„ჩვენი საბოლოო მიზანია, ეს საგანი სკოლაში სავალდებულო გახდეს“ – „სამხედრო საქმე“ სექტემბრიდან კიდევ 40 სკოლაში შევა
ახალი სასწავლო წლიდან იმ სკოლების რაოდენობას, სადაც “სამხედრო საქმე”, როგორც საგანი მეცხრე კლასებში საპილოტედ არის შეტანილი, 40 სკოლა დაემატება და საბოლოოდ, ყველა სკოლაში სავალდებულო საგანი გახდება.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში, განათლების კომიტეტზე განაცხადა, სადაც მოისმინეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიში, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონტექსტში, თავდაცვის სამინისტროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებასა და აქტივობების მიმდინარეობაზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამხედრო საქმე სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პრიექტია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ინტერესის გაღვივების თვალსაზრისით.
“სამხედრო საქმე ამ ეტაპზე საჯარო სკოლებისათვის საპილოტე საგანია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ სკოლების ჩართულობა და ასევე კერძო სკოლებშიც მოხდეს მისი დანერგვა. საბოლოო მიზანი იქნება, რომ, რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო საგანი იყოს. ამ ეტაპისთვის 80-მდე საჯარო სკოლა არის ჩართული და აქედან 20 სკოლა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებია. საგანს ჩვენი თადარიგის ოფიცრები კითხულობენ და ასევე, საჯარო სკოლებში მოწყოფილია სპეციალური ოთახები, სადაც არის წარმოდგენილი აღჭურვილობა. მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ როგორც ჩვენი სამხედრო ისტორიის, ასევე ჩვენი თავდაცვის ძალების შესახებ, რომელიც პრაქტიკულ ნაწილსაც ითვალისწინებს – აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
კომიტეტზე ითქვა, რომ ვინაიდან ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტშიც, ამ საგანს სერიოზული დატვირთვა ექნება.
კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა როდის მოხდება საგნის ათვისება ყველა სკოლაში და რაზე იქნება ის უპირეტესად ორიენტირებული, რაზეც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ მომენტისთვის კონკრეტული დაბრკოლებების გადაწყვეტაა საჭირო:
“როგორც გითხარით, პედაგოგები არიან თადარიგის ოფიცრები და განათლების სამინისტროოსთან აქტიური თანამშრომლობით ხდება მათი გადამზადება მასწავლებლის სახლში. ჩვენ გვაქვს შერჩევის კრიტერიუმები და კანდიდატი გადის ფილტრს. სახელძღვანელო შედგენილი და ადაპტირებულია სკოლის მოსწავლეებისთვის და მოიცავს როგორც სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს, ასევე ძირითად ინფორმაციებს ზოგადად ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით. კვირაში ერთხელ ტარდება პრაქტიკულ ნაწილთან ერთად. რაც შეეხება გავრცობას, 40 სკოლა დაემატება ახალი სასწავლო წლიდან. ჩვენ დამოკიდებული ვართ სკოლების მზაობაზეც, არის დაინტერესება, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რომ ჩვვენ შევძლოთ პედაგოგის უზრუნველყოფა შესაბამის რეგიონში, აი, ამ საკითხების დარეგულირება მიმდინარეობს. გვინდოდა, რომ წელსაც ყოფილიყო ეს სავალდებულო საგანი, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ჯერ ეს ვერ ხერხდება, თუმცა საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის”.
ასევე იხილეთ:
- მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე, უნივერსიტეტი ავტორიზაციასაც ვერ გაივლის – პრემიერ-მინისტრის დადგენილება by ARIS.GE-განათლება
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024