GE

აბიტურიენტის გზა საგამოცდო ცენტრში შესვლიდან გამოცდის დასრულებამდე – რა უნდა იცოდნენ გამოსაცდელებმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე – როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრად ქცეულ კონკრეტულ სკოლაში? რა ხდება საგამოცდო სექტორში შესვლის შემდეგ? როგორია გამოცდის პროცესი? რა ეკრძალება და რისი უფლება აქვს გამოსაცდელს? EDU.ARIS.GE ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.

საგამოცდო პროცესის მოკლე აღწერა ასეთია:

– აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს;

– რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს;

– რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში;
– აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა;

– აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

– ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომრები იდენტურია);

– განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);

– სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი;

– ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი;

– საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს;

– საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

უფრო დეტალურად კი, საგამოცდო სექტორში შესვლიდან გამოცდის პროცესის დასრულებამდე, აბიტურიენტებისთვის შემდეგი წესები მოქმედებს:

– აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

– რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (აბიტურიენტის ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო);

– აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება – ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

– აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმისა (0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით);

– საგამოცდო სექტორში მოძებნეთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი;

– მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, შეგიძლიათ დადოთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). წყალი პლასტმასის ბოთლით უნდა დადგათ იატაკზე;

– პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ;

– იმ შემთხვევაში თუ პასუხების ფურცელზე აღმოაჩენთ ხარვეზს ან დაზიანებას, მას ახლით შეგიცვლიან;

– პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის ველში;

– ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ დამკვირვებელს;

– გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.

გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

– ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);

– წესრიგის უხეში დარღვევის, ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის, ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

– ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემდეგ დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

გაითვალისწინეთ, თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართეთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროთ პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცელი. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში, ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს.

აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მითითება, მათ შორის, გადაწყვეტილება გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წინასწარ მოითხოვეს სპეციალური პირობების შექმნა და წარმოადგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც ცენტრში შექმნილმა კომისიამ (რეგისტრირებულ ფუნქციონალური დარღვევის მქონე აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი ცნობების განხილვის თაობაზე შექმნილი კომისია) დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).

ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

– პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
– აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
– პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები:

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა, არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.

შეგახსენებთ, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გაიხსნება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური