არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებთან წვდომის შეზღუდვისთვის პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა
პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ბაზა და ასევე, არასრულწლოვანებს მსგავს თამაშებზე წვდომა უნდა შეეზღუდოს. შესაბამისი ინიციატივა საკონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების ძირითადი მიზანი სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესებაა.
„კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვა, დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა, სადაც როგორც მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა, თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა. ასევე, მისი ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული საკითხის გარდა, კანონპროექტი მთელ რიგ თემებს მოიცავს, მათ შორის სათამაშო ბიზნეს სუბიექტებისთვის არსებული სანქციების გაორმაგებას. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.
თ.ვ.
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა
by ინფოLIFE