რატომ გახდა ვაკანტური ბათუმის უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი?
ბათუმის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძე, შესაძლოა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი გახდეს. ამ თანამდებობაზე განაცხადი ყოფილმა მერმა დღეს ოფიციალურად დაარეგისტრირა. პოზიცია ვაკანტურად 25 მაისს გამოცხადდა. ყოფილმა კანცლერმა ედიშერ ჩავლეიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 7 თვით ადრე დატოვა. ჩავლეიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2011 წლის 13 დეკემბრიდან მუშაობს. იგი ამჟამად რექტორის მრჩევლის პოზიციას ინარჩუნებს.
Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რატომ დატოვა დროზე ადრე ედიშერ ჩავლეიშვილმა უნივერსიტეტში ერთ-ერთი გადამწყვეტი პოზიცია. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს და შესაძლოა ეს საკადრო როტაციები არც ისე კარგად აისახოს მასზე.
„ეს მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე. არც აქამდე მიშლიდა ამ მოვალეობის შესრულებაში ხელს არაფერი და არც ეხლა მიშლის, უბრალოდ დავწერე განცხადება და გადავდექი, ასეც ხდება. დღეის მდგომარეობით რექტორის მრჩევლის თანამდებობაზე კვლავ ვრჩები,“- აცხადებს რექტორის მრჩეველი საფინანსო, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურის საკითხებში ედიშერ ჩავლეიშვილი.
რიგით მეოთხე კანცლერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებამდე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო.
რაც შეეხება ახალ კანდიდატებს, ჯემალ ანანიძე ბსუ-ის კანცლერის პოსტზე ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატია. ბათუმის ყოფილ მერს ამ თანამდებობაზე მუშაობა მისმა სალექციო საქმიანობამ გადააწყვეტინა, რომლის დროსაც, როგორც ლექტორი გარკვეულ პრობლემებს აწყდება. ჯემალ ანანიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ თანამდებობას დაიკავებს, აქვს 2 წლიანი სამოქმედიო გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგაც ბსუ თანამედროვე სტანდარტების უნივერსიტეტად გარდაიქმნება
„მიუხედავად სხვა სამსახურებისა, დიდი ხანია ვმუშაობ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რადგანაც ვეწეოდი სალექციო საქმიანობას, ვხედავდი პრობლემებსაც რომლებიც ელემენტარულად ექმნება ლექტორს ლექციების უკეთესად წარმართვისათვის და სტუდენტების უკეთესად ჩართვისათვის. გვაქვს ის გზები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს რომ უკვე 2017 წლიდან ჩაითვალოს რომ უნივერსიტეტი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება“,-აღნიშნავს კანცლერობის კანდიდატი.
რეგისტრაცია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 27 მაისს გამოაცხადა. განაცხადების მიღება ვაკანტურ თანამდებობაზე 15 მაისამდე გაგრძელდება. ხოლო 23 ივნისს აკადემიური საბჭო კანდიდატს შეარჩევს, რომელიც დასამტკიცებლად უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს წარედგინება.
მაია შავაძე – ბათუმი
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი