GE

აუდიტის სამსახური: ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 20,000,000-დან ათვისებულია 0%

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, ნული პროცენტითაა ათვისებული.

ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორი აქვეყნებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი, ხოლო 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს. ამასთან, 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა უკვე გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას.

სხვადასხვა პროექტებს შორის გვხვდება განათლების მიმართულების პროექტებიც, მაგალითად აუდიტის სამსახურის სიაშია ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,000,000 ლარია გამოყოფილი და 6 თვის მონაცემებით 0%-ია ათვისებული. საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სახელოვნებო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 131,500,000 ლარი, ათვისებულია -39%.

პროექტების ჩამონათვალში გვხვდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაზეც 2019 წლის ბიუჯეტში 50,000,000 ლარია გამოყოფილი და 6 თვეში ათვისებულია 12%.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ „საქართველოში პროექტების პირველადი შერჩევის არაფორმალურ და არასტანდარტიზებულ პრაქტიკას აქვს ადგილი. კერძოდ, არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს შერჩევის კრიტერიუმებისა და აღნიშნული პროცესის ცხადად განსაზღვრას“.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური