„არსებობს ვარიანტი, რომ ავადობამ მოიმატოს სკოლების გახსნის შემდეგაც, მშობლები უნდა იყვნენ აცრილი“
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ ყველა ის პაციენტი, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული მშობლებისგან დაინფიცირდა და არც ერთი მათგანი არც ბაღში და არც სკოლაში არ დადის.
როგორც ჩხაიძემ დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბავშვთა ავადობა და მომართვიანობა შემცირებულია ვიდრე აქამდე იყო, თუმცა აუცილებელია მშობლებმა გაიაზრონ მათი აცრის მნიშვნელობა.
„ამჟამად კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტია, მშობლებთან ერთად არიან ეს პაციენტები მოთავსებული. რეანიმაციაში წევს 21 პაციენტი და აქედან სამი პაციენტი არის მძიმე, რომელიც მართვით სუნთქვაზეა უკვე სამ კვირაზე მეტია. რაც შეეხება ასაკს, აქამდე ვინც მკურნალობდა კლინიკაში, ძირითადად იყვნენ წლამდე ასაკის ბავშვები და ახალშობილები, ახლა მხოლოდ ერთი ახალშობილი გვყავს. ძირითადად ვინც მკურნალობს ამჟამად კლინიკაში მოზრდილი ბავშვები არიან თანმხლები დაავადებებით. ძირითადად, ბავშვები, ჩვილები და ახალშობილები ოჯახური კონტაკტებით ავადდებიან კორონავირუსული ინფექციით. მათ არ აქვთ სხვა შეხება, არ არიან სოციუმში ჩართული ვთქვათ სკოლა რომ იყოს და ბაღი… ეს ბავშვები მხოლოდ ბინაში არიან. აქედან გამომდინარე, თუ მისი მშობლების შეგნება მივა იქამდე რომ უნდა აიცრან რომ არ გადასდონ ახალშობილის ან ჩვილს კორონავირუსული ინფექცია ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინკის სამედიცინო დირექტორმა.
რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჩხაიძე ამბობს, როგორც კვლევებმა აჩვენა მძიმედ მიმდინარეობს კორონავირუსი როგორც უფროსებში, ისე ბავშვებში თანმხლებ დაავადებებთან ერთად.
„ყველა ქვეყანამ ეს ნაბიჯი გადადგა და ჩვენც უნდა გადავდგათ, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, ვინც თანმხლები დაავადებების მატარებელია და რისკჯგუფშია. არ მგონია, რომ ასეთი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები ვაქცინაციის წინააღმდეგი იყვნენ და ახლაც შეუძლიათ ექიმისგან ფორმა ასის მეშვეობით აცრას შვილი“, – დასძინა ექიმმა.
მისი თქმით, ცხადია, ბაღებისა და სკოლები გახსნა რისკთან არის დაკავშირებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვები პრაქტიკულად წელიწადნახევარია ონლაინ სწავლებაზე არიან და ისინი როგორც ფსიქოლოგიურად ისე ფიზიკურად და განათლების დონის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაში არიან, სკოლისა და ბაღის გახსნა მნიშვნელოვანია.
„ყველა ქვეყანაში გაიხსნა სწავლა და მე მგონი რესტორანზე უფრო სარისკო არ უნდა იყოს სკოლის გახსნა, უნდა ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში. თუმცა არსებობს ვარიანტი, რომ ავადობამ მოიმატოს სკოლების გახსნის შემდეგაც“, – აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
მან ასევე ისაუბრა რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ვირუსის გავრცელების არიდება სკოლებისა და ბაღების აღდგენის შემთხვევაში და მოსწავლეთა მშობლებსა და სკოლების თანამშრომლებს მიმართა.
„რადგანაც სკოლები და ბაღები იწყება, ეს ყველაფერი ძალიან მჭიდრო კავშირშია და კორელაციაშია ვაქცინაციასთან. თუ ამას ყველაფერს შევასრულებთ: თუკი ჩვენ გვექნება 80%-იანი აცრა ვთქვათ სკოლის ყველა თანამშრომლისა (მაგრამ ეჭვი მეპარება ყველა სკოლაში იყოს 80% ვაქცინირებული) თუმცა სამიზნე არის 80%, რომ იყოს ვაქცინირებული. გავრცელებას ავირიდებთ, თუ სკოლაში არ იქნება კვების პროცესი და ეს ბავშვები ერთად არ შეჯგუფდებიან ჭამის დროს. რადგან ასეთ დროს ყველაზე მეტი შანსია დასნებოვნების, რადგანაც საკლასო ოთახებში პედაგოგებიც და ბავშვებიც იქნებიან ნიღბებით და კვების დროს ნიღაბს იშორებენ და ამ დროს არის ძალიან დიდი საფრთხე ინფექციის გავრცელების. გარდა ამისა, ყველა ის ოჯახები სადაც ეს ბავშვები იზრდებიან უნდა იყოს სასურველია ვაქცინირებული“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, 12 წლის ზემოთ ბავშვები უკვე მოზრდილები არიან და მათ შეგვიძლია უკვე კარგად ავუხსნათ ნიღბის აუცილებლობა. რაც შეეხება პატარა ასაკის ბავშვებს, ექიმის ინფორმაციით, ორი თვის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ დადო რეკომენდაცია, რომ სასურველია 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებმა დახურულ სივრცეში პირბადე ატარონ.
ასევე იხილეთ:
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE