ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 78 სტუდენტს სტატუსი შეუჩერა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 78 სტუდენტს სტატუსი შეუჩერა. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ინფორმაციით, სტატუსის შეჩერების მიზეზი ძირითადად ფინანსური დავალიანება გახდა. ინგა შამილიშვილი Aris.ge-განათლებას თან საუბარში აცხადებს, რომ სიაში მოხვდნენ ისეთი სტუდენტებიც, ვისაც თანხა გადახდილი ჰქონდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სალექციო კურსზე სიარულს ვერ ახერხებდა:
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის 6-ჯერადი ფორმა. სტუდენტს საშუალება ეძლევა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გადაანაწილოს წლიური საფასური და ეტაპობრივად დაფაროს იგი. მიმდინარე სასწავლო წელს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის, ანუ პირველადი გადახდის ვადები, გახლდათ 28 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა გავითვალისწინეთ სტუდენტთა თხოვნა, გადახდის ვადა გავახანგრძლივეთ და სტატუსის შეჩერების ბრძანება 5 ნოემბრის პოზიციით გამოვეცით. როგორც ხედავთ, თვეზე მეტი მივეცით, რათა დაეფარათ პირველი ნაწილი საფასურისა,“-აცხადებს ინგა შამილიშვილი.
ნიკა კორიფაძე იმ სტუდენტების სიაში აღმოჩნდა რომელმაც ვერც სახელმწიფო და ვერც უნივერსიტეტის გრანტის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ Aris.ge-განათლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საკმაოდ კარგი ქულები აქვს, თუმცა გადასახადის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი მასაც შეუჩერდა. პირველი ორი კურსის გადასახადი სრულად აქვს დაფარული მესამე კურსის გადასახადის შეტანა კი ვეღარ შეძლო, რის გამოც აკადემიურის აღება სურდა, თუმცა ესეც დაგვიანებული აღმოჩნდა:
„სტატუსი შემიჩერეს, აკადემიურის აღებას ვცდილობდი და შემომთავაზეს, თვითონ აკადემიურის აღება გამოდის სტატუსის შეჩერებაცო. ამიტომ აღარ გადავიხადე და გადავიხდი შემდეგი წლიდან. აკადემიურის აღება ვერ მოვასწარი. პირველ-მეორე კურსის გადახდილი მაქვს. ეხლა ვერ გადავიხადე პირველი სემესტრის, პირველი ნაწილის. პირველ ჯერზე რახან ხდება სტატუსის შეჩერება, ამით მე არანაირი პრობლემა არ შემექმნება. გადავიხდი მომავალ წელს თანხას და სტატუსიც აღდგება,“- გვითხრა ნიკა კორიფაძემ.
ტურიზმის მეორე კურსის სტუდენტს ანა სიხარულიძე კი უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი გაცდენების გამო შეუჩერა. Aris.ge-განათლებას – თან საუბარში ანა აცხადებს, რომ მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, რის გამოც უნივერსიტეტში სიარულს ამ სემესტრში ვერ ახერხებდა, აკადემიურის აღება კი ვეღარ მოასწრო:
„ჩვილბავშვიანი ვარ და ვერ ვახერხებ უნივერსიტეტში სიარულს, რის გამოც შემიჩრდა სტუდენტის სტატუსი. აკადემიურის აღება მინდოდა, მაგრამ რომ მოვიკითხე დაგვიანებული იყო უკვე, ამიტომ ორი კვირის წინ უნივერსიტეტმა შემიჩერა სტატუსი. მეორე სემესტრიდან შემიძლია გავაგრძელო სწავლა და გაცდენილი საათები ძირითადი ლექციების პარალელურად დამატებით ავანაზღაურო,“ – ამბობს ტურიზმის მეორე კურსის სტუდენტი ანა სიხარულიძე.
სტუდენტების ნაწილის აზრით, სახელმწიფომ, უნივერსიტეტთან ერთად მეტი შეღავათები უნდა დააწესოს ისეთი სტუდენტებისთვის, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა საკუთარი ხარჯებით არ შეუძლია, ან რაღაც ეტაპზე ვეღარ ახერხებს. მართალია, უნივერსიტეტში გარკვეული საგრანტო პროგრამა უკვე მოქმედებს, თუმცა ეს მათი თქმით ძალიან მცირე კონტიგენტზე მოქმედებს:
„გადასახადის შეღავათის თაობაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის არ მიმიმართავს, რადგან ვიცი, რომ ამისთვის გრანტი უნდა მქონდეს და მაშინ გადასახადი ავტომატურად გამინახევრდება. ნორმალური ქულები კი მაქვს, მაგრამ ჩემი ქულები უნივერსიტეტის მიერ გათვალისწინებულ შეღავათებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, ადმინისტრაციისთვის არ მიმიმართავს,“ – ამბობს ნიკა კორიფაძე.
სტუდენტების ინიციატივით Aris.ge-განათლებამ აჭარის განათლების სამინისტროს მიმართა, გეგმავს თუ არა სამინისტრო რაიმე სპეციალური პროგრამის შემუშავებას ამ სტუდენტების დასახმარებლად და რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ უნივერსიტეტის მხრიდან ამ რაოდენობის სტუდენტზე სტატუსის შეჩერება, კითხვაზე აჭარის განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე გვპასუხობს:
„აჭარის განათლების სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამას და ამ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. საგრანტო პროგრამის ბიუჯეტმა წელს მილიონი შეადგინა. ამ ეტაპზე ბსუ-ში მიმდინარე სემესტრში აჭარის განათლების სამინისტრო 283 სტუდენტს აფინანსებს. დამეთანხმებით, რომ არ არის ცოტა, ამ ეტაპზე სამინისტროს ამაზე მეტის გაკეთება არ შეუძლია“.
78 სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის დამატებითი სპეციალური პროგრამის ამოქმედებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს, არც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია:
„დღეისათვის 5780 აქტიური სტუდენტიდან სტატუსი შეუჩერდა 78-ს რაც წინა წლების მონაცემებს ემთხვევა და ამ მხრივ არ შეინიშნება მონაცემთა ზრდის ტენდენცია. შეუძლებელია ყველა სტუდენტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინება, მითუმეტეს რომ ამდენი უფასო პროგრამა გვაქვს და შესაძლებელია ამ სიაში მოხვედრა. პლიუს, არსად არ არის, რომ პირველი კურსის სტუდენტს ენიშნებოდეს სტიპენდია, მხოლოდ ჩვენთან ხდება. არსებობს უნივერსიტეტის სპეციალური ფონდი, რომლითაც წლებია სარგებლობენ სტუდენტები. ამწუთას რაიმე ახალი პროექტის შემოტანას არ განიხილავს უნივერსიტეტი“, – ამბობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინგა შამილიშვილი.
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და ზამთრის მობილობის დროს შეუძლიათ. აგრეთვე შესაძლებელია შეინარჩუნონ ის მიმდინარე ქულები, რომლებიც შეჩერებამდე დააგროვეს.
მაია შავაძე – ბათუმი
- არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი? by შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- რატომ გახდა ვაკანტური ბათუმის უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი? by ARIS.GE-განათლება
- აკაკი წერეთლისა და ბათუმის უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს ტრენინგები ჩაუტარდათ by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი