GE

„ჯაყოს ხიზნები“ და „წერილი დედას“ – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართულის ბოლო, მეხუთე სესიაზე

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე აბიტურიენტებმა პირველი სავალდებულო საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება დღეს დაასრულეს. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი გამოსაცდელი და დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

ქართულის გამოცდის რიგით მეხუთე სესიიდან გამოსული აპლიკანტები, ტრადიციულად, საკითხებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან იხსენებენ:

ნიკა კაბულაშვილი – 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: თემები მოვიდა პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“. თეზისი ჯაყოს ხიზნებში არ მახსოვს, მაგრამ ლექსში ასეთი სახით იყო: „რამდენად აქტუალურია ის პრობლემა, რომ ადამიანი ახალ საცხოვრებელ გარემოში გადადის“. თეზისს დავეთანხმე იმ არგუმენტით, რომ ადამიანი როცა ახალ საცხოვრებელ გარემოში გადადის, ეს ან მისი ნებასურვილით ხდება, ან მისი გარემო პირობებით. ზოგი ქალაქურ ყოფაცხოვრებაში იბადება და მისთვის სოფლური გარემო უცხოა. რედაქტირების ნაწილში ძირითადად ასოები იყო ჩასასმელი, მძიმეები და რამდენიმე ადგილას ტირე აკლდა. თვითონ ტექსტი რუსულ ტრამვაის შეეხებოდა. საერთო ჯამში, დავალება არც რთული იყო და არც მარტივი, საშუალო სირთულის იყო. რაც შეეხება შიგნით სიტუაციას, ძალიან კარგი გარემო იყო, გვქონდა სიგრილე და ყველა პირობა კარგად მუშაობისთვის.

კიდევ ერთი აბიტურიენტი თემების თეზისებს ასე იხსენებს: თეზისები „ჯაყოს ხიზნების“ შემთხვევაში იყო ქვეყანაში მიღებული ცოდა უნდა დაიხარჯოს თუ არა ამავე ქვეყანაში და პაოლო იაშვილის ლექსის შემთხვევაში – მარტივია თუ არა ახალ საცხოვრებელ გარემოსთან შეგუება.

აბიტურიენტი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: „პროგრამულიდან სულ დასაწყისი იყო „ჯაყოს ხიზნებიდან“, თეიმურაზის აღწერა. არაპროგრამულიდან პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“. ესეს თეზა იყო, აქვს თუ არა აზრი ცოდნის მიღებას თუ ვერ გამოიყენებ. რედაქტირებაში სიტყვები იყო შეცდომით და სასვენი ნიშნები გამოტოვებული“.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, ლიკა კვირკველია, 103-საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან ამბობს, რომ საკითხები ეადვილა: ერთი-ერთი იყო „ჯაყოს ხიზნებიდან“ და თემა იყო დასაწერი – ბევრის ცოდნა საჭიროა თუ არა, თუკი არ გამოიყენებ. არაპროგრამულიდან იყო პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“. ადვილი იყო.

ამავე ცენტრიდან გამოსული მეორე აბიტურიენტი, ელენე გელაშვილი კი, ტექსტის რედაქტირებაში ნაპოვნ 17 შეცდომაზე საუბრობს: რედაქტირებაში 17 შეცდომა ვიპოვე. სულ 16 შეცდომა არის, მაგრამ რომ წავიკითხე, მეტი ჩავთვალე შეცდომად. ძალიან კარგი განწყობით შევედი. დამკვირვებლებიც კარგები იყვნენ, არც ბავშვები იყვნენ დაძაბულები და დაწყების პროცესშიც, თუ ვინმეს რამე კითხვა ჰქონდა, ძალიან კარგად და ამომწურავად პასუხობდნენ. შესაბამისად, ატმოსფერი კარგი იყო. ყველაფერი ძალიან მალე დავწერე.

აბიტურიენტები 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან:

„საკმაოდ მარტივი საკითხები ვწერეთ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ ავირჩიე, რადგან უმარტივესი იყო ანალიზისთვის. თეიმურაზის დახასიათება უნდა გაგვეკეთებინა როგორიც იყო. უმრავლესობამ ავირჩიეთ პროგრამული. არაპროგრამულიდან მოვიდა პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“, სოფლის დატოვებასა და ქალაქში ცხოვრებას ეხებოდა. რედაქტირებაში სიტყვები იყო გამოტოვებული, კავშირების წინ სასვენი ნიშნები არ ეწერა და ზოგიერთი სიტყვის წინ. ესე იყო თემაზე, ცოდნას რამდენად უნდა ვიყენებდეთ. არგუმენტებად თეიმურაზის მაგალითი მოვიყვანე და ნაცარქექიასი. ჯამში კმაყოფილი ვარ და კარგ შედეგს ველოდები”.

„მე გამიჭირდა ესეს წერა ცოდნის გამოყენებაზე. თავიდან ვერაფერი გავიხსენე. შემდეგ მოვიყვანე ილია ჭავჭავაძიდან ციტატა ცოდნის და ძალის შესახებ და რამდენიმე პერსონაჟი ფილმიდან. კიდევ მეწერა დაუფასებლობაზე და ქართულ რეალობაზეც. რედაქტირება მარტივი იყო, კმაყოფილი ვარ, თუმცა შეცდომები ბევრი მექნება“.

დავით ხუციშვილი, აბიტურიენტი 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: რედაქტირების ტექსტი მეცხრამეტე საუკუნეში, თბილისში რუსეთიდან ტრამვაების შემოყვანას ეხებოდა და იყო 3-4 პუნქტუაციური შეცდომა, დანარჩენი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული. თემებიდან ავირჩიე „ჯაყოს ხიზნები“, სადაც თეზისი ასე იყო მოცემული – ცოდნას ფასი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ გამოიყენე. მე თეზისს არ დავეთანხმე, რა თქმა უნდა, და ჩემი აზრი გავამყარე არგუმენტით, რომ ცოდნას დღევანდელი გადმოსახედიდან თუ უყურებ, მისი გამოყენება ხვალ ყოველთვის შეგიძლია, თუ ვერ ხედავ მომავალს და ტოვებ ქვეყანას, იქიდან საერთოდ ვეღარ აფასებ გამოგადგა თუ არა. შესაბამისად, აქვს აზრი.

ამავე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ლელა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ტესტზე მუშაობა არ გასჭირვებია, მაგრამ შედარებით რთული მოეჩვენა წაკითხულის გააზრებიდან ზოგიერთი კითხვა:

„ძველქართულიდან იყო საკითხები, რომელიც თავიდან თითქოს ვერ გავიგე, მაგრამ დაუწერელი მაინც არ იყო და ესეც გავაკეთე. რედაქტირებას რაც შეეხება, აქ, ძირითადად პუნქტუაციური შეცდომები იყო, სხვა ისეთი არაფერი. თემებიდან ავირჩიე „ჯაყოს ხიზნები“ და მოცემულ თეზისს დავეთანხმე. ჩემი მოსაზრება გავამყარე იმით, რომ ადამიანები სხვა ადამიანებთან კომუნიკაციით უფრო ვიმყარებთ ცოდნას. ამიტომ მგონია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი ცოდნა ადამიანებთან კომუნიკაციისას გამოვიყენოთ, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს“.

103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, ნია გზირიშვილი,  EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან ქართულის საგამოცდო საკითხების შინაარსსა და სირთულეს აფასებს:

„აქვს თუ არა ფასი ცოდნას, თუ მას ცხოვრებაში ვერ გამოიყენებ“, – ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თემები შემხვდა, ძალიან მარტივად დავწერე და მარტივად გავართვი თავი ყველაფერს. რომ დავინახე „ჯაყოს ხიზნები” აღარაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება, იმდენად ბედნიერი ვიყავი. იყო თეიმურაზის დახასიათება. რას აკეთებდა? საკუთარ მინიმალურ ცოდნას მაქსიმალურად წარმოაჩენდა. მე გავიგე, რომ მესამე ვარიანტი რთული იყო და მეც მერთულა საკითხები რომ ვნახე. მეგონა, ბოლო ვარიანტები უფრო რთულები იქნებოდა, ვლოცულობდი ეს დღეები, რომ რაღაც კარგი შემხვედროდა და გამიმართლა”.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 8 ივლისს, მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს გოგა ნიჟარაძემ, მზეო შველიძემ და თამარ შუკვანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური