GE

„არ ვიცი, რა ჯადო ალგორითმითაა მოწყობილი ეს საიტები, ვერაფრით ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას“ – პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება

დღეს, 13 მაისს, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. დეპუტატ ალეკო ელისაშვილის თქმით, რეგისტრაციის პროცესში მოქალაქეებს პრობლემები აქვთ და სკოლაში ბავშვის მოხვედრა ნეპოტიზმით და „ჩაწყობით“ არის შესაძლებელი. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა.

„დღეს მიმდინარეობდა რეგისტრაცია სკოლებში, ამ მხრივაც არის კატასტროფა. ისედაც ოდითგან ვართ ბიძაშვილ-მამიდაშვილობის, ნეპოტიზმის და ჩაწყობის ქვეყანა და აქ ხომ საერთოდ საშინელება ხდება. თუ არ დაფაცურდა რომელიმე დეპუტატი თუ მინისტრი, ან თანამდებობის მქონე ადამიანი, ისე შეუძლებელია, რომ დაარეგისტრირონ. არ ვიცი, რა ჯადო ალგორითმითაა მოწყობილი ეს საიტები, ვერაფრით ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას, ვერაფრით. წლებია ეს პრობლემა გრძელდება და იქნებ რაღაცა გააკეთოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა დეპუტატმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, პირველკლასელთა რეგისტრაციის პორტალის გახსნამდე, განაცხადა, რომ მშობლებმა არ უნდა ინერვიულონ, რადგან ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ.

„იმ შემთხვევაში, თუ მშობელს სურს ერთ სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება და აღმოჩნდა, რომ ვერ მოასწრო და შეივსო იქ ადგილები, ამ შემთხვევაში გქონდეთ არჩევანი, სადაც დაარეგისტრირებთ. ბავშვის სკოლის გარეთ დარჩენის შანსი არ არის. აქ არის საუბარი, როდესაც მშობელს უნდა კონკრეტულ სკოლაში მოხვდეს ბავშვი. არცერთი ბავშვი სკოლის გარეშე არ დარჩება. ასევე, არის შემთხვევები, რომ კონკრეტულ სკოლაში დავამატეთ ბავშვების რაოდენობა. საკლასო ოთახში 25 ბავშვი უნდა იყოს, რეგისტრაცია იხსნება 25 ბავშვზე და იმ შემთხვევაში არის გამონაკლისი, მშობელი წერს განცხადებას და მინისტრი გამონაკლისს უშვებს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი საფუძვლიანად ასაბუთებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის ის კონკრეტული სკოლა“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სასურველ სკოლაში მოსწავლის მოხვედრის პრობლემა ძირითადად დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს აქვთ, მშობლების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მაგალითად თბილისში, მათ სასურველ რაიონში, ბავშვი ვერცერთ სკოლაში ვერ დაარეგისტრირეს და მოუწიათ სხვა რაიონში დარეგისტრირება, სადაც ბავშვის ტარებას ფიზიკურად ვერ მოახერხებენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში 47 632 პირველკლასელის ვაკანტური ადგილია დარჩენილი.

12 საათის მონაცემებით EMIS-ის პორტალზე 13 455 პირველკლასელი დარეგისტრირდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური