GE

CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5-8 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მაღრაძე, სამეცნიერო ვიზიტით, უნგრეთში, ტოკაის ღვინის რეგიონს ეწვია. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა, ქართული და უნგრული მეღვინეობების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ისტორიული მეღვინეობის ტექნოლოგიების შესწავლას.

ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტოკაის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მოიცავს მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო დარგის განვითარების მიმართულებით, ერთობლივ კვლევებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვა აკადემიურ საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, დავით მაღრაძე ესტუმრა ტარცალის მევენახეობისა და ენოლოგიის კვლევით ინსტიტუტს, გაეცნო Patrícius Winery-სა და Tokaj Excellence-ის საქმიანობას, ასევე Grand Tokaj Winery-ს მასშტაბურ ღვინის წარმოებას. პროგრამის ფარგლებში, მან წაიკითხა ლექცია უძველესი ქართული ვაზის ჯიშებისა და მეღვინეობის ტრადიციების შესახებ.

პროფესიულ შეხვედრებთან ერთად, დავით მაღრაძე მონაწილეობდა კულტურულ პროგრამებშიც. მან მოინახულა მადის სინაგოგა, რომელიც ტოკაის ღვინის რეგიონში ებრაული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია. ასევე, ეწვია ტოკაის მსოფლიო მემკვიდრეობის ღვინის მუზეუმს და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის შაროშპატაკის რაკოცის ციხესიმაგრეს.

ვიზიტის დასასრულს, პროფესორი დავით მაღრაძე ესტუმრა მიშკოლცსაც, სადაც შეხვედრა გამართა მიშკოლცის საოლქო ასამბლეის პრეზიდენტთან.

აღსანიშნავია, რომ სამდღიანმა პროგრამამ უნიკალური შესაძლებლობა მისცა უნგრელ და ქართველ ღვინის ექსპერტებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და გაეღრმავებინათ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური