რა გეგმა აქვს მთავრობას მაღალმთიან დასახლებებში განათლების მიმართულებით – დეტალები ახალი სტრატეგიიდან
2024 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია“ და „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგიის 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმა“, საიდანაც ვიგებთ რა გეგმა აქვს მთავრობას მაღალმთიან დასახლებებში განათლების მიმართულებით.
თავად საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვაა, რომ მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრება და მუშაობა გახდეს უფრო მიმზიდველი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სამუშაო ასაკის მოსახლეობისთვის, ამასთანავე, დროთა განმავლობაში შემცირდეს სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობები როგორც მაღალმთიანი დასახლების მქონე და მაღალმთიანი დასახლების არ მქონე მუნიციპალიტეტებს შორის, ისე მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებსა და საშუალო ეროვნულ მაჩვენებლებს შორის.
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის თანახმად, 2024-2026 წლებში მაღალმთიან დასახლებებში უნდა განხორციელდეს:
1.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია. „პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია და აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, რომელიც სტანდარტების შესაბამისი იქნება“.
2.ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია. „მაღალმთიან რეგიონებში განხორციელდება 19-მდე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია და 15- სკოლის მშენებლობა; პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების 15 ახალი საჯარო სკოლა“.
3.პროფესიული განათლების მასწავლებლისათვის სახელფასო დანამატის გაცემა მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში. „პროფესიული სტუდენტის ვაუჩერულ დაფინანსებაზე უზრუნველყოფილი იქნება დანამატი მაღალმთიან დასახლებებში პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის; დანამატით სარგებლობს სულ მცირე 150 პროფესიული განათლების მასწავლებელი“.
4.პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესება მაღალმთიან დასახლებებში. „პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების გზით, შეიქმნება დამატებით ერთ მაღალმთიან დასახლებაში“.
5.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების მხარდაჭერა სახელფასო დანამატის სახით. „გაგრძელდება მასწავლებლების მხარდაჭერა და მათთვის სახელფასო დანამატის გაცემა; დანამატით ისარგებლებს არანაკლებ 9 000 მასწავლებელი“.
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების დანამატი – საჯარო მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი 2016 წლის 1 სექტემბრიდან და სახელფასო დანამატი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებისათვის − მაღალმთიან დასახლებაში მდებარე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლები იღებენ დანამატს შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%-ის ოდენობით.
6.სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერა სახელფასო დანამატის სახით. „გაგრძელდება სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერა და მათთვის სახელფასო დანამატის გაცემა; დანამატით ისარგებლებს 200-ზე მეტი მწვრთნელი“.
პროგრამის შესაბამისად, დანამატები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე და მომუშავე მწვრთნელებს ეძლევათ.
7.პროექტის „ადამიანის უფლებათა სკოლა“ ფარგლებში, მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ტრენინგების ჩატარება ადამიანის უფლებების შესახებ – პროექტის „უფლებათა სკოლა“ ძირითადი მიზანია საჯარო სკოლებში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ადამიანის უფლებათა შესახებ ტრენინგები ჩატარებულია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სულ მცირე 184 საჯარო სკოლაში (მინიმუმ 184 მონაწილე).
კლების ტენდენცია მაღალმთიანი დასახლებების სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში (საქსტატის მონაცემები)
2011-2023 წლებში, სკოლის მოსწავლეთა რიცხოვნობა მაღალმთიან დასახლებებში კლების ტენდენციით ხასიათდება. საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა მოსახლეობის 1 000 კაცზე მაღალმთიანი დასხლების მქონე მუნიციპალიტეტში შეადგენს 33-ს, რაც 7 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება საქართველოს საერთო მაჩვენებელს (40). ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ყაზბეგის, ნინოწმინდას, მესტიის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა მოსახლეობის 1 000 კაცზე
განსხავებული მდგომარეობაა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებს შორის 1 000 მოსახლეზე საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რიცხოვნობის თვალსაზრისითაც. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე მუნიციპალურ ჭრილში, ქედას და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.
საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1000 მოსახლეზე
“ბოლო წლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდის მიზნით. აქტიურად დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმა და ამ პროცესში დამსაქმებლების ჩართვა; მეწარმეობის სწავლება გახდა საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო კომპონენტი. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული რეფორმა პოზიტიურად აისახა პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელზე, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლების სისტემაში კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება პროფესიული განათლების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, პროფესიული განათლების პოპულარობასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას.
“თითქმის ყველა რეგიონის მაღალმთიან დასახლებაში დგას არაფორმალური განათლებისა და ფორმალური პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების ნაკლებობა. საქართველოს ტერიტორიაზე 76 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 9 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა უშუალოდ მაღალმთიან დასახლებაში, მათი პროგრამები მორგებულია ტრადიციულ მეურნეობას და არ არის დივერსიფიცირებული ახლაგაზრდებისთვის საინტერესო ახალ პროფესიებზე და სამეწარმეო უნარების განვითარებაზე. მაღალმთიან დასახლებებში არის აგრეთვე, სპორტული კომპლექსების, სპორტის სხვადასხვა სახეობის დახურული დარბაზების, აუზების საჭიროება”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაში.
ასევე იხილეთ:
- „შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“ – ზოგადი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- როცა სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე საქმდებით – დამატებითი მოთხოვნა და გამოცდის ჩაბარების ვადები by ARIS.GE-განათლება
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება