GE

დადებითი, უარყოფითი და სარისკო – უმაღლესი განათლების ხანგრძლივობის შემცირებას სპეციალისტები აფასებენ

უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეულ სპეციალობებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირების დაგეგმილ ცვლილებას სფეროს სპეციალისტები არაერთგვაროვნად აფასებენ. აღიარებენ, რომ იდეას დადებითი მხარე აქვს, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ განხორციელდება იგი.

მოგეხსენებათ, დაგეგმილია ცვლილება განათლების შესახებ კანონში, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ცვლილების მიხედვით, ბაკალავრიატის რამდენიმე მიმართულებაზე სასწავლო პროცესი  4 წლიდან 3 წლამდე მცირდება (240 კრედიტიდან 180-მდე), ხოლო მაგისტრატურაში 2 წლიდან 1,5 და ზოგ შემთხვევაში ერთ წლამდე.

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი ინიციატივას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კითხვები და ეჭვები მაშინაც არსებობდა, როცა 5-წლიანი სწავლა ჩვენთან 4 წლიანად გადაკეთდა. ამბობს, რომ აღნიშნული იდეა  ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებას ეყრდნობა. ანუ,  იგი უკვე აპრობირებულია, ვინაიდან, არის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ბაკალავრიატი სამწლიანია და მაგისტრატურა – ერთწლიანი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, როცა უნივერსიტეტს სასწავლო პროცესი ხელოვნურად აქვს გაწელილი, რეალურად კი კრედიტების დაგროვება სამი წლის განმავლობაშიც შეიძლება, ამის შეცვლა სასარგებლო იქნება.

„ჩემი აზრით, ეს ცვლილება ძირითად ამოცანასაც შეასრულებს, რადგან ყველა უნივერსიტეტი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს და ზოგიერთი ყალბი უნივერსიტეტი შეიძლება ამის წინაშე დამარცხდეს. ასე რომ, ვფიქრობ ეს ცუდი ნაბიჯი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ვითარებას არ გააუარესებს.

„არაა დასამალი, რომ ზოგიერთ უმაღლესში ისწავლება საგნები, რომლებიც მსოფლიოს არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება. ეს ძალიან ბევრ სასწავლებელს სიხარულს ნამდვილად არ მოუტანს, ბევრი ლექტორი კმაყოფილი არ იქნება, მაგრამ სტუდენტისათვის სასარგებლო იქნება ისწავლოს მხოლოდ ის, რაც მას სჭირდება და რაც საერთაშორისო სტანდარტებით აუცილებლადაა მიჩნეული“, – აღნიშნავს ბერძენიშვილი.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ექნება თუ არა თანაბარი წონა იმ კურსდამთავრებულის დიპლომს, რომელმაც ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე ჯამში 4 წელი ისწავლა და იმისა, ვისაც ამისათვის 6 წელი დასჭირდა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ სტუდენტი სამ წელიწადში ისწავლის იმდენს, რამდენიც საჭიროა, თუ ოთხში, მნიშვნელობა არ აქვს.

„აშშ-ში, საფრანგეთში, შესაძლებელია ადამიანმა ერთ დღეში დაამთავროს ბაკალავრიატი, თუკი ყველა იმ გამოცდას ჩააბარებს, რომელიც საჭიროა. ასე რომ, ეგ პრობლემა არ არის. პრობლემა სხვაგანაა – ძალიან ბევრი გაბერილი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს – რეგისტრირებულია 200 და 130 მოქმედებს. მაშინ როცა საქართველოს უნარი აქვს 10, მაქსიმუმ 20 სასწავლებელი ჰქონდეს. ეს ბევრმა ნაბიჯმა გამოიწვია, მათ შორის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. თუკი ახლა სწორი კუთხით დაიწყება სვლა, რა თქმა უნდა, მოსაწონია.

„თანაც, კანონში შედის ცვლილება, რომელსაც მთელი ქვეყანა განიხილავს. სანამ კანონი არ დაიწერება, მანამდე კონკრეტული საუბარი ძნელი იქნება, სანამ არ გვეცოდინება რომელ საგანში რა ხდება. იდეა მოსაწონია, რადგან ასეთი პრაქტიკა არსებობს და ძალიან სერიოზულ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ სამ წლიანი ბაკალავრიატი“, – აცხადებს  ბერძენიშვილი და დასძენს, რომ  ახალი კანონის განხილვაში იგი აუცილებლად მიიღებს მონაწილებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას აქვს თავისი პოზიტიური მხარეც, ნეგატიურიც და შეიცავს საფრთხეებსაც.

