GE

„პროფესიების ძირითად ნაწილზე სწავლა კვლავ 4–წლიანი დარჩება, ცვლილებები შეეხება სტუდენტურ გრანტებსაც“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, მიუხედავად უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბაკალავრიატის საფეხურზე პროფესიების ძირითადი ნაწილი კვლავ 4–წლიანი იქნება. მისი თქმით, 240-კრედიტიან პროგრამებთან ერთად გაჩნდება 180-კრედიტიანი პროგრამები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროგრამა აუცილებლად 3-წლიანი იქნება. როგორც თევზაძე აცხადებს, პროგრამის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მის ხელმძღვანელზე, თუ რა დროს თვლის ის საჭიროდ სწავლებისთვის.

“გაჩნდება ახალი შესაძლებლობა, რომ პროგრამა იყოს 180-კრედიტიანი. რაც შეეხება თავისუფალ და სავალდებულო კრედიტებს, 240-კრედიტიანი პროგრამის გავლისასაც გვაქვს სავალდებულო, არჩევითი და თავისუფალი კრედიტები. იდეა ამ კრედიტებისა მოდის იქიდან, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი, რომელის მიხედვითაც შესაძლებელია 180-დან 240 კრედიტამდე არჩევა, თუმცა ჩვენთან მხოლოდ 240 იყო. იმისთვის, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა მომხდარიყო საჭირო იყო გარკვეული დრო. უნდა მომხდარიყო სწავლის ხარისხის კონტროლი მონიტორინგი მანამდე, სანამ ასეთ ცვლილებას გადავწყვეტდით.

„4-წლიანი საბაკალავრო პროგრამები ჩვეულებრივად გაგრძელდება და პროფესიების ძირითადი ნაწილი კვლავ 4-წლიანი დარჩება. მაგრამ ეს 180-კრედიტიანი პროგრამა შესაძლოა განხორციელდეს სამი, სამწლინახევრის ან ოთხის წლის განმავლობაში, გააჩნია როგორ განსაზღვრავს და გაწერს ამას პროგრამის ხელმძღვანელი“, – აღნიშნავს თევზაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები შესაძლოა შეეხოს სტუდნტურ გრანტებსაც და თანხის გადანაწილება მოხდეს პროგრამების მიხედვით. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით ჩვენს სისტემაში სხვაობა არ არსებობს და ტექნიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში დაფინანსება ერთი და იგივე ოდენობის თანხით ხდება, სახელმწიფო ერთნაირ გრანტს გასცემს,  არადა, უნივერსიტეტს შესაძლოა სტუდენტისთვის ტექნიკური პროგრამების შესწავლა უფრო ძვირი უჯდებოდეს, ვიდრე ჰუმანიტარული მიმართულების.

„თქვენ იცით, რომ დღესდღეობით დაფინანსების სისტემა მიბმულია სტუდენტზე და იმ კრედიტებზე, რომელსაც ის იღებს. თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ მის ცვლილებაზე, გაუმჯობესებაზე.

„დღეისათვის სტუდენტური გრანტი, რომელსაც უნივერსიტეტები იღებენ არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რა მიმართულებაზე სწავლობს სტუდენტი. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს უცხოელი პარტნიოერებისა და უნივერსიტეტების მხრიდან შენიშვნები, რომ სხვადასხვა სპეციალობაზე სწავლება უნივერსიტეტს განსხვავებული ფასი უჯდება. მაგალითად სამედიცინო, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო სპეციალობების სწავლებაზე, შესაძლოა, უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს, ვიდრე ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე. დღემდე ეს რეგულირდებოდა უნივერსიტეტების შიგნით, ისინი თავად ანაწილებდნენ თანხას, რაც ასევე პრობლემური იყო, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს ცვლილება აისახოს დაფინანსებაზეც. თუ ეს მოვახერხეთ და ავსახეთ, გვინდა უნივერსიტეტებთან კონსულტაციებით და არასამთავრობოებთან შეთანხმებით უკვე განსხვავებული დაფინანსების სისტემა შევიმუშაოთ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ეთერში საუბრისას.

როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, უცხოური უნივრესიტეტების მხიდან ყოველთვის იყო კრიტიკა რომ ჩვენთან მხოლოდ 240-კრედიტიანი პროგრამები არსებობდა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი პირველი კრიტიკა, რომ ჩვენი ჩაკეტილი 240-კრედიატიანი პროგრამა ხანდახან ხელს გვიშლიდა ევროპულ საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრაციისას. ძირითადად, საუბარია ევროპულ უმაღლესებზე, რომლებსაც ვთქვათ აქვთ 180-კრედიტიანი პროგრამა და უნდათ ერთობლივი პროგრამის განხორციელება საქართველოსთან. ამ მხრივ უნივერსიტეტიც გამოთქვამდა მზაობას, თუმცა ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

„ახლა იქმნება საკანონმდებლო ბაზა, თუმცა ამას სჭირდება კანონქვემდებარე აქტები. მომავალი 6 თვიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გაიწეროს დეტალურად, რა პირობები უნდა შეასრულოს პროგრამამ რომ მისი განხორციელება მოხდეს და გაიაროს აკრედიტაცია. რის შემდეგაც სტუდენტებს აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა შეეძლებათ. აღარ იქნება სამართლებრივი ბარიერიები და ეს სისტემა თავსებადი გახდება საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო სისტემასთან“.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურაში სწავლების პერიოდის ცვლილების საკითხზე მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ პირველად EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრა.

ცვლილება კანონში – გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა შესაძლოა, შემცირდეს

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური