GE

„აუცილებელია რემედიაციის პროგრამები“ – ასე უნდა დაძლიონ სკოლებმა პანდემიის შედეგად მოსწავლეთა ჩამორჩენა

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე მიიჩნევს, საათების შემცირება გაკვეთილებისთვის დისტანციურ სწავლებასთან ერთად, გახდა პანდემიის შედეგად მიღებული დანაკარგების საფუძველი. ამის გათვალისწინებით, სკოლების დროული გახსნა საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს და აუცილებელია პროგრამების განხორციელება მოსწავლეებისთვის პანდემიის მიზეზით შექმნილი ჩამორჩენის ამოსავსებად, მათ შორის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება.

“დანაკარგები გვაქვს ფაქტობრივად ყველა საფეხურზე და ყველა საგანში, თუმცა საბაზო საფეხურზე განსაკუთრებული პრობლემები გვაქვს, რადგან ამ საფეხურზე პროგრამაც სერიოზულად გადატვირთულია. ასევე, რა თმა უნდა, დაწყებითი საფეხური. ყველაზე რთული სიტუაცია გამოიკვეთა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში. გარდა ამისა, კვლევამ გვაჩვენა, რომ სახეზე გვაქვს არამხოლოდ სასწავლო დანაკარგები, არამედ ჩვენი ბავშვები სერიოზულ დემოტივაციას განიცდიან. მოსწავლე თავს ვეღარ გრძნობს სკოლის ნაწილად, დეზინტეგრირებულია საზოგადოებისგან”, – განაცხადა ირინა ხანთაძემ 25 სექტემბერს, გადაცემაში “რეალური სივრცე”.

მისი ინფორმაციით, კვლევამ, რომელიც განათლების კოალიციამ ჩაატარა, დაადასტურა, რომ სასკოლო დანაკარგები ნამდვილად სერიოზული გვაქვს და იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამდეც, ზოგადი განათლების ხარისხის კუთხით ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები, მიღებული დამატებითი დანაკარგები გაცილებით მძიმე ხასიათს შეიძენს.

“ერთი საკვანძო რეკომენდაცია რაც გვაქვს კვლევის შედეგად ისაა, ვაღიაროთ სისტემაში რომ გვაქვს ეს დანაკარგები, სერიოზულად დავიწყოთ ამაზე ფიქრი და მსჯელობა და აუცილებელია რემედიაციის პროგრამების განხორციელება. ანუ როგორ უნდა მოვახდინოთ ამ არსებული ჩამორჩენების კომპენსირება. საჭირო და აუცილებელია დამატებითი ჩარევები, გარკვეული პროგრამები, მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი სკოლებისთვის, როგორც მეთოდური თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ გარკვეული ფონდიც შეიქმნას, რაც სხვა ტიპის მატერიალურ რესურსსაც მიაწვდის სკოლას. მნიშვნელოვანია მატერიალური რესურსის მობილიზებაც, იმიტომ, რომ ამ პროგრამების რიგ შემთხვევაში განხორციელება დამატებით დანახარჯებს იწვევს; დამატებითი საათებია და დამატებითი სხვა რესურსებია. არაერთ სკოლაში ბავშვების დაბრუნების შემდეგაც გაკვეთილების ხანგრძლივობა ისევ შემცირებული იყო, რაც ასევე იყო ჩამორჩენის განმაპირობებელი”, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.

ასევე იხილეთ:

„თითქმის დარწმუნებულები ვართ, სკოლებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება“ – ჯანდაცვის მინისტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური