ბავშვებთან ურთიერთობის 19 მცნება გამოცდილი პედაგოგისგან
მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი ექიმი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა და რამდენიმე წელიწადი მათ შესწავლაში გაატარა.
სწავლების მისეული თეორია მას შემდეგ დაიბადა, რაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლის უუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს.
მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. ამისათვის მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა სწავლების პროცესში ბავშვის ფსიქიკური განვითარების კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის კონკრეტული უნარი, მაგ.: მეტყველების განვითარების კრიტიკული პერიოდია 1-3 წელი და ზუსტად ამ დროს საჭიროა მისი წახალისება. მონტესორისეული აღმზრდელი არის დამხმარე ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესში. მისი აზრით, არ არსებობს ზარმაცი და არასასურველი ქცევების მქონე ბავშვი. სიზარმაცე და ქცევითი პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც გარემო არ ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს.
მეოცე საუკუნეში მარია მონტესორს იუნესკომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგის ტიტული მიანიჭა.
გთავაზობთ მარია მონტესორის 19 მცნებას, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ:
1. ბავშვები სწავლობენ ყველაფრისგან, რაც გარს აკრავთ.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვების დადანაშაულებას – მათთვის გადაბრალებას ეჩვევა.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ – ის შეფასებას სწავლობს.
4. თუ ბავშვს მტრულად ექცევიან – ის ხელჩართულ ჩხუბს სწავლობს.
5. თუ ბავშვს არ ატყუებენ და მასთან გულწრფელები არიან – ის სამართლიანობას სწავლობს.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან – ის მშიშარა, მორცხვი და მორიდებული ხდება.
7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს – ის ნდობას სწავლობს.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს.
9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს – ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას – ის მოთმინებას სწავლობს.
11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ – ის თავდაჯერებული ხდება.
12. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროდ გრძნობს – ის სიყვარულის პოვნას სწავლობს.
13. არასდროს თქვათ ბავშვზე ცუდი – არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას დღესვე ან ცოტა მოგვიანებით.
17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და დარჩით შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე იპოვა ის, რასაც თავისთვის ეძებდა.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებით, ჩუმად და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.