GE

„სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სახელმწიფო ენის სწავლაში ფულს არ უნდა ახდევინებდეს“

„ბაღები არ გვაქვს, სკოლა არ გვაქვს და 2 250 ლარს ვიხდით ქართულის სწავლაში. ქართული ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ნებისმიერ საფეხურზე უფასოდ უნდა ისწავლებოდეს“, – ამბობენ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

ისინი მიუთითებენ როგორც სკოლამდელი და სასკოლო განათლების პრობლემის, ასევე 1+4 ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზეც, რომელიც მათ სახელმწიფო ენას ასწავლის და აცხადებენ, რომ ის ფასიანი არ უნდა იყოს. პროგრამა გულისხმობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით აბარებს ზოგადი უნარების ტესტს, ხდება მოსამზადებელი კურსის სტუდენტი და შეისწავლის ქართულს, როგორც მეორე მშობლიურ ენას. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამ პროგრამით ერთის მხრივ, სახელმწიფო აღიარებს, რომ მან შეცდომა დაუშვა და არ ასწავლა მათ უნივერსიტეტში მისვლამდე მშობლიური ენა და თითქოს ამ ერთწლიანი პროგრამით ცდილობს ამის გამოსწორებას და მეორეს მხრივ ამბობს, რომ ამ დამატებითი ერთი წლის განმავლობაში ის მსურველს ქართულს უფასოდ ვერ ასწავლის და მან თანხა უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს.

ეროვნული უმცირესობების სახელით დაწყებული კამპანიის “გვასწავლეთ ქართული უფასოდ” ფარგლებში, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფოს სთხოვენ მშობლიური ენის სწავლებაში ფული არ გადაახდევინონ.

ამ პრობლემაზე საუბარს მიეძღვნა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისა და განათლების სპეციალისტების მონაწილეობით 16 აპრილს მოწყობილი დისკუსია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაიმართა.

განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ენის სწავლების ხელმისაწვდომობაზე და თუნდაც იმაზე, რომ პროგრამა ფასიანია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემატურია ამ ადამიანების დასაქმების ნაწილიც და სწავლის ხელმისაწვდომობასთან ერთად ეს საკითხიც უნდა გადაიჭრას.

ეროვნული უმიცერსობის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მათი პრობლემის მთავარი ხაზი ახლა სხვაგან გადის:

“ჩვენ სხვა ფოკუსიდან ვუყურებთ ამ საკითხს, ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სახელმწიფო ენის სწავლაში არ უნდა ახდევინებდეს ფულს, თორემ ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ განათლებაში რიგი პრობლემებია. ჩვენი ერთერთი მოთხოვნა უფასო ფაკულტეტებში დისკრინინაციის აღმოფხვრაც არის, მაგრამ ამ შევთხვევაში ჩვენ ვუყურებთ ამ საკითხს თუ როგორ გვიყურებს სახელმწიფო ჩვენ. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებით ჩვენ სისტემასაც ვაშიშვლებთ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არ არის ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება, რაც ამ ყოველივეს საფუძველია. ასევე, სკოლაში არ არის ქართული ენის, სახელმწიფო ენის სწავლების სათანადო პროგრამები. არის სკოლები სადაც შესვლაც კი სახიფათოა, ფიცრული სკოლები სადაც მოსწავლეები ცდილობენ ისწავლონ და შემდეგ გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტში”, – თქვა ბენიამინ კასიმ ოღლუმ, პლატფორმა სალამის თანადამფუძნებელმა.

კიდევ ერთი ახალგაზრდა კი იხსენებს რა პასუხს აძლევენ დასაქმების მიზნით საჯარო სექტორში მისულს და ამბობს, რომ ეს დისკრიმინაციაა:

“მეუბნებიან, წადი, ჯერ ქართული ისწავლე და მერე მოდი. მეც მინდა რომ ვისწავლო ქართული და მოდით ერთად გავაკეთოთ, რომ ვისწავლოთ… მე დღეს ინგლისური იმიტომ არ ვიცი, რომ ჩემი დრო და ენერგია ქართული ენის სწავლას მოვახმარე”.

ამ კონტექსტში სასკოლო სახელმძღვანელოების პრობლემას შეეხო ისტორიის ასოცირებული პროფესორი ცირა მესხიშვილი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ასწავლის:

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან განათლებას სკოლაში და სახელმძღვანელოებს. თუ ხარისხიანი სახელმძღვანელო არ იქნა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი უმცირესობაა… არც ქართული სახელმძღვანელოები ეთამაშება ვარსკვლავებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არაქართულენოვანი სახელმძღვანელოები საშინელებაა. უამრავ შეცდომებს პოულობენ მარტო სომხურის სახელმძღვანელოებში სომეხი პედაგოგები, თარგმნაშიც კი. და მეორე, არ გვივარგა მეთოდოლოგია ენის სწავლების, ეს ყველაფერი არის დასახვეწი”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ასევე განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა როგორც ახალგაზრდები ამბობენ, სახელმწიფოს პასუხი მათთვის წლების განმავლობაში ერთია, რომ “ამ პრობლემის მოსაგვარებლად დიდი და გრანდიოზული გეგმები აქვთ”.

ასევე იხილეთ:

„თუ სკოლაში დაწესებული იქნება მეგრულისა და სვანურის სწავლება, მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზური ენის დაცვას შევძლებთ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური