GE

არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი?

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) ბათუმის ყოფილი მერი გახდა. ჯემალ ანანიძეს ამ თანამდებობაზე ჯერ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის 8 წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ სრული შემადგენლობით, შემდგომ კი, ფარული კენჭისყრით, წარმომადგენლობითი საბჭოს 26-დან 16-მა წევრმა კანცლერის პოსტზე დაამტკიცა. არჩევის შემდეგ ახალმა კანცლერმა Aris.ge- განათლებას განუცხადა, რომ სამოქმედო გეგმა უკვე მზად აქვს:

11637854_695152740589763_855937776_n„ჩემი პირველი ნაბიჯი ამ თანამდებობაზე ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება. ასევე მატერიალური-ტექნიკური ბაზისათვის უკვე  გამოცხადებულია ტენდერები და მიმდინარე სამუშაოებს გავაკონტროლებ,“ – განგვიცხადა კანცლერმა.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის სურვილი წელს, რატომღაც, მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გამოთქვა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აკადემიური საბჭო, ან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს უმრაველესობა მხარს ჯემალ ანანიძეს არ დაუჭერდა რეგისტრაცია განმეორებით გამოცხადდებოდა;  

„27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა რეგისტრაცია და რეგისტრირებული იყო ერთი კანდიდატი. დღეს გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მხარი დაუჭირა ბატონი ჯემალის კანდიდატურას. ამის შემდგომ კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინა წარმომადგენლობით საბჭოს. საბჭომ განიხილა კანდიდატურა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით 23-დან 16 ხმით დაამტკიცა ჯემალ ანანიძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე,“ – ამბობს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯემალ ანანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ნდობით აღჭურვილი პირია და ეს თანამდებობა მას ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, მერის პოსტის დატოვების სანაცვლოდ შესთავაზა. თუმცა ამ ფაქტს Aris.ge-განათლებასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს ჯემალ ანანიძე და აცხადებს, რომ მერის პოსტის დატოვების შემდეგ არანაირი ურთიერთობა და კავშირი არჩილ ხაბაძესთან არ ჰქონია:

„მართალია, ვრცელდებოდა ასეთი ინფორმაციაც, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო უფრო ადრე მოხდებოდა ჩემი დანიშვნა თეორიულად და არა ჩემ მიერ მერის თანამდებობის დატოვებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ. უბრალოდ, მე პროფესიით ეკონომისტი ვარ, ფინანსისტი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კი ევალება საფინანსო სამეურნეო  ეკონომიკური რესურსების მართვა და ფაქტიურად ჩემი 22-წლიანი მუშაობის დროს მხოლოდ ამ სისტემასთან მქონდა საქმე, მითუმეტეს ლექციებსაც ვკითხულობდი ამ უნივერსიტეტში.

როცა ვიღაც ტოვებს თანამდებობას ყოველთვის ახლავს ასეთი მოარული ხმები, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ კანცლერის თანამდებობა არის არჩევითი 4 წლის ვადით და ფაქტობრივად თითქმის ოთხი წელი გავიდა, გახდა ეს ადგილი ვაკანტური და მივიღე მონაწილეობა.  ამის თქმის საფუძველი საზოგადოებაში შეიძლება ისიც გახდა, რომ ჩემს გარდა ამ თანამდებობაზე განაცხადი არავინ არ შემოიტანა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი შემზღუდველი გარემოება არ იყო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მე არანაირი წინასაარჩევნო კამპანიაც არ მიწარმოებია, რომ არავის არ ჩაეთვალა მიკერძოებულ მოქმედებაში,“ – აცხადებს ანანიძე.

არჩევნების პოლიტიზირებას ის ფაქტი ამყარებს, რომ ყოფილმა კანცლერმა ედიშერ ჩავლეიშვილმა, მისი წინამორბედის მსგავსად, თანამდებობა უფლებამოსილების დასრულებამდე 7 თვით ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჩავლეშვილმა 8 ივნისს Aris.ge- განათლებას განუცხადა, რომ  თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია:

„ეს მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე. არც აქამდე მიშლიდა ამ მოვალეობის შესრულებაში ხელს არაფერი და არც ეხლა მიშლის, უბრალოდ დავწერე განცხადება და გადავდექი, ასეც ხდება.“

Aris.ge- განათლებასთან საეჭვო გარემოებებზე საუბრობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი და ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. იგი მიიჩნევს, რომ ბსუ-ში რექტორებისა და კანცლერების მიერ საკუთარი განცხადების საფუძველზე  ვადამდე ადრე თანამდებობების სისტემატურ დატოვებას სხვა ახსნა მოეპოვება და ეს ფაქტი უნივერსიტეტის ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახება.

11541293_695151817256522_1980694894_nბატონ ჯემალს კარგად ვიცნობთ, ის არის კარგი პიროვნება, კარგი პროფესიონალი თავისი საქმის. გააჩნია დიდი გამოცდილება და უნივერსიტეტისათვის სასარგებლო იქნება მისი არჩევა ამ თანამდებობაზე. ამიტომაც დავუჭირე მე პირადად მხარი მას და ვფიქრობ, წარმატებული კანცლერი იქნება.  აქ სხვა რამეზეა საუბარი.  ცნობილია,  რომ როგორც არც ერთ წინა რექტორს, ისე არც ერთ წინა კანცლერს თავისი უფლებამოსილების ვადა არ ამოუწურია. ისინი თანამდებობიდან ვადამდე გადადგნენ, რაც უნივერსიტეტისათვის არ არის კარგი. ადამიანი ამ თანამდებობაზე ერთ ან ორ წელიწადში ვერ მოახერხებს სერიოზული საქმე გააკეთოს. უცნაურია, რომ წინა კანცლერმაც უფლებამოსილების ამოწურვამდე, მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე დატოვა პოსტი და და რექტორის მრჩეველი გახდა, ამ არჩევნებზე კი არც ერთ სხვა ადამიანს არ გაუჩნდა სურვილი მიეღო მონაწილეობა კონკურსში და კანცლერის პოსტი დაეკავებინა,“ – ამბობს Aris.ge-განათლებასთან აკადემიური საბჭოს წევრი.

აღნიშნულთან დაკავშირებით უცნაურს ვერაფერს ხედავს ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ არჩევნებმა ყველა ნორმის დაცვით ჩაიარა:

„მოვიდა ბატონი ჯემალი, ოფიციალურად დარეგისტრირდა და მოხდა მისი დამტკიცება. ერთი კანდიდატის არსებობა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ავტომტურად გამარჯვებას, საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, როგორც აკადემიური საბჭოს, ასევე წარმომადგენლობითი საბჭოსგან, რისი მოპოვებაც ბატონმა ჯემალმა მოახერხა.“

ჯემალ ანანიძე კანცლერის მოვალეობას უკვე შეუდგა და ამ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით დარჩება.

Aris.ge-განათლების მიერ უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბსუ-ს შემოსავალი  2014 წელს 14 686 629 ლარს შეადგენდა:

მათ შორის:

  • საკუთარი შემოსავლები – 10 548 847 ლარი
  • აჭარის ა.რ. რესპუბლიკის ბიუჯეტის სუბსიდია – 1 590 480 ლარი
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გრანტი – 2 022 206 ლარი
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსება – 532 096 ლარი

რატომ გახდა ვაკანტური ბათუმის უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი?

2016 წლიდან აჭარაში უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება

 

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური