როცა მასწავლებელი 8 თვის ორსულია – „მას, რამე ხომ არ გინდათ ახლა, გულით“
სკოლის დერეფნებში მოსწავლეთა ჟრიამული ისმის, მასწავლებლებიც ჩვეულად დაფუსფუსებენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს და ასე ერთიანად სასკოლო აურაც იქმნება.
ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეებში 142-ე საჯარო სკოლაში წელს ეს აურა განსაკუთრებით მშვიდი იყო. მოსწავლეები დერეფნებში უმისამართოდ არ დარბოდნენ. პატარებისგან გასაკვირი გახლავთ ასეთი თავშეკავებულობა, თუმცა აი, რაშია საქმე: „ჩვენი მასწავლებელი 8 თვის ორსულია და ვუფრთხილდებით!“, – ამბობდნენ მოსწავლეები.
მერი შავლუხაშვილი იტორიის ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად უყვართ. როგორც თავად გვიამბობს, მისთვის წელს მართლაც ემოციური სასწავლო წელია და სკოლაშიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან. მერი დეკრეტულ შვებულებაში სულ რამდენიმე დღის წინ გავიდა, ჩვენ მას 23 სექტემბერს ვესაუბრეთ.
„უკვე მერვე თვეს ვამთავრებ და მეცხრეში გადავდივარ. ზოგადად ჩემი მდგომარეობის შესახებ ბევრმა არ იცოდა, თუმცა ჩემს მოსწავლეებთან ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რომ პირველივე თვიდან ვახარე ეს ამბავი. ბავშვების ნათელი სახეებითაც მარტივია მიხვდე, თუ როგორ გაუხარდათ და უხარიათ, რომ მათი მასწავლებელი მალე დედა გახდება. მოსწავლების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ისინი იყვნენ ჩემთვის პირველი “ბავშვები”, რომლებიც უზომოდ შევიყვარე. დღე არ გავა, რომ დილა მათი მოკითხვით არ დაიწყოს. სკოლაში ყველა მხარში მიდგას“, – გვიხსნის პედაგოგი.
აი, რა არის ის ფრაზები, რომლებიც მერი მასწავლებელს ახლა მოსწავლეებისგან განსაკუთრებით ხშირად ესმის:
– „მას როგორ გრძნობთ თავს“, „ხომ არ დაიღალეთ“, „რამე ხომ არ გინდათ ახლა, გულით“, „მას, სქესს როდის გვეტყვით“, „იმედია თვენსავით საყვარელი გოგო იქნება“.
როგორც პედაგოგი გვიმხელს, მოსწავლეთა უმეტესობას “გოგო უნდოდა” და ასეც აღნოჩნდა.
მერი მასწავლებელს, ყველა დედასა და მომავალ მშობელს ჯანმრთელ, მშვიდობიან, ბედნიერებით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ!
ასევე იხილეთ:
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