პოზიტიურ მხარეზე საუბრისას იგი ქართული უმაღლესი საუნივერსიტეტო სისტემის ევროპის საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრაციის მცდელობას ახსენებს და ამბობს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალში ქართველმა სტუდენტებმა ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლა თავისუფლად გააგრძელონ. ამისთვის, მისი თქმით,  ჩვენი სასწავლო სისტემა ევროპულთან თავსებადი უნდა იყოს.

პაპავას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში ზოგიერთ სპეციალობაზე სწორედ სამწლიანი ბაკალავრიატი და წელიწადნახევარი მაგისტრატურაა, აღნიშნული ცვლილება გარკვეულ სპეციალობებს ევროპულ სტანდარტებთან თავსებადს გახდის. შედეგად,  სტუდენტების გადასვლა ერთი ქვეყნის უნივერსიტეტიდან მეორე ქვეყნის უნივერსიტეტში, შესაძლებელი იქნება.

„ახლა უარყოფით მხარეებზე გადავალ: გულწრფელად რომ გითხრათ, მე ოთხწლიანი სწავლებითაც არ ვიყავი კმაყოფილი. დავიწყოთ იმით, რომ საჯარო სკოლები ბავშვებს ძალიან დაბალი დონის განათლებას აძლევენ. პრაქტიკულად, ახალგაზრდების დიდი ნაწილის განათლების დონე აშკარად არადამაკმაყოფილებელია. უნივერსიტეტებს ამის გარკვეული კომპენსირება უწევთ და ეს წარმატებით ყოველთვის ვერ ხერხდება. ახლა ოთხწლიანი ბაკალავრიატის სამწლიანზე დაწევამ, შესაძლოა უხარისხო განათლების მქონე  ახალგაზრდების რიცხვი გაზარდოს“, – აცხადებს აკადემიკოსი.

რაც შეეხება საფრთხეებს, მისი შეფასებით საფრთხეა ის, რომ უნივერსიტეტებმა შესაძლოა ამ მექანიზმის შემოღების შემდეგ ბაკალავრიატის სამწლიანზე გადაყვანა ხელოვნურად დაიწყონ სტუდენტების მოსაზიდად. ის ახალგაზრდები, რომლებიც სწავლაზე არ არიან ორიენტირებულები, რა თქმა უნდა, უპირატესობას ადვილ გზას მისცემენ.

პაპავას თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს მშობლებიც, რომლებსაც შვილის განათლების საფასური საკუთარი ჯიბიდან აქვთ გადასახდელი. სამი წელი, რა თქმა უნდა, უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ოთხი წელი. ამან  შეიძლება თითქმის ყველა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის დაცემა გამოიწვიოს.

„კიდევ ერთი საფრთხეა და ეს საფრთხე პროფესორთა კორპუსს ემუქრება. მათი დატვირთვა 240 კრედიტზეა გათვალისწინებული ბაკალავრიატში და 120 კრედიტზე მაგისტრატურაში. ამ კრედიტების რაოდენობის შემცირებამ მათ დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. თუ  უნივერსიტეტები პროფესორების დატვირთვის რაოდენობის შემცირებაზე არ წავლენ, მაშინ ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩება. მათ შორის, შესაძლოა მოხვდეს არაერთი კარგი პროფესორიც. ამიტომ აუცილებელია პროფესორთა სააუდიტორიო დატვირთვის შემცირება, რათა მათ მეტი დრო დარჩეთ სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

„გამოსავალი, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთია – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სწორი რეგულაცია უნდა მიიღოს და  სამწლიანი ბაკალავრიატი და წელიწადნახევრიანი მაგისტრატურა მხოლოდ იმ უნივერსიტეტებსა და იმ სპეციალობებზე უნდა დაუშვას, რომელთაც ევროპულ უნივერსიტეტებთან ორმაგი პროგრამები ექნებათ. ანუ, თუკი მათ (ჩვენ და ევროპულ უნივერსიტეტებს) შორის არის შეთანხმება ერთიან პროგრამებზე. ეს უმაღლესი განათლების ფალსიფიცირებასა და არასასურველკონკურენციას შეზღუდავს“, – მიიჩნევს ლადო პაპავა.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას თქმით, აღნიშნული ცვლილება „პოპულარულ“ პროფესიებსაც შეეხება და „არაპოპულარულებსაც“.

ამავე თემაზე:

„პროფესიების ძირითად ნაწილზე სწავლა კვლავ 4–წლიანი დარჩება, ცვლილებები შეეხება სტუდენტურ გრანტებსაც“

ცვლილება კანონში – გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა შესაძლოა, შემცირდეს

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური