GE

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებმა აშშ-ში, NASA-სა და სტენფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდების, „მედეორის“ და „ელფების“ წევრებმა აშშ-ში, ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდების – „მკვლევარი“ და „Memory Effect”-ის მონაწილეებმა სტენფორდის უნივერსიტეტში, ID Tech-ის რობოტიკის ერთკვირიანი კურსი გაიარეს.

„პანდემიის გამო, გამარჯვებული გუნდები ორი წელი ელოდნენ აშშ-ში გამგზავრებას. აშშ-ის საელჩოს და საქართველოს ინოვაციის და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით და მხარდაჭერით, წელს გამარჯვებულმა გუნდებმა, ჯამში 16-მა მონაწილემ აშშ-ში, ნასასა და სტენფორდის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ათასწლეულის ფონდი აგრძელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორგანიზებას, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა“, – განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ერთი კვირის განმავლობაში, ჰიუსტონის ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ოფიციალურ ვიზიტორთა ცენტრში, ახალგაზრდა გამომგონებლები დეტალურად გაეცნენ ნასას საქმიანობას, შეხვედნენ ნასას კოსმონავტებს და მეცნიერებს და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა პროტოტიპების შექმნაში.

მონაწილეებმა დაათვალიერეს ნასას ცენტრის ყველაზე საინტერესო და ისტორიული ადგილები, კერძოდ, აპოლო 11-ის მისიის საკონტროლო ცენტრი. კრისტოფერ კრაფტის მისიის საკონტროლო ცენტრი ის ადგილია, საიდანაც ნასას გუნდი აკვირდებოდა აპოლო 11-ის მოგზაურობას მთვარეზე. მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს კოსმონავტების რეალური გადამზადების ცენტრი, სხვადასხვა ლაბორატორიები და სიმულაციების ოთახები.

კვირის კულმინაციას წარმოადგენდა ნასას ყოფილ ასტრონავტთან, მარკ პოლენსკისთან შეხვედრა. მარკ პოლანსკი 13.5 წელი აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობდა და 1996 წლიდან ნასას კოსმონავტი გახდა. მას სამი მოგზაურობა აქვს შესრულებული კოსმოსში, სადაც ჯამში 1000 საათამდე გაატარა. მარკ პოლანსკიმ მონაწილეებს მისი კარიერის შესახებ მოუყვა, თუ რა გზა გამოიარა ნასას ასტრონავტობამდე, რა იყო ყველაზე რთული დასაძლევი კოსმოსში და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად.

სტენფორდის უნივერსიტეტში, მონაწილეებმა ID Tech-ის რობოტიკის ერთკვირიანი კურსი გაიარეს, რომელიც მოიცავდა როგორც მარტივ ინჟინერიის, ასევე პროგრამირების საფუძვლების შესწავლას. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვანაირი კონსტრუქციების შექმნასა და პროგრამების დაწერაზე იმუშავეს.

„ეს ერთი კვირა იყო ის განუმეორებელი გამოცდილება, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდით ოდესმე თუ მივიღებდით. ამ ერთ კვირაში მივიღეთ უამრავი ცოდნა, შეხება გვქონდა უამრავ ძალიან ჭკვიან და ჩვენთვის სამაგალითო ადამიანებთან. შევხვდით როგორც კოსმონავტებს, ისე იმ ადამიანებს, რომლის სახელებიც სამწუხაროდ არ სჩანს ხოლმე რაკეტის გაფრენის დროს. ყველას გირჩევთ რომ მიიღოთ მონაწილეობა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, შექმნათ გუნდი, გაიცნოთ ახალი ხალხი, განავითაროთ თქვენი თავი, თქვენი იდეები და ვინ იცის, იქნებ ხვალ თქვენც აქ აღმოჩდნეთ”, – აცხადებენ მონაწილეები.

კვირის ბოლოს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ პროგრამის დასრულების სერთიფიკატები და ჯილდოები.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება. კონკურსში დღეისათვის 2.500-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური