GE

„დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ!“ – აბიტურიენტის მიმართვა მშობლებსა და რეპეტიტორ მასწავლებლებს

“ამ წერილში იმას ვწერ, რასაც ჩემ ირგვლივ ვხედავ”, – ამბობს 17 აგვისტოს EDU.ARIS.GE-სთან 2023 წლის აბიტურიენტი, რომელიც მშობლებსა და რეპეტიტორ მასწავლებლებს მიმართავს და მოუწოდებს თავიანთ მოსწავლეებთან თუ შვილებისადმი მიდგომები შეცვალონ.

“ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო, მოგმართავთ ყველას უკლებლივ და გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ პოსტი, თუნდაც მან თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს!

ეროვნული გამოცდები დასრულდა, აბიტურიენტთა უმრავლესობამ უკვე იცის სავარაუდოდ სად მოხვდა. ეს დღეები მათთვის დიდი ემოციებითაა დატვირთული. ზოგიერთი მათგანი ბედნიერია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლით, ზოგიერთი კი თქვენი ნეგატიური და დაუფიქრებლად წამოსროლილი რეპლიკების გამო იტანჯება!

დაიმახსივრეთ ერთხელ და სამუდამოდ:

სირცხვილია, როდესაც რეპეტიტორები გამოდიხართ და აბიტურიენტს ეუბნებით, რომ თქვენ მეტი გინდოდათ და იმედგაცრუებული ხართ!!! (ვის უნდა უნდოდეს თავად აბიტურიენტზე მაღალი ქულის აღება?!)

სირცხვილია, როდესაც მშობლები თქვენი შვილის შედეგებს სხვისას ადარებთ (ასეთი მშობლები ღირსები ხართ, თქვენმა შვილებმა სხვა მშობლებს შეგადარონ!)

სირცხვილია, როდესაც რეპეტიტორები მხოლოდ მაღალქულიანი აბიტურიენტების ქულებს აფრიალებენ, ამის მიზანი მხოლოდ ტრაბახია! (რა, სხვა აბიტურიენტს არ უშრომია?! მაინცა და მაინც 70/65+ ქულა უნდა აეღო, რომ მათ წარმატებაზე გესაუბრათ?!)

სირცხვილია, როდესაც აბიტურიენტს ისედაც მაღალი ქულა აქვს და თქვენ ბავშვს ისე ესაუბრებით, თითქოს, რადგან ერთი ან ორი ქულით მეტი არ აიღო, დამნაშავეა! რეპეტიტორებო, მხოლოდ თქვენი თავი დაადანაშაულეთ, თუ მაღალქულიანმა ის ქულა ვერ აიღო, რაც საჭირო იყო!

„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე

გახსოვდეთ! რაღაც ერთი ეროვნულის დაწერა არც ამ ბავშვების ცოდნას განსაზღვრავს და არც მომავალს! (აბა, შემომედავეთ რომელიმე და მითხარით, რომ 12 წელში ერთხელ დაწერილი გამოცდა, რომელზედაც ბავშვი ისე ნერვიულობს, რომ საკუთარი სახელი ავიწყდება, რეალურ შედეგებს აჩვენებს…)

ისევ მშობლებო და რეპეტიტორებო, დაიმახსოვრეთ, მაგ აბიტურიენტებში ისეთი ბავშვები იმალებიან, რომლებიც ცხოვრებაში თქვენზე მეტს მიაღწევენ! თქვენს სიტყვებს, უაზროდ წამოსროლილ რეპლიკებს დაუკვირდით და მიხვდებით, რამდენს სცოდავთ ისედაც განერვიულებული ბავშვების წინაშე.

სხვის ომში ყველა ბრძენი ნუ გახდებით!”, – წერს 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში აბიტურიენტი, რომელმაც საკუთარი გვარსახელის საჯაროდ გამოქვეყნებაზე უარი გვითხრა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური