GE

როგორ უნდა მიმართოს მოსწავლემ, ბავშვმა სასამართლოს – ყველა ნაბიჯი

„ბავშვებისთვის, როგორ მიმართოს ბავშვმა სასამართლოს“ – ასე ჰქვია საინფორმაციო ბროშურას, პუბლიკაციას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე გვიამბობს, თუ რა უნდა ვიცოდეთ და როგორ ვმოქმედებთ სასამართლოსთვის მიმართვის პროცესში.

EDU.ARIS.GE პუბლიკაციას უცვლელად წარმოგიდგენთ:

სასამართლო არის ადგილი, რომელსაც ადამიანები მიმართავენ, სწერენ და შემდეგ ყვებიან თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ. სასამართლოში ინიშნება პროცესები, სადაც საუბრობენ, განიხილავენ ადამიანების პრობლემებს ანუ „საქმეებს“ და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.

როგორ მიმართო სასამართლოს

თუ ფიქრობ, რომ შენი უფლებები ვინმემ დაარღვია, შენი უფლებაა დამოუკიდებლად მიმართო სასამართლოს.

შენი პრობლემის შესწავლას მოსამართლე მაშინ დაიწყებს, როცა შენ ან სხვა პირი მას ამ პრობლემის შესახებ მიმართავს.

როცა სასამართლოს მიმართავ, შენ ხარ დაინტერესებული პირი ანუ მოსარჩელე. ის, ვინც შენი უფლება დაარღვია, სასამართლოში იქნება მეორე მხარე, ანუ შენი მოპასუხე. შენ, შეიძლება, სხვა ადამიანის საქმის განხილვაშიც მიიღო მონაწილეობა, როგორც მოწმემ ან მოპასუხემ.

მოწმე – ის ადამიანია, ვინც დაინახა რა შეგემთხვა, ან რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეუძლია უამბოს სასამართლოს შენს პრობლემაზე. მაგალითად, თუ შემთხვევა სკოლაში მოხდა, შესაძლოა, მოწმეები იყვნენ შენი თანაკლასელები, მასწავლებლები, მანდატურები, სკოლის დირექტორი.

მოსამართლე არის ადამიანი, რომელიც სასამართლოში მოისმენს შენი შემთხვევის შესახებ, მოისმენს შენს მოსაზრებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. მოსამართლე სასამართლოში დაიბარებს მოპასუხესაც და მასაც მოუსმენს. შეისწავლის ყველაფერს, ყველა ფაქტს ამ შემთხვევის შესახებ და მიიღებს გადაწყვეტილებას. მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს შენი ან მეორე მხარის სასარგებლოდ.

სასამართლო ფორმები – ამ საიტზე სხვადასხვაგვარი სასამართლო ფორმებია, შენ შეგიძლია აირჩიო „სარჩელი ბავშვზე მორგებული ხელით შესავსები“ ან „სარჩელი ბავშვზე მორგებული ელექტრონულად შესავსები“.

სარჩელის ეს ფორმა იმისთვის შეიქმნა, რათა ბავშვებს დამოუკიდებლად შეგეძლოთ სასამართლოსთვის მიმართვა.

სარჩელის შესავსებად შეგიძლია ვინმე დაიხმარო (ოჯახის წევრი, მეგობარი და სხვა პირი). შეეცადე, არაფერი გამოტოვო და ყველა ნაწილი შეავსო. მაგრამ გახსოვდეს, რომ თუ სარჩელში რაიმე ნაწილი ვერ შეავსე, არა უშავს. შენ მიერ შევსებულ სარჩელს სასამართლო მაინც მიიღებს. თუ სარჩელის შევსებაში დახმარება გჭირდება, ასევე შეგიძლია მიმართო უფასო ადვოკატს, რომელიც მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურში.

რა უნდა დაწერო სარჩელში?

სარჩელში უნდა დაწერო ინფორმაცია შენს შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა (თუ გაქვს). ეს აუცილებელია იმისათვის, რათა სასამართლოს შენი საკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდეს და დაგიკავშირდეს.

სარჩელში ასევე უნდა დაწერო მონაცემები იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც დაარღვია შენი უფლება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა (თუ აქვს). ესეც აუცილებელია იმისთვის, რათა სასამართლო მას დაუკავშირდეს და აცნობოს შენი სარჩელის შესახებ. თუ ეს ინფორმაცია არ გაქვს, სასამართლო დაგეხმარება მოპასუხის მონაცემების დადგენაში. შესაძლოა, ეს დაავალოს სოციალურ მუშაკს, ან ადვოკატს.

სარჩელში უნდა დაწერო, როგორ დაირღვა შენი უფლება და რა არის შენი მოთხოვნა.

თუ გაქვს რაიმე მტკიცებულება, შეგიძლია, სარჩელთან ერთად დამატებით მიიტანო სასამართლოში. მტკიცებულება არის ნებისმიერი ნივთი, ფოტო, ვიდეო ან აუდიოჩანაწერი, სმს მიმოწერა, მოწმის ჩვენება და სხვა მსგავსი რამ, რაც დაგეხმარება შენი სიმართლის დამტკიცებაში. თუ რაიმე მტკიცებულების მოპოვება გჭირდება, და შენით ვერ ახერხებ, შეგიძლია სასამართლოს სთხოვო და ის დაგეხმარება მის მოძიებაში.

სად მიიტანო სარჩელი?

სარჩელის შევსებული ფორმა შეგიძლია თავად მიიტანო და ჩააბარო სასამართლოს შენობაში ან გააგზავნო ფოსტით. სასამართლოს შენობაში ერთ-ერთ ოთახს კანცელარია ჰქვია. კანცელარიაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ჩაიბარებენ, დაარეგისტრირებენ და მოსამართლეს გადასცემენ შენს სარჩელს. კანცელარია მუშაობს 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ყველა ქალაქში თუ რაიონში არის სასამართლო. მისამართები შეგიძლია ნახო ამ გვერდზე.

სარჩელის შევსებული ფორმა შეგიძლია სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზეც გააგზავნო, ან დარეგისტრირდე ამ პორტალზე: ecourt.ge

გახსოვდეს! სასამართლო ვალდებულია მიიღოს შენი სარჩელი და დაგეხმაროს შენი უფლებების დაცვაში.

სარჩელის სასამართლოს კანცელარიაში მიტანის ან ელექტრონულად გაგზავნის შემდეგ, სარჩელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაგიკავშირდება მოსამართლის თანაშემწე. მოსამართლის თანაშემწე არის ადამიანი, რომელიც მოსამართლეს სასამართლო პროცესის წარმართვასა და გადაწყვეტილებების დაწერაში ეხმარება. თანაშემწე მოგაწვდის სხვა შენთვის საჭირო ინფორმაციას.

სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, შენი პრობლემის შესახებ მოსამართლისთვის მოყოლა, მოსამართლის კითხვებზე პასუხის გაცემა, მოწმეების მოსმენა (მათი არსებობის შემთხვევაში), ადვოკატების, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ან სხვა პირების ჩართვა ამ პროცესში – ამ ყველაფერს, ერთიანობაში სამართალწარმოება ჰქვია.

ვინ არის სოციალური მუშაკი?

ბავშვთან დაკავშირებულ საქმეებში სასამართლო ხშირად რთავს სოციალურ მუშაკს. სოციალური მუშაკი არის პირი, რომელმაც შენს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია უნდა მოიძიოს: მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში ცხოვრობ, გაქვს თუ არა ყველაფერი იმისათვის, რომ განათლება მიიღო, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თუ ზრუნავენ, შენი უფლება რა მიზეზებით დაირღვა. სოციალური მუშაკის ვალდებულებაა, რომ შეგიქმნას უსაფრთხო გარემო, რათა არავინ დაგაზიანოს. შენი მონაწილეობით მოპოვებული დეტალური ინფორმაცია კი, სოციალურმა მუშაკმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს.

ვინ დაგეხმარება შენი უფლებების დაცვაში?

მართალია, შეგიძლია დამოუკიდებლად მიმართო სასამართლოს, თუმცა ასეთ
დროს კარგი იქნებოდა დაგხმარებოდა ადამიანი, რომელმაც კარგად იცის კანონები,
ასეთი ადამიანი – ადვოკატია. საქართველოში ბავშვებს უფასო დახმარებას უწევენ
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. ასევე, არსებობს უფლებების
დამცველი სხვა ორგანიზაციებიც.

კარგი იქნება ადვოკატს სასამართლოს სხდომის დანიშვნამდე შეხვდე. ის დეტალურად მოგისმენს, აგიხსნის რა მოხდება სასამართლოში და ერთად გადაწყვეტთ, როგორ უნდა მოიქცეთ. შეგიძლია ადვოკატს დაუსვა ნებისმიერი შეკითხვა სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რათა სრულად ინფორმირებული იყო და ემოციურად მოემზადო.

  • ადვოკატმა შენთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ეთიკის ანუ ქცევის წესები.
  • ადვოკატი უნდა საუბრობდეს შენთვის გასაგებად, მარტივად.
  • ადვოკატი სრულყოფილად უნდა გაწვდიდეს ინფორმაციას.

ადვოკატმა ბავშვი ისეთივე გულმოდგინედ, ყურადღებით და მონდომებით უნდა დაიცვას, როგორც ზრდასრულებს დაიცავდა.

გახსოვდეს, ბავშვის სასამართლო პროცესები დახურულია. პროცესს უცხო პირები ვერ დაესწრებიან და მასში მონაწილე ადამიანებს არ აქვთ უფლება სხვას უამბონ შენს შესახებ ან იმ ამბის შესახებ, რომელიც შენ გადაგხდა.

იურიდიული დახმარების სამსახური (ადვოკატი)

სატელეფონო ცხელი ხაზი: 1485, 032 2 92 00 55
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ №140ა,
თბილისი 0102, საქართველო
ტელეფონი: 032 2 93 20 90; 032 2 98 84 93
ელ.ფოსტა: info@legalaid.ge
ვებგვერდი: https://www.children.las.ge/ka/kontaqti
Facebook: www.facebook.com/legalaid.ge

ასევე იხილეთ:

„განათლების მიღების პროცესში ბავშვს უნდა ექცეოდნენ პატივისცემით“ – რაც ჩვენი უფლებების შესახებ უნდა ვიცოდეთ

როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური