არასრულწლოვან მშობლად 409 პირი დაარეგისტრირეს“ – სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშის თანახმად, რომელიც პარლამენტს 2024 წლის აპრილში გადაეგზავნა, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ გასულ წლებთან შედარებით, შემცირდა ქორწინების ან ნიშნობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის აღრიცხული მაჩვენებელი და 2023 წელს ქორწინების მოტივით 38-მა არასრულწლოვანმა მიატოვა სკოლა. ამის მიუხედავად, სახალხო დამცველი წერს: “ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას. შესაბამისად, შემცირების მიუხედავად, მონაცემები მაინც საგანგაშოა”.
სახალხო დამცველის მონაცემებით, 2023 წელს ასევე შედარებით შემცირებულია არასრულწლოვანთა ორსულობის და მშობიარობის რიცხვი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მაჩვენებელი კვლავ მაღალია:
“სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, არასრულწლოვან მშობლად კი – 409 პირი დაარეგისტრირეს”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.
სახალხო დამცველი წერს, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგოების ნიშნობა, რომელიც უმეტესად მშობელთა შორის გარიგების გზით ხდება. ობუდსმენი ითხოვს, რომ ასეთი გარიგების კრიმინალიზაცია მოხდეს:
“შესწავლილი საქმეების მიხედვით, ნიშნობა არსებითად ლახავს ბავშვის მთელ რიგ უფლებებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის ნიშნობის ან ქორწინების მიზნით შემდგარი გარიგების კრიმინალიზაცია.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 152 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება, პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 73 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 84 პირის მიმართ დაიწყო”.
როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, შესწავლილი ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა.
“პასუხისმგებელ უწყებებს ამ დრომდე არ გააჩნიათ ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებზე მუშაობის სახელმძღვანელო წესები. ასევე, კვლავ არ არსებობს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის. შედეგად, არაერთ საქმეში იკვეთება არასათანადო რეაგირება და არსებული დაცვის და დახმარების მექანიზმის არაეფექტიანად გამოყენება”, – ნათქვამია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE