60 821 პედაგოგიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 151-მა მიიღო – სქემაში გადანაწილების შედეგი
მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში პედაგოგთა გადანაწილების პროცესი დასრულების ფაზაშია. სქემაში პედაგოგთა გადანაწილების მიზნით სპეციალურ პროგრამაში დოკუმენტაციის ატვირთვა 30 სექტემბერს შეწყდა. შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი კი მასწავლებლებს ორი თვის განმავლობაში გადაეცემათ. როგორია გადანაწილების შედეგები, რამდენი პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებელია საქართველოში და როდის დაიწყება მათი შეფასება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფო ლობჟანიძე ესაუბრა:
– ქალბატონო სოფო, დასრულდა თუ არა მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში პედაგოგთა გადანაწილების პროცესი?
– მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებელთა გადანაწილების პროცესი 30 სექტემბერს დასრულდა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, თავი იჩინა გარკვეულმა ტექნიკურმა ხარვეზებმა, რომელთა გამოსწორება მიმდინარეობს და სულ მალე დასრულდება.
– შედეგების თანახმად, რამდენი მასწავლებელი მოხვდა თითოეულ საფეხურზე: რამდენი პრაქტიკოსი გვყავს, რამდენი უფროსი მასწავლებელი და რამდენი წამყვანი მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით?
– 30 სექტემბრის მონაცემებით სქემაში დარეგისტრირდა 60 821 მასწავლებელი, აქედან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 45 434 მასწავლებელს, უფროს მასწავლებლად გადანაწილდა 15 236, ხოლო წამყვანად 151.
– არიან თუ არა ამ რაოდენობაში ის მასწავლებლები, რომელთაც საგნის გამოცდა წელს ჩააბარეს და რამდენია ასეთი?
– ბუნებრივია, რომ ამ რაოდენობაში შედიან ის მასწავლებლები, რომელთაც 2015 წლის ზაფხულში საგნის გამოცდა ჩააბარეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მასწავლებელს უკვე ჩაბარებული ჰქონდა პროფესიული უნარების გამოცდა და ამ წლის ზაფხულში წარმატებით დაძლია საგნობრივი გამოცდა, მას სქემაში გადანაწილების დროს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მათი რიცხვი შეადგენს 699-ს. არიან მასწავლებლები, რომლებიც სერტიფიცირებულნი იყვნენ ერთი საგნით და მათ დამატებით ჩააბარეს სხვა საგნის გამოცდა, რომელსაც ასევე ასწავლიან. მათი რაოდენობა შეადგენს 550-ს. იმ მასწავლებლებს კი, რომელთაც არ ჰქონდათ ჩაბარებული პროფესიული უნარების გამოცდა და წელს წარმატებით დაძლიეს საგნობრივი გამოცდა (სულ 752 მასწავლებელი), მართალია სქემაში გადანაწილებისას მიენიჭათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, მაგრამ მათ საგნის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება უკვე შესრულებული აქვთ და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად დარჩებათ პროფესიულ უნარებსა და სწავლების მეთოდიკაში 5-კრედიტიანი ტრენინგის გავლა და შიდა საგაკვეთილო შეფასება.
– ბოლო მონაცემებით სულ რამდენი პედაგოგი გვყავს ქვეყნის მასშტაბით?
– ბოლო მონაცემებით სისტემაში გვყავს 68890 პედაგოგი, აქედან 60581 დასაქმებულია საჯარო სკოლაში, ხოლო 8309 კერძოში.
– როგორია თქვენი შეფასება, რამდენად კმაყოფილი ხართ დამდგარი შედეგებით, უკეთეს შედეგს ელოდით, თუ არა?
– სქემაში გადანაწილების პროცესი შეიძლება შეფასდეს დადებითად, რადგან თითქმის ყველა სკოლამ დროულად უზრუნველყო მასწავლებელთა მონაცემების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში, რის საფუძველზეც მათ მიენიჭათ შესაბამისი სტატუსები. დაახლოებით ათასმა მასწავლებელმა, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლო დროულად ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისად, 30 სექტემბრისთვის ვერ მიენიჭა სტატუსი, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და განათლების მართვის ელექტრონულმა სისტემამ.
– გეგმავს თუ არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამატებით ტრენინგებს იმ პედაგოგებისთვის, ვინც ამ მომენტისთვის სტატუსის გარეშეა და მომდევნო წლისთვის საგნის გამოცდებში მონაწილეობას ფიქრობს?
– ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული არც ერთი პედაგოგი არ დარჩენილა სტატუსის მინიჭების გარეშე. პრაქტიკოსი მასწავლებლების დიდმა ნაწილმა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა საგნის გამოცდის ჩაბარება. ცენტრს განზრახული აქვს მათთვის ამ მიმართულებით განახორციელოს მხარდამჭერი ღონისძიებები ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების, მასტერ კლასებისა თუ სხვა აქტივობების შეთავაზებით. თუმცა, ეს ღონისძიებები არ გახლავთ სქემის ნაწილი და სახელმწიფო თავის თავზე ვერ აიღებს მათ სრულ დაფინანსებას. რაც შეეხება პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სქემით გათვალისწინებულ აქტივობებს – პროფესიულ უნარებსა და სწავლების მეთოდიკაში ტრენინგისა და საგნის გამოცდის საფასურს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო.
– კიდევ ერთხელ, მოკლედ განგვიმარტეთ, რას გულისხმობს პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსები და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული?
– მოქმედი მასწავლებლები ამ ეტაპზე გადანაწილდნენ შემდეგ სამ საფეხურზე: პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ყველა არასერტიფიცირებულ მასწავლებელს. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს და მეცნიერებათა დოქტორებს, რომლებიც ასწავლიან სამეცნიერო ხარისხის შესაბამის საგანს სკოლაში; ხოლო წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე გადანაწილდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც არიან სერტფიცირებულნი, ამავე დროს აქვთ დოქტორის ხარისხი იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სქემაში ჩართვის მომენტიდან მასწავლებლები იწყებენ სქემით განსაზღვრული სავალდებულო და დამატებითი აქტივობების შესრულებას, რომელთა წარმატებით განხორციელება მათ საშუალებას აძლევს განვითარდნენ პროფესიულად და გაიუმჯობესონ სტატუსი.
– როდიდან ამოქმედდება მენტორი მასწავლებლის სტატუსი და თქვენი შეფასებით, გვყავს თუ არა დღეს ამ საფეხურისთვის შესაბამისი უნარების მქონე პედაგოგები?
– მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მოიპოვოს ნებისმიერმა მასწავლებელმა, თუ მისი საქმიანობა იქნება თანმიმდევრული და წარმატებული. წამყვან მასწავლებლებს აქვთ მაქსიმუმ ხუთი წელი მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად, ხოლო სტატუსის მოსაპოვებელი მინიმალური დრო სქემით განსაზღვრულიარ არის. ამდენად, ის 151 წამყვანი მასწავლებელი, რომელიც სისტემაში გვყავს, თუ განახორციელებს მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად სქემით განსაზღვრულ სავალდებულო და დამატებით აქტივობებს და მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მათ დადებითად შეაფასებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არ დააყოვნებს სტატუსის მინიჭების პროცესს.
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ბევრი კვალიფიციური მასწავლებელია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში ჩრდილში არიან და მათი უნარის შესახებ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სქემის ფარგლებში ამოქმედებული მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების სისტემა წარმოაჩენს ასეთ მასწავლებლებს.
– დაკომპლექტდა თუ არა სკოლებში შეფასების ჯგუფები, უკვე ყველა სკოლას ჰყავს ფასილიტატორი?
– სკოლების შეფასების ჯგუფების დაკომპლექტება და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფასილიტატორების არჩევა ამ ეტაპზე მიმდინარებს. 15 ოქტომბრამდე ეს პროცესი ყველა სკოლაში უნდა იყოს დასრულებული.
– თვითშეფასების კითხვარები თუ გადაეცათ უკვე პედაგოგებს და არის თუ არა ცნობილი შედეგები?
– თვითშეფასების კითხვარები ატვირთულია ელექტრონულ სისტემაში და მასზე წვდომა აქვს ყველა მასწავლებელს. თუმცა, შედეგებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. როგორც ვიცით, ფასილიტატორის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის, დაეხმაროს მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის შევსებაში და თვითშეფასების საფუძველზე ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენაში. ოქტომბრის ბოლოდან ცენტრი იწყებს ტრენინგებს ფასილიტატორებთან, როგორ გაუწიოს მასწავლებლებს კონსულტირება ამ მიმართულებით. ტრენინგზე მიღებულ ცოდნითა და გამოცდილებით ფასილიტატორები დაიწყებენ პედაგოგებთან მუშაობას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეორე სემესტრის დაწყებამდე ყველა მასწავლებელს ექნება შემუშავებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით.
– როდის და როგორ გადაეცემათ სქემაში გადანაწილებულ პედაგოგებს სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელი თვიდან აისახება აღნიშნული მათ ანაზღაურებაზე?
– სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი მასწავლებლებს გადაეცემათ სტატუსის მინიჭებიდან ორი თვის განმავლობაში. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, პირველი მომატებული ხელფასი უკვე გაცემულია.
– ამ ეტაპისთვის გამოიკვეთა თუ არა სქემაში რაიმე სახის ცვლილებების შეტანის საჭიროება და თუ კი, რა კუთხით?
როდესაც სისტემურ ცვლილებას იწყებ, იქ ყოველთვის არის საჭირო გარკვეული კორექტირების შეტანა. სწორედ ამიტომ გამოცხადდა სქემის პირველი წელი პილოტირების წლად. ერთი წლის თავზე დაჯამდება შედეგები და საჭიროების შემთხვევაში სქემაში შევა ცვლილებები.
P.S გადანაწილების შედეგების თანახმად, დღეს საქართველოში მოღვაწე პედაგოგთა დიდი უმრავლესობა პრაქტიკოსი მასწავლებელია, ამ საფეხურისთვის კი სახელფასო დანამატი განსაზღვრული არ არის, რაც შეეხება სხვა საფეხურებს: სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 160 ლარით; წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 250 ლარით; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის კი 300 ლარით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელს სტატუსის მიხედვით დანამატის სრული ოდენობა იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ სკოლაში შესაბამისი საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია, დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა უცხო ენის მასწავლებლისა.
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება