GE

დავალება განათლების კომიტეტს – საქართველოში თარჯიმანთა სერტიფიცირების დაწესებას პარლამენტისგან განმეორებით ითხოვენ

საქართველოში თარჯიმანთა სექტორში არსებულ პრობლემებსა და გადასაჭრელ საკითხებთან დაკავშირებით წინადადება და კანონპროექტი მოამზადდა, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ბიურომ 13 აპრილს დაავალა.

პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მომზადებულ წინადადებაში მოცემულია „თარჯიმნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა მოამზადა. ავტორი, ლალი კუტალაძე ამბობს, რომ მთარგმნელობით სფეროში არსებული პრობლემები დღემდე მოუგვარებელია და ის აუცილებლად სამართლებრივ მოწესრიგებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ იგივე მოთხოვნებით, პარლამენტს 2020 წელსაც მიმართეს. მაშინ კომიტეტზე  საკანონმდებლო წინადადება განიხილეს კიდეც და გადაწყვიტეს, რომ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნილიყო, თუმცა როგორც ჩანს არაფერი შეცვლილა, რადგან თარჯიმნები დღემდე ამ სფეროში არსებულ განუკითხაობაზე ჩივიან.

ინიციატივის ავტორი წერს, რომ დამწყებ თარჯიმანთა მომზადება შესაბამისი ენის პრაქტიკოსი, მოქმედი თარჯიმნის მიერ უნდა მოხდეს. დამწყები თარჯიმანი გადიოდეს მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, აბარებდეს გამოცდას ასოციაციაში და ასოციაციამ მიანიჭოს მას დამწყები თარჯიმნის სტატუსი და ლიცენზია. რაც შეეხება საკვალიფიკაციო გამოცდებს, რომელიც კანონპროექტის ინიციატორის განმარტებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს, ჩააბარებენ ნაფიცი და სერტიფიცირებული თარჯიმნობის მაძიებელი პირები.

საკითხების ჩამონათვალი, რომლის მოგვარებასაც თარჯიმნები ითხოვენ, ასეთია:

  • საქართველოში მოღვაწე თარჯიმანთა აღრიცხვა და მათი თავმოყრა ერთ სივრცეში (ერთიან ორგანიზაციაში);
  • თარჯიმანთა სერტიფიცირება, ლიცენზიის გაცემა და თარჯიმნის სტატუსის მინიჭება;
  • ნაფიცი თარჯიმნის ინსტიტუტის დამკვიდრება;
  • თარჯიმანთა და თარგმანთა ერთიანი რეესტრის შექმნა (ნოტარიულად დასამოწმებელი საბუთებისთვის);
  • ხელმოწერების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლა;
  • თარჯიმნის ხელმოწერისა და ბეჭდისთვის იურიდიული ძალის მინიჭება;
  • თარგმანის საფასურის უნაღდო ანგარიშსწორება და სახელფასო საბარათე სისტემაზე გადასვლა (ნოტარიულად დასამოწმებელი საბუთებისთვის);

განახლებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მთარგმნელობით სფეროში არსებული სრული უკონტროლობისა და, განუკითხაობის ფონზე, ზიანდება როგორც პროფესიონალი თარჯიმანი, ასევე კლიენტი, თარჯიმანთა და თარგმანთა ერთიან რეესტრში მოქცევა კი დაზოგავს თარჯიმანთა დროს, ენერგიას ფინანსებს და უზრუნველყოფს რაიონში მცხოვრები თარჯიმნების ჩართულობას ამ სფეროში.

ვინ არ დაიშვება თარჯიმანთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე და რა სახის გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო, – იხილეთ მოცემულ ბმულზე.

ასევე იხილეთ:

„სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სახელმწიფო ენის სწავლაში ფულს არ უნდა ახდევინებდეს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური