„ციფრული სრულწლოვანება“ – საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობას უკრძალავს
საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას უკრძალავს. საფრანგეთში სოციალური ქსელების ყველა მომხმარებელი ვალდებული იქნება დაადასტუროს თავისი ასაკი სპეციალური ციფრული მეთოდით.
როგორც BBC დღეს, 22 ივლისს წერს, 2027 წლის იანვრიდან საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვები სოციალური ქსელებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. 21 ივლისს დამტკიცებული კანონით, რეფორმის მთავარი დეტალები ორეტაპიანია. კერძოდ, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 15 წლამდე მოზარდებს ახალი პირადი გვერდების (ექაუნთების) გახსნა აეკრძალებათ, ხოლო 2027 წლის იანვრიდან ეს წესი უკვე არსებულ პროფილებზეც გავრცელდება.
კანონი ასევე ითვალისწინებს მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას ლიცეუმებში (საშუალო სკოლებში ეს წესი აქამდეც მოქმედებდა).
საფრანგეთი ევროპაში პირველი სახელმწიფოა, სადაც „ციფრული სრულწლოვანება“ წესდება, თუმცა მსგავსი ზომების მიღების აუცილებლობაზე დისკუსიები უკვე ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.
ახლა საფრანგეთის თითოეული მცხოვრები ვალდებული იქნება დაადასტუროს თავისი ასაკი, რათა სოციალური ქსელებით სარგებლობა გააგრძელოს. მათ შორის ამ მიზეზითაც, ცვლილებას სკეპტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით (პირადი მონაცემების დაცვა). ამასთან, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ კანონის სიცოცხლისუნარიანობასა და მოზარდების შემოწმებების ეფექტურობას, რადგან თვლიან, რომ ახალგაზრდები შეეცდებიან გვერდი აუარონ აკრძალვას.
როგორც სააგენტო France Presse წერს, კანონის კრიტიკოსებში კითხვებს იწვევს ასევე აკრძალვის შემუშავებისა და შემოღების სისწრაფეც. სექტემბრიდან ასაკის დადასტურება ახალი ექაუნთის შესაქმნელად იქნება საჭირო, ხოლო იანვარში ეს წესი ყველა არსებულ პროფილზე გავრცელდება. რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის თითოეულმა მცხოვრებმა უნდა დაადასტუროს თავისი ასაკი (15 წელზე უფროსი), რათა სოციალური ქსელებით ისარგებლოს. ასაკის შემოწმება თავად პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფრანგული მარეგულირებელის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
ცნობისთვის, საფრანგეთი მეორე ქვეყანაა, რომელმაც ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობა საკანონმდებლო დონეზე აკრძალა, პირველი ავსტრალია იყო, სადაც დეკემბრიდან სოციალურ ქსელებზე წვდომა 16 წლამდე ასაკის პირებისთვის აიკრძალა.
მიუხედავად ამისა, ბავშვები მაინც აგრძელებენ მათ გამოყენებას: მარტში ავსტრალიის ინტერნეტ უსაფრთხოების კომისიამ განაცხადა, რომ 16 წლამდე ასაკის ყოველი ათი ბავშვიდან შვიდს, რომლებსაც აკრძალვამდე ჰქონდათ აქაუნთი სოციალურ ქსელებში, კვლავ ჰქონდა „გარკვეული წვდომა“ მასთან.
ცნობისთვის, ივნისში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა, სავარაუდოდ, ძალაში უკვე 2027 წლის დასაწყისში შევა. 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებში შუაღამის შემდეგ „კომენდანტის საათი“ დაწესდება, თუმცა მათ ექნებათ უფლება გააუქმონ ის ანგარიშის პარამეტრებიდან. ამჟამად ბრიტანეთის ხელისუფლება კანონის გამოყენების დეტალებზე მუშაობს.
ამასთან, მაისში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპაში ბავშვებისთვის „სოციალურ ქსელებზე წვდომის გადავადება“ (social media delay) შეიძლება რამდენიმე თვეში შემოიღონ.
ასევე იხილეთ: