„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე
„16 დღეა რაც ქართულზე დავდივარ. თემა დავწერე და მასწავლებელს არ მოეწონა. მითხრა, თუ თემის წერას ვერ განავითარებ, გადიო. საერთოდ ყველაფრის მოტივაცია დავკარგე. ვფიქრობ, საერთოდ ყველა საგნიდან გავიდე, არ შემიძლია“, – ეს ტექსტი ერთ-ერთ აბიტურიენტს ეკუთვნის, რომელმაც გულისტკივილი სოციალურ ქსელში სპეციალურად აბიტურიენტებისთვის შექმნილი ჯგუფის წევრებს გაუზიარა.
წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თანატოლები და არა მხოლოდ, მის ავტორს ამხნევებდნენ, მასწავლებლის შეცვლასა და მოტივაციის შენარჩუნებას ურჩევდნენ. ბევრი აღმოჩნდა ისეთიც, ვინც მსგავს ისტორიას ჰყვებოდა და წერდა, რომ რეპეტიტორების მხრიდან „სუსტი“ მოსწავლეების უგულვებელყოფა და „ძლიერებზე“ ნადირობა, ბოლო წლებში, ჩვეულებრივი ტენდენცია გახდა. მეტიც – უკვე რთულად თუ შეხვდებით კარგ რეპეტიტორს, რომელიც „ყველანაირი დონის“ მოსწავლის აყვანაზე თანახმააო. გაირკვა ისიც, რომ რეპეტიტორის „სიკარგეს“, მშობელთა ნაწილი, დიდწილად, ამითიც ადგენს.
EDU.ARIS.GE სტატიაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენთან არაერთმა რესპონდენტმა საკუთარი მაგალითი გაამხილა, სპეციალისტები კი გვესაუბრნენ როგორც თავიანთი გამოცდილების შესახებ, ასევე, კონკრეტული ინსტრუქციები მისცეს აბიტურიენტებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ ვითარებაში, რომელთაგან ზოგიერთი გარემოება ასეთია:
– „მასწავლებელი, რომლის სახელს და გვარს არ ვასახელებ, მეუბნებოდა მაინც ვერ ისწავლი ამ საგანს და სხვაზე გადადიო. არა მარტო ჩემზე, სხვებზეც ამბობდა. გადავედით სხვა მასწავლებელთან და მაგ საგანს, ეროვნულებზე, დედა ვუტირეთ“.
– „რამდენიც გინდათ, იმდენია ეგეთი, რადგან „სუსტ“ ბავშვთან მუშაობას მეტი დრო და ენერგია მიაქვს, მეტი პასუხისმგებლობაა და პლუს, დაბალქულიანი ბავშვებით თვითპიარი აღარ გამოსდით. რომ ვაკვირდები, ბევრისთვის მთავარი სწორედ პიარია. ვიცი მასწავლებლები, რომლებიც შედარებით დაბალქულიანი ბავშვების ქულებს მალავენ, ხოლო მაღალქულიანი ბავშვების ქულების სქრინებს აფრიალებენ – ნახეთ, რა მაგარი მასწავლებლები ვართო. ასეთები თავის სახელს უფრთხილდებიან, მერე რომ თქვან, ამის მოსწავლეებმა მაღალი ქულები აიღესო“.
– „მე ვიცი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ჯერ ტესტს აწერინებს და შემდეგ წყვეტს მიიღოს თუ არა. ამის მერე ქულა მიეწერება მასწავლებელს და ალაპარაკდებიან როგორ მიიღო მისმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასება“.
– „ძლიერებს იმიტომ იყვანს, რომ პოპულარობა არ დაკარგოს. აბიტურიენტები და მისი მშობლები, რომლებიც წლის ბოლოს მასწავლებლებს ეძებენ, იმას კითხულობენ თუ რა ქულები აიღეს კონკრეტული პედაგოგის მოსწავლეებმა. დაბალ ქულებს რომ გაიგებენ, ჰგონიათ, მასწავლებელი არ ვარგა. თანაც, მასწავლებლები, რომლის მოსწავლეებიც მაღალ ქულებს იღებენ, მაღალ საფასურზე მუშაობენ და ძლიერ ბავშვებთან მუშაობით არც კი იღლებიან. წლის ბოლოს კი ბავშვის მაღალ ქულას მთლიანად თავის სახელს მიაწერენ. სუსტ მოსწავლეებთან მუშაობა ეზარებათ“.
– „თუ ყველა რეპეტიტორმა უარი უთხრა მოსწავლეს – სუსტი ხარო, მაშინ რა ქნას? საგანი თუ იმ დონეზე ვიცი, რომ ტესტი 20/20-ზე დაგიწერე, შენი ნასწავლი რაღა გამოდის?!“
მას შემდეგ, რაც EDU.ARIS.GE თემით დაინტერესდა და მეტი ინფორმაციის მოძიება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ პრობლემა საკმაოდ ფესვგადგმულია და პედაგობების მხრიდან გაკეთებული უტაქტო რეპლიკები თუ შენიშვნები, მოსწავლეებზე, საკმაოდ დიდ გავლენასაც ახდენს. უმეტეს შემთხვევაში უარყოფითს, ზოგჯერ კი დადებითსაც კი.
სწორედ დადებითი გავლენა იქონია პედაგოგის უხეშმა კრიტიკამ ჩვენს პირველ რესპონდენტზე, რომელმაც მასწავლებლის „რჩევა“ შეეწყვიტა მათემატიკაში მომზადება იმ მიზეზით, რომ „მისგან მაინც არაფერი გამოვიდოდა“ სტიმულად აქცია და ერთადერთი, რაც შეწყვიტა, თავად ამ მასწავლებელთან ურთიერთობა იყო. შედეგად კი იგი, ახლა, წარმატებული სტუდენტი და არაერთი კონკურსის მონაწილეა.
„შარშან ვიყავი აბიტურიენტი. მათემატიკის რეპეტიტორმა, პირველივე დღეს, მოგვცა დავალება, რომელიც ვერ შევასრულე. მეორე დღეს კიდევ მოგვცა და კიდევ ვერ გავაკეთე, რადგან არ გვავაჯირშებდა. მაგის მერე, ყოველ მისვლაზე მეუბნებოდა – წადი, სხვა საგანზე გადადი, ამას მაინც ვერ ისწავლიო. 10-ჯერ მაინც მითხრა ასე. მერე სხვა მასწაველებლთან გადავედი. 3 თვე ვიბრძოლე, იმედი არ მქონდა, მაგრამ გამოცდებზე მაინც მათემატიკა ჩავაბარე, დღეს სტუდენტი ვარ უმაღლეს მათემატიკას წარმატებით გავდივარ. ამავდროულად ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ფინალისტი ვარ“, – გვიყვება სტუდენტი.
„ამ საგანს ვერ დაძლევ“, „ამის სწავლას სხვანაირი ტვინი სჭირდება“, „ტყუილად მაცდენ“- მსგავსი შინაარსის ფრაზებისა და სხვა დამამცირებელი ეპითეტების მოსმენა კი ჩვენს მეორე რესპონდენტს უწევდა, რომელსაც პირობითად ნინოს დავარქმევთ. გოგონა ამბობს, რომ პედაგოგის მაშინდელმა სიტყვებმა მასზე იმდენად იმოქმედა, ახლაც კი, ორი წლის შემდეგ, უჭირს ამ თემაზე ანონიმურობის გარეშე ისაუბროს. აბიტურიენტობისას, კლასელებთან ერთად, განთქმულ ფიზიკის მასწავლებელთან მივიდა, მოსამზადებლად. მან ბავშვებს პირველივე გაკვეთილზე დავალება მისცა და ნინოს შედეგებით უკმაყოფილო დარჩა.
„მაშინვე უკმაყოფილება გამოხატა და მკითხა, ნამდვილად გინდა ამ საგანში მეცადინეობაო? მე გარანტიას ვერ მოგცემ, რომ ჩააბარებო. გავშრი, იმდენად არ მოველოდი. ვერ მივხვდი როგორ მიხვდა ერთი დავალების შესრულებით შევძლებდი თუ არა ამ საგნის სწავლას და რატომ ჩათვალა, რომ მთელი წელი არაფერს გავაკეთებდი“, – ჰყვება ნინო.
მას შემდეგ, აბიტურიენტი ყოველ გაკვეთილზე ისმენდა ფრაზებს – „რატომ წვალობ და მეც რატომ მაწვალებ, დედი, არ გირჩევნია რამე უფრო იოლი ისწავლო?“, „ფიზიკას სხვანაირი ტვინი სჭირდება“ და ა.შ. მისი თქმით, სულ გრძნობდა, რომ მასწავლებლისთვის ნინოს იქ ყოფნა არასასიამოვნო იყო. რცხვენოდა კლასელებისაც, რომლებიც ამ ყველაფერს ისმენდნენ. გოგონა ამბობს, რომ არ ზარმაცობდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც საყვედურებს იღებდა. საბოლოოდ, სხვა მასწავლებელთან გადავიდა, ინდივიდუალურ მეცადინეობაზე და გამოცდაზე საკმაოდ კარგი შედეგიც აჩვენა.
„იმდენად ჩამიკლა მოტივაცია, მართლა მჯეროდა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. საგანზეც ამიცრუვდა გული, ჩაბარებაზეც. იმ ქალმა სერიოზულად დამიქვეითა თვითშეფასება, თუმცა, მერე მივხვდი, რომ მას უბრალოდ მზამზარეულად უნდოდა კარგი მოსწავლე, ვისთანაც შრომა არ დასჭირდებოდა, ისე მოუტანდა მაღალ ქულას. წლის ბოლოს ვნახე კიდეც მისი სიამაყით აღსავსე პოსტი სოციალურ ქსელში, თავისი მოსწავლეების ქულები ჰქონდა გამოფენილი. მხოლოდ მაღლები, რა თქმა უნდა. ვაპირებდი დამეწერა, რომ ამ ბავშვების მაღალი ქულები მისი დამსახურება არ იყო, მაგრამ მაინც თავი შევიკავე“, – ამბობს ნინო.
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი ნატალია ბერიაშვილი უკვე 13 წელია მოსწავლეებს ამეცადინებს. EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ყველანაირი სიძლიერის, მზაობისა და მოტივაციის მოსწავლე ჰყოლია. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სხვა მასწავლებლებმა უარით გამოისტუმრეს, რადგან „სუსტებად“ მიიჩნიეს. ის ადასტურებს, რომ პედაგოგების გარკვეული ნაწილი უფრთხილდება საკუთარ ავტორიტეტს და სურს ისეთი მოსწავლეები აიყვანოს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს მიიღებენ.
„თუ მაქვს შესაძლებლობა და დრო, აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს ვთანხმდები, მთავარია წერა-კითხვა იცოდეს. ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, გამოიყენოს საკუთარი უფლება და შესაძლებლობა. ზოგი მოსწავლე გვიან ვითარდება და უფრო ჯიუტად მიიწევს წარმატებისკენ, ვიდრე ისინი, ვისზეც საზოგადოებას მაღალი მოლოდინები აქვს. პატივად ვთვლი, თუ ამ წარმატების მონაწილე ვიქნები.
„ერთი მაგალითი მახსენდება: მშობელმა ბავშვი მოიყვანა, მოსამზადებლად. მივხვდი, ოჯახი არ ენდობოდა და მეცადინეობაში დახარჯულ ფულს ტყუილად გადაყრილად თვლიდა. ერთი თვის შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი შვილი შეძლებს ჩაბარებას და იქნებ აღარ გავაგრძელოთ, თუმცა რაც ვიმუშავე არ გადამიხადოთ მეთქი. ცოტა ხანში ისევ დამიკავშირდნენ და მთხოვეს მეცადინეობის გაგრძელება. ვგრძნობთ, ძალიან განიცდისო. მაშინ შევშინდი და საკუთარი თავი გავკიცხე, რომ ეს შეცდომა დავუშვი. გავაგრძელეთ მეცადინეობა და იმდენად მოინდომა, რომ გამოცდებს თავი წარმატებით გაართვა. ასეთი ქულები მაქსიმუმს უდრის. არავინ იცის, ვინ, როდის, სად, რას და როგორ გამოიყენებს. მე ბარიერებს არ შევუქმნი, თუ შემიძლია დახმარება, დავეხმარები. თითოეული მოსწავლე, ჩემთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ქალბატონი ნატალია.
თემის კომენტირება და იმის შეფასება, თუ რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს მოზარდის ისედაც მყიფე ფსიქიკაზე მსგავსი შინაარსისა და ფორმის კრიტიკამ თუ ეპითეტებმა, განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტს ლელა ტყეშელაშვილს ვთხოვეთ, რომელიც ამბობს, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს „დასწავლილი უმწეობის“ ცნება.
მასში დიდი როლი მიუძღვით სწორედ აღმზრდელებს, მასწავლებლებს, მშობლებს. მისგან თავის დაღწევა კი თავად იმ ადამიანმა უნდა სცადოს, რომელსაც ასეთი უმწეობა შთააგონეს- „ის არ უნდა შეეგუოს აზრს საკუთარი უმწეობის შესახებ“, – აღნიშნავს ქალბატონო ლელა.
სპეციალისტი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლის მიმართ მასწავლებლის მოლოდინებია. ადამიანის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი აუმჯობესებს მისი შრომის ნაყოფიერებას და შედეგს, დაბალი მოლოდინი კი გაპასიურებას, მოტივაციის დაქვეითებას, შედეგების გაუარესებას იწვევს და იგივე ხდება სწავლის პროცესშიც – მოსწავლეები არაცნობიერად „იწყებენ“ მისდამი მასწავლებლის როგორც მაღალი, ისე დაბალი მოლოდინის გამართლებას. თუნდაც მასწავლებელი ამას ხმამაღლა არ გამოხატავდეს.
მასწავლებლის პროფესიონალიზმის განუყოფელი ნაწილიც, მისი შეფასებით, სწორედ ეს არის – გააცნობიეროს, რომ მოსწავლეების მიმართ უნდა ჰქონდეს მიუკერძოებელი, სტერეოტიპებისაგან თავისუფალი დამოკიდებულება.
„პედაგოგს თავად უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლის უნარი და ეს დამოკიდებულება მოსწავლეებმა მისგან უნდა იგრძნონ. იგი თანაბრად უნდა ააქტიურებდეს ყველა მოსწავლეს, არ უნდა ჰყავდეს ფავორიტი და გარიყული მოსწავლეები. თუკი აფასებს მოსწავლეებს, მათთვის ცნობილი უნდა იყოს კრიტერიუმები და იცოდნენ, როგორ გააუმჯობესებენ შედეგებს. მუდმივად ორიენტირებულები იყვნენ პროგრესსა და საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენაზე“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
ჩვენს კითხვაზე, როგორ უნდა მოახერხოს მოზარდმა მისთვის ისედაც რთულ და სტრესულ პერიოდში გაუმკლავდეს არაჯანსაღ დამოკიდებულებას და არ მოექცეს ნეგატიური შეფასებების გავლენის ქვეშ, რაც, საბოლოო ჯამში მის მოტივაციასა და თვითრწმენას აქვეითებს, ქალბატონი ლელა გვპასუხობს, რომ საუკეთესო გზა აზრობრივად დისტანცირებაა. იმის გააზრება, რომ ის, რასაც სხვებისგან ისმენს, მხოლოდ მათი შეხედულებაა და არა რეალობა.
აქვე, იგი მოსწავლეებისთვის რამდენიმე რჩევასაც გვიზიარებს:
- მიაქციეთ ყურადღება, რასაც სხვა თქვენზე ამბობდა, არ გადაიქცეს თქვენს შეხედულებად საკუთარ თავზე. ის, რომ ვიღაც ფიქრობს, წარუმატებელი ან წარმატებული იქნებით, არ ნიშნავს, რომ რეალობაც ასეთივე იქნება;
- როცა ადამიანი საკუთარ შესაძლო წარუმატებლობაზე ფიქრობს, აზრები და იდეებიც მხოლოდ ამ მიმართულებით მოსდის. თუ თქვენს აზროვნებას წარმატების შესაძლო გზებსა და საშუალებებზე მიმართავთ და წარუმატებლობაზე ფიქრს დროებით მაინც თავს დაანებებთ, თქვენი გონება ამ მიმართულებით შემოგთავაზებს იდეებსა და გამოსავალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოსინჯოთ და ნახოთ, რა ამართლებს და რა – არა;
- სთხოვეთ მასწავლებელს, ზოგადი შეფასების ნაცვლად, კონკრეტულად მიგითითოთ, რა ასპექტში უნდა გააუმჯობესოთ თქვენი შედეგი;
- დაიწყეთ წინსვლა თანმიმდევრულად და ყველაფერზე ერთბაშად ნუ იქნებით ორიენტირებული;
- ნუ დაისახავთ მიზნად შედეგს – კონკრეტულ ქულას ან რეიტინგს, ორიენტირებული იყავით პროცესის ხარისხიანად წარმართვაზე – რას იმეცადინებთ რამდენს და როგორ – და შედეგიც უკეთესი იქნება;
- მასწავლებლის შენიშვნა გამოიყენეთ როგორც გააქტიურების რესურსი – არ დაფიქსირდეთ მხოლოდ წყენასა და უსამართლობაზე, თუმცა გულწრფელად უთხარით მასაც და მშობელსაც, თუ რას განიცდით;
- თქვენ თვითონ გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე, ნახეთ ნიმუშები, როგორ ფასდება ნაშრომები, მოისმინეთ ინტერვიუები საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელებთან;
- ესაუბრეთ თქვენს თანატოლებს, ვინ როგორ შრომობს, რა სირთულეებს აწყდებიან და როგორ ძლევენ მათ, თქვენც გაუზიარეთ გამოცდილება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების უფრო რეალისტურ შეფასებაში, გააქტიურებასა და საკუთარ ცოდნასა და მიღწევებზე პასუხისმგებლობის აღებაში.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება