GE

„არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!“ – მარგალიტები 2023 წლის გამოცდებიდან

თითქმის ერთთვიანი ციებ-ცხელება სახელწოდებით „გამოცდები 2023“ დასრულდა. მარათონი, რომელსაც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები, ყოველწლიურად აბიტურიენტებთან, მაგისტრობის მსურველებთან, პედაგოგებთან, გულშემატკივრებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად გადიან, რომელთაც გამოცდებთან უწევთ შეხება, წელსაც ისეთივე მრავალფეროვანი, საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა, როგორიც წინა წლებში.

ჩვენ თითოეული საგამოცდო დღე გავაშუქეთ. შესაბამისად, არაერთი საათი გავატარეთ სხვადასხვა ცენტრთან, სადაც გამოსაცდელებზე ადრე მივდიოდით და გვიან მოვდიოდით. გულშემატკივართან ერთად, გაუსაძლის სიცხეშიც ველოდით მოვლენების განვითარებას და ხშირად, მათზე არანაკლებადაც ვღელავდით, თუ ვზეიმობდით. შიგადაშიგ კი ფრთიან ფრაზებს, ენაკვიმატურ ხუმრობებსა და სახალისო დიალოგებს ვინიშნავდით, რომელთაც შედეგების მოლოდინში გულის გადასაყოლებლად, ტრადიციულად, ერთად თავმოყრილს გთავაზობთ:

მაშ ასე, მარგალიტები 2023 წლის გამოცდებიდან:

თბილისი:

– რო გამოვალ აქ დამხვდები?
– აბა, სად მამაჩემის მამასთან წავალ?

– არ ინერვიულო, რა, დედი.
– შენ არ ინერვიულო, თორე მე მკიდია.

– ბიძაშენმა დარეკა, მოგიკითხა.
– რაღა მიშავს.

– საყურეებიც მოვიხსნა?

– ნეტა უკვე ხვალ იყოს.

– მესამე სნიკერსს ჭამ, შვილო, შაქარი აგიწევს.

– სად გინდა, რომ მოხვდე?
– რა მნიშვნელობა აქვს?

რეგისტრაციის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შედის აბიტურიენტი ცენტრში:
– ეს რა არხეინად მოსეირნობს, ამის გული და ნერვები მომცა.

– ეს ფრჩხილები თქვენია?

– ჩაგეცვა, შვილო, კაბა. დაემსგავსებოდი მოწაფეს.
– ნაწნავზე თეთრი ბაფთაც ხომ არ გამეკეთებინა?!

– ვეუბნებოდი ჩემს გოგოს, ისწავლე, დედიკო, შილაკი, ისე მომწონს გოგოები სალონებში რომ აკეთებენ, მაგრამ ამან იურიდიული აიჩემა!

– ნეტა ჰარი პოტერი შედიოდეს (საგამოცდო პროგრამაში), მაგას ას ქულაზე დავწერდი!

– ცოდონი არიან, ბავშვები, ამდენი მეცადინეობით თავები დაებერათ.

– არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!

დაცვის თანამშრომლები აპლიკანტებს:

– თაფლიანი წყალი დალიეთ დილით?
– აბა, რომელი თემა გინდათ, რომ შეგხვდეთ, რომელზე ვაძლიერებთ ლოცვებს?
– მოდი, ნუ გერიდება, მოდი!

ბათუმი:

– ლიტრიანი წყალი შეიძლება?
– ბალონებით შედიოდნენ, როგორ არა;

– რა გაშინებს, სასაკლაოზე ხომ არ შედიხარ?!

– წამოით, ბიჭო, მაქ დგომით რას შობით?! შევიდეთ და შეეჩვევით გარემოს.

აპლიკანტი მასწავლებლის დიალოგი კოლეგა გამოსაცდელთან:

– რამდენ საათიანია გამოცდა?
– 4-საათიანი
– რა ამბავია, დამაგვიანდება სოფლის მარშუტკაზე!
– ჩემთან დარჩი, თუ ძმა ხარ, დრო არ შეამცირებინო!

ქუთაისი:

– ბოვშს დოვუბარე 6 საათამდე არ დაგინახო გარეთ-თქვა, რაცხას დაწერს, დაწერს. აგრილებულში მაინც გამოვა;

– მშობლებიც გამოცდაზე ვართ, ვინ უფრო დიდხანს მეითმენს ტვალეტს;

– მაყურებიეთ ჭიშკარზე, ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია;

– ეზოში დაცვის გოგო რომ გამოდის, ხანდახან ჩემი მგონია და მაჟრიალებს.

აბიტურიენტი ბიჭების თავსატეხი – ჯარი თუ ცოლის მოყვანა?!

– საკონტრაქტოზე ვფიქრობ, მაგრამ უფასოდ მუშაობა არ მინდა;

– ვინ დამტოვებს? არც ბრტყელი ტერფი მაქვს, არც დედისერთა ვარ, 4 და მყავს;

– შეყვარებულიც რა ცუდ დროს დამშორდა?!

– ცოლის მოყვანას ყველაფერი ჯობს, ბიჭო!

– კონტროლიორად არ მამუშავო მარტო და ჯარშიც ვარ წამსვლელი!

– ჩავაწყობ და მაინც არ წავალ!

– გირჩი მოიფიქრებს რამეს;

პედაგოგთა გამოცდებზე:

– გაზიანი სასმლის შეტანა შეიძლება?
– სასმლის კი და გაზის – არა. ცცცც – აი, ეს ხმა არ შეიძლება!

– ახლა ისე მშია, ორ მასწავლებელს შევჭამდი!;

– პედაგოგი, რომელმაც შეამჩნია, რომ ფოტოებს ვიღებდით – „მე წამშალეთ რა, გოგონა, არ იციან სახლში.“

– ბარგის ჩაბარებისას: რა ამბავია! დატოვა, ნეტა, სახლში რამე?

მარგალიტები ინტერნეტიდან:

– მოკლედ, რედაქტირებაში ხომ იყო ისნის ხიდი ერთგან. ჰოდა, ვერ ვიხსენებდი ისანის იყო თუ ისნის და გამახსენდა, რომ ისნის მეტრო ითქმის, ანუ იკვეცება. ჰოდა, ისანის ხიდი ისნის მეტროთი ჩავასწორე.

– ჩემი შვილი გლდანელია, ვარკეთილში აბარებს გამოცდებს, ვარკეთილელები – გლდანში…რა საჭირო იყო ეს ექსკურსიები?!

– ანუ, მშობლიურ ენაში რა პონტში უნდა გამომცადონ?

– გამოვედი გამოცდიდან და ავედი ტრანსპორტში. აპლიკანტი ურეკავს მასწავლებელს და ეუბნება: მას, მითხარით, რომ განდეგილი ვაჟა-ფშაველამ დაწერა. ისმის მასწავლებლის განწირული კივილი – თავს მოვიკლავ ახლაო.

– მე ის ადამიანი ვარ, დამატებით საგნად გეოგრაფიას რომ აბარებს და ტექსტის რედაქტირებაში ჰიდროელექტროსადგური შეცდომით დაწერა.

– ვიღაც წერდა, ვაჟა თუ შემხვდა, ჩემს შვილს ალუდას დავარქმევო და მართლა შეხვდა.

– ჩემმა მეგობარმა ბესიკ ხარაგაული ჩაწერა ბესიკ ხარანაულის ნაცვლად.

EDU.ARIS.GE თითოეულ აბიტურიენტს, მაგისტრანტს, პედაგოგსა და მასწავლებლობის მსურველს წარმატებებს უსურვებს!

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური