„მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა ამას გულისხმობს“ – გამოცდილი მასწავლებლის საჭირო გაკვეთილი
მრავლწლიანი სასწავლო პრაქტიკის განმავლობაში პედაგოგები სწავლა-სწავლების სხვადასხვა მიდგომებს იყენებენ. ისინი მუდმივად სწავლობენ და მუშაობენ მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. ჩვენი რესპონდენტის, თბილისის 172-ე საჯარო სკოლის პედაგოგის, ელნაზი ზაზაშვილის პედაგოგიური საქმიანობა 30 წელს ითვლის და მისი აზრით, ინდივიდუალური სწავლების მიდგომას ალტერნატივა არ აქვს.
აი, რას ამბობს პედაგოგი: ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინების გარეშე არ უნდა მოხდეს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, ასევე მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება. მოსწავლე მით უფრო წარმატებულია სწავლაში, რაც უფრო მეტად არის დარწმუნებული მასწავლებელი მის შესაძლებლობებში (როზენტალის ,,პიგმალიონის ეფექტი“). ყოველი ჩავლილი სასწავლო დღის ბოლოს, გულდასმით ვაანალიზებ, ვუკვირდები, რომელიმე მოსწავლე ხომ არ დამრჩა ყურადღების, მოფერების, დაკვირვების მიღმა, და თუ ასეა, აქედან ვიწყებ მომდევნო დღის გაკვეთილებზე ფიქრს.
რას გულისხმობს ინდივიდუალური მიდგომა?! – პრაქტიკული მაგალითები:
“მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა ამას გულისხმობს:
ვამზადებ სხვადასხვა სირთულის დავალებებს – ერთსა და იმავე თემაზე, ვაძლევ მოსწავლეებს თვითონ გააკეთონ არჩევანი დავალებების შესრულებისას.
ჯგუფური მუშაობის დროს ხშირად ვქმნით ჯგუფებს მოსწავლეთა ძლიერი მხარეების გათვალისწინებით – ვანიჭებ მათ ინტერესების შესაბამის როლებს. ვცდილობ, მუდმივად წავახალისო ურთიერთსწავლება.
ვთავაზობ პროექტების თემებს მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით – ვაძლევ თავისუფლებას პროექტის წარდგენის ფორმატში (ნახატი, პრეზენტაცია, ციფრული რესურსი, პოსტერი).
ვქმნი და ვიყენებ ახალ-ახალ რესურსებს – ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ სწავლის სტილს და შესაბამისად ვიყენებ მრავალფეროვან მასალებს.
რესურსები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ: დიაგრამები, ვიდეოები, აუდიო მასალები, წიგნი, ნაბეჭდი რესურსები.
ხშირად ვუთმობთ დროს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს – ვუსვამ კითხვებს ინტერესებისა და გამოწვევების შესაბამისად. ვსაუბრობთ გულახდილად, სხვადასხვა თემაზე”.
პედაგოგებო, თქვენ რომელ მიდგომებს თვლით საუკეთესოდ სწავლა-სწავლების პროცესში. გაგვიზიარეთ მრავალწლიანი გამოცდილება.
ასევე იხილეთ:
„ისეთი არაა, როგორზეც მშობლები მიყვებოდნენ“ – პირველკლასელის პირველი კვირა სკოლაში