GE

„ჩემდა გასაკვირად, ამ ჰიპოთეტურ საფრთხეზე ძირითადად საუბრობენ თვითონ მასწავლებლები“

განათლების მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელის მხრიდან, ეროვნული გამოცდების ფორმატის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებულმა განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების კომპონენტში სკოლის ნიშნის და პედაგოგების რეკომენდაციების შესაძლო ჩართვამ ბევრი მათგანი კორუფციის შესაძლო რისკებზე დააფიქრა. გთავაზობთ განათლების სპეციალისტის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ შალვა ტაბატაძის მოსაზრებას საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში სადაც, ე.წ. „გაი“ პატრულად გადაიქცა, ეროვნული გამოცდების მსგავსი სახით რეფორმირებაც შესაძლებელია. განათლების ექსპერტი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უმაღლესში მიღების სისტემის შესაძლო ცვლილებების შესახებ მინისტრის განცხადებამ. ძირითადი არგუმენტი, რაც ისმის არის შესაძლო კორუფცია სკოლებში და უმაღლესებში და მისი საფრთხე.

ჩემდა გასაკვირად ამ ჰიპოთეტურ საფრთხეზე ძირითადად საუბრობენ თვითონ მასწავლებლები, იხილეთ ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ან edu.aris.ge – განათლების სოციალური გვერდები (ოღონდ როგორც ჩანს აქ „სხვები“ არიან კორუმპირებულები „ჩვენ“ არა მიდგომა მუშაობს). სხვათა შორის, ამ ჰიპოთეტურ კორუფციაზე და „პოტენციურად კორუმპირებულ“ მასწავლებლებზე ის ადამიანებიც აქტიურად საუბრობდნენ, ვინც მასწავლებელთა სტატუსისა და პრესტიჟის ზრდაზე დებს თავს და ვერც გაათვითცნობიერეს, რომ ამ დისკუსიით მასწავლებლის პრესტიჟი ნულს ქვემოთ დაწიეს.

ახლა, რაც შეეხება მიღების სისტემის რეფორმირებას და შინაარსობრივ საკითხს. აქ კითხვები უნდა დავსვათ და გავცეთ შესაბამისი პასუხები მსჯელობისას. არსებობს მიღების სისტემების ეფექტიანობის განმსაზღვრელი რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგალითად, სამართლიანობა. დავსვათ კითხვა რამდენად სამართლიანი არსებული სისტემა, როგორც ჩარიცხვის, აგრეთვე დაფინანსების ნაწილში? კვლევები და ანალიზი აჩვენებს, რომ არც ჩარიცხვის და არც დაფინანსების ნაწილში არსებული სისტემა სამართლიანი არ არის. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ მიღების და დაფინანსების სისტემების ცვლილებაზე (მათ შორის პირველ რიგში უნივერსიტეტებმა). უფრო სამართლიან შესაძლო მოდელზე უნდა ვისაუბროთ და არა „ჰიპოთეტური კორუფციის“ შიშით საუბარიც ვერ გავბედოთ.

სამართლიანობის გარდა, მისაღები სისტემის მეორე კომპონენტი არის სასკოლო გამოცდილებასთან დაკავშირება ანუ სისტემა უნდა ასახავდეს სასკოლო ცხოვრებას და სასკოლო ცხოვრებაში მიღებულ ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და კომპეტენციებს და ამას გავლენა უნდა ჰქონდეს უმაღლესში შესაბამისი მიმართულებით სწავლის გაგრძელებაზე. არსებული გამოცდების სისტემა ითვალისწინებს სასკოლო გამოცდილებას? რა თქმა უნდა, არა, არსებულ სისტემაში არანაირი როლი და ფუნქცია არ აქვს სკოლას. როლისა და ფუნქციის ჩამოცილება კი ართულებს ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების ამუშავებას სკოლებში განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურებზე. შესაბამისად, უნდა ვიმსჯელოთ სისტემაზე, რომელიც სასკოლო გამოცდილებასა და უმაღლესში მიღების სისტემას დააკავშირებს და ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სკოლის სტატუსის და ფუნქციის აღდგენას და მეორე მხრივ უმაღლესის მიერ აბიტურიენტის მრავალმხრივად შეფასებას.

შესაბამისად, აუცილებელია მსჯელობა სასკოლო გამოცდილების რა მიმართულებები, რა ფორმებით, ცენტრალიზებული თუ არაცენტრალიზებული თუ შერეული და როგორ აისახოს მიღების სისტემაში და არა „ჰიპოთეტური კორუფციის“ არგუმენტის მოშველიებით საფუძველშივე ჩავკლათ ეს მსჯელობა (ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ მიმართულებების, ფორმებისა და სტრატეგიების მოძებნა და შეხამება შეუძლებელი, იმ ქვეყანაში, სადაც Гаи პატრულად გარდაიქმნა, მიუხედავად უამრავი ნაკლოვანებისა არ მაქვს სკოლებზე ასე ცუდი წარმოდგენა).

სამართლიანობის, სასკოლო გამოცდილებისა და უმაღლესში მიღების კავშირს მიღმა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რამდენად აქვთ უმაღლესებს შესაძლებლობა მიიღონ და შეარჩიონ ის სტუდენტები, რომლებიც მათ კონკრეტულ პროგრამებზე ყველაზე მეტად წარმატებული იქნებიან, ანუ რამდენად კარგად ხდება შესაბამის პროგრამებსა და უნივერსიტეტებში გადარჩევა?. არც ამ კომპონენტის თვალსაზრისით არის არსებული სისტემა ეფექტიანი, რადგან, უნივერსიტეტები ნაკლებად მონაწილეობენ შერჩევაში და ამას მათ მაგივრად გამოცდებისა და შეფასების ცენტრი აკეთებს (ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთ პროგრამებზე ეს ქმნის სერიოზულ პრობლემებს) და მეორე, მისაღები გამოცდების არსებული კონფიგურაცია ვერ უზრუნველყოფს ისეთ შერჩევას, რომ მაღალი ქულებით ჩარიცხული აბიტურიენტები იყვნენ ყველაზე წარმატებული სტუდენტები, ანუ პრედიქტული ვალიდობა არსებულ სისტემას არ აქვს მაღალი ან არ არის დადასტურებული, რომ მაღალი აქვს.

შესაბამისად, აქაც უნდა ვიმსჯელოთ როგორ და რა ფორმით გავაძლიეროთ მისაღები სისტემის ეს მიმართულება. ამის ნაცვლად, ერთი მხრივ უნივერსიტეტები უარს ამბობენ თვითონ შეარჩიონ თავიანთი სტუდენტები (ამავე დროს სამართლიანად წუწუნებენ, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე მნიშვნელოვანი საგნობრივი კომპეტენციების შეფასებაა საჭირო და ვერ ახერხებენ და დაბალი კომპეტენციის სტუდენტს იღებენ). და მეორე მხრივ, საუბრობენ კორუფციის რისკებზე, რომლის გამოც გამოცდების სისტემა არ უნდა გადაიხედოს.

დღევანდელ დღეს უმაღლესები იღებენ სტუდენტებს მაგისტრატურაში (ზოგიერთ შემთხვევაში მაღალი კონკურსის პირობებში და მაგისტრატურის ხვედრითი წილი დაბალი არ არის, წელს 10 500 მაგისტრანტი ჩაირიცხა უმაღლესებში) და ამ პროცესს სწორედ მრავალკომპონენტიანი სისტემით ახორციელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ვინმეს სმენია ამ პროცესში კორუფციის შესახებ? რატომ არ დაბრუნდა უნივერსიტეტებში კორუფცია მაგისტრატურაში მიღებისას? მაგალითად, 2015 წელს ილიას უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე, 864 გამოცხადებულ ადგილზე შეტანილი იყო 4 147 განაცხადი. კონკრეტული პროგრამების მიხედვით: „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების“ პროგრამაზე- 30 ვაკანტურ ადგილზე 309 განაცხადი. პროგრამული ინჟინერიის პროგრამაზე- 10 ვაკანტურ ადგილზე 52 განაცხადი; ბიზნეს სამართალი- 70 ადგილზე, 242 განაცხადი; მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამაზე – 250 ადგილზე 1069 განაცხადი (წყარო: edu.aris.ge).

გახდა ეს სისტემა კორუფციის საფუძველი? აქვე გავიხსენოთ, რომ ბაკალავრიატში მიღებისას 10000-11000 ადგილი აუთვისებელი რჩება, ანუ ადგილების რაოდენობა ხშირად მეტია ვიდრე მსურველების რაოდენობა, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილების და მსურველების რაოდენობა ემთხვევა და გვაქვს შემთხვევები, სადაც კონკურსია, შესაბამისად, უნივერსიტეტების იმ პროგრამებზე, სადაც კონკურსია, თვითონ, უნივერსიტეტებმა, რომ ჩამოაყალიბონ მისაღები მოთხოვნები მიზანშეუწონელია? სკოლის შეფასებების მიღმა, შეიძლება აიწიოს მისაღები გამოცდების ბარიერი, მიეცეს სხვადასხვა კომპონენტებს მაღალი კოეფიციენტი, დაემატოს საგნობრივი გამოცდები რამდენიც საჭიროა თუ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტებს მრავალკომპონენტიანი მიღების სისტემებში, ანუ თვითონ, რომ გადაწყვიტონ, რომელ პროგრამაზე რა კრიტერიუმებით, რა კომპონენტებით და რა კოეფიციენტებით მიიღებენ სტუდენტს ეს კორუფციას დააბრუნებს ან უნივერსიტეტში ან სკოლებში?

იგივე კორუფციის კონტექსტში, საინტერესოა, არსებული მისაღები გამოცდების სისტემა დაცლილია კორუფციისგან? მგონია, რომ არა და მგონია, რომ საკმაოდ დიდი ინტერესთა ჯგუფია ვინც ამ კორუფციაზე დგას. სად უფრო დიდია კორუფციის ალბათობა, იქ სადაც მრავალი კომპონენტია და მრავალი აქტორი, თუ იქ სადაც ერთი კომპონენტით ხდება ჩარიცხვა. მე მგონი მეორე შემთხვევაში და სწორედ მიღების კომპონენტების მრავალფეროვნება და დაბალანსებულობა არის გარანტია, რომ კორუფციის მექანიზმების ამუშავება გამოირიცხოს.

კიდევ ერთი თემა, რომელმაც აგრეთვე უკმაყოფილება გამოიწვია კლასგარეშე აქტივობების, სამოქალაქო აქტიურობის, ლიდერობის და ა.შ. შესაძლო ასახვაა მიღების სისტემაში. ეს ის გზაა, რომლითაც აქტიური მოქალაქის აღზრდა სასკოლო კულტურის ნაწილად შეიძლება იქცეს და ამის წახალისებით მნიშვნელოვნად გარდაიქმნას სასკოლო კულტურა და ხელი შეეწყოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ხორცშესხმას. საგნის „მე და საზოგადოების“ დამატება კი არა, მსგავსი სისტემების შექმნა უზრუნველყოფს სასკოლო კულტურის ცვლილებებს და მოსწავლეთა სამოქალაქო, სათემო აქტივიზმს, თუმცა ესეც კრიტიკის საგნად იქცა ზემოთ მითითებული სოციალური გვერდების დისკუსიებში.

ერთადერთი, რაზეც ამ ინიციატივის კონტექსტში კრიტიკულად შეიძლება ვისაუბროთ (სხვათა შორის ამ მიმართულებით კრიტიკა არ მომისმენია, შეიძლება მე არ მომისმენია და იყო), ამ უმაღლესში მიღების სისტემის ცვლილებების ამოვარდნილობა საერთო კონტექსტიდან. როცა მიღების სისტემების ცვლილებებზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ საერთო რეფორმის კონტექსტში, უნდა ვისაუბროთ უმაღლესების დაფინანსების კონტექსტთან ერთად, უნდა ვისაუბროთ უმაღლეს განათლებაში ელიტურ, მასიურ და უნივერსალურ მიდგომებზე და ამ მიდგომების გამოყენების შესაძლებლობებზე ერთდროულად და პარალელურად, უნდა ვისაუბროთ სკოლებში ხარისხის მართვის და ანგარიშვალდებულების მექანიზმებთან ერთად, სკოლებში სწავლების და შეფასების რეფორმირების კონტექსტთან ერთად, სასკოლო კულტურის შეცვლის, სკოლის მართვის, სკოლისა თუ/ და/ან მასწავლებელთა ავტონომიურობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინსტრუმენტებთან ერთად ანუ საერთო განათლების რეფორმის კონტექსტში და არა სხვა რეფორმებისგან მოწყვეტილად ან მათ გარეშე.

ეს კი მინისტრის გამოსვლაში არ ყოფილა, სისტემის ერთიანი ხედვა და მისაღები სისტემის ცვლილებების ამ ერთიან კონტექსტში გააზრება აკლდა მინისტრის მოსაზრებებს, თუმცა ამაზე კრიტიკა ნაკლები იყო”, – წერს შალვა ტაბატაძე.

„ვიხილავთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური