GE

STEM მენტორების კურსის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ათასწლეულის ფონდმა „STEM მენტორების კურსის“ პროექტის ორ-დღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გამართა, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ათასწლეულის ფონდმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი, „STEM მენტორების კურსი“ 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიზანს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა წარმოადგენდა. პროექტში მონაწილეობისთვის 450 მსურველიდან 40 პედაგოგი შეირჩა, საქართველოს ყველა რეგიონიდან.

შემაჯამებელ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგები და პროექტის ფარგლებში შექმნილი STEM პროექტები. კონფერენციაზე დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მიერ მხარდაჭერილი STEM პროგრამებისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. კონფერენციაზე მონაწილეები გაეცნენ საქპატენტის საქმიანობას ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით. ღონისძიების ბოლო დღეს, მონაწილეებმა განიხილეს STEM განათლების მიღწევები და გამოწვევები საქართველოში.

„ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა STEM (საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების და მათემატიკის დარგი) მენტორების სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მასწავლებლებმა შეისწავლეს არდუიონოს და სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თუ როგორ შეიძლება ინოვაციების სწავლება გაძლიერდეს სკოლაში. პროექტის შედეგად მივიღეთ რამდენიმე STEM კლუბი, რომელიც დაფუძნდა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში და 40-მდე გადამზადებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებს ასწავლოს ახალი ტექნოლოგიები და მათ გაუღვივოს დაინტერესება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო STEM დარგებისადმი და ინოვაციებისადმი“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„მოხარული ვარ რომ დღეს აშშ-ს საელჩოს სახელით ვესწრები ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებულ STEM მენტორობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორების ფარგლებში, ასეთი საინტერესო შედეგი გვაქვს. პროექტი საერთო ჯამში განავითარებს როგორც STEM უნარებს მოსწავლეებში, ასევე უფრო გაზრდის მის მიმართ დაინტერესება ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ქეთრინ შვაიცერმა, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსმა.

ღონისძიებას დაესწრნენ პროექტის მონაწილე პედაგოგები, ათასწლეულის ფონდის, აშშ-ის საელჩოს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ექვს-თვიან ონლაინ სასწავლო კურსზე მსმენელებმა შეისწავლეს საგანმანათლებლო STEM პროექტების კონსტრუირება და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები, ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO-ს გამოყენებით. ყველა მსმენელმა მიიღო STEM სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა – ARDUINO Kits, რაც მათ დაეხმარათ კურსის უკეთ ათვისებაში და კურსის დასრულების შემდეგ, აღნიშნული დანადგარის გამოყენებას აგრძელებენ მოსწავლეებთან საკლასო ოთახში.

პროექტის შედეგად, კურსში ჩართულმა პედაგოგებმა საკუთარ სკოლებში STEM კლუბები ჩამოაყალიბეს (გორის, ქუთაისის, ცაგერის, ოზურგეთის, ქარელის, ახალციხის, ბათუმის, თელავის, გურჯაანის, დმანისის, ხაშურის, კასპის, თბილისის, ზესტაფონისა და ნინოწმინდის სკოლებში), რომლის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური