„ქართულის რედაქტირების დავალებაში თუ ამ შეცდომას დაუშვებთ, ნაწერი არ შეფასდება“ – გაფრთხილება აბიტურიენტებს

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველი იქნება და 2025 წლის აბიტურიენტებს პირველი რეკომენდაციებიც სწორედ ამ საგანში მიეცათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის წარმომადგენელმა, ნინო ჭუმბურიძემ 2025 წლის აბიტურიენტების კითხვებს 8 აპრილს, ონლაინ ღია კარის დღეზე უპასუხა.
რედაქტირების დავალებაზე საუბრისას ის იმ შეცდომას შეეხო, რომელსაც აბიტურიენტები უშვებენ ხოლმე და განმარტა, რომ ასეთი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, აპლიკანტის ნაწერი არ შეფასდება.
“თქვენ გეძლევათ ტექსტი, რომელშიც იქნება ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და ასევე სტილისტური ხარვეზი. თქვენ უნდა გაასწოროთ ეს შეცდომები და შემდეგ გადაწეროთ პასუხების ფურცელზე. გადაწერისას უნდა იყოთ ყურადღებით და არ დაუშვათ მექანიკური შეცდომა, იმიტომ, რომ ყოველი შეცდომის დროს გაკლდებათ ქულა.
“არ არის სწორი, როდესაც ვინმე იწერს მხოლოდ სიტყვებს, რომელშიც შეცდომა არის დაშვებული და ასწორებს ამ სიტყვას, ასეთი ნაწერი არ შეფასდება. თქვენ აუცილებლად მთელი ტექსტი უნდა გადაწეროთ, ვინაიდან ზოგჯერ, განსაკუთრებით სინტაქსური ხასიათის შეცდომების დროს, ან სტილისტური ხარვეზის გასწორების დროს, არ არის მხოლოდ ერთი სიტყვა გასასწორებელი, ეს უნდა გახსოვდეთ”, – განაცხადა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.
ნინო ჭუმბურიძემ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, აბიტურიენტის კალიგრაფია იყოს გასაგები და იკითხებოდეს: “კალიგრაფია უნდა იყოს ისეთი, რომ გამსწორებელს მისი წაკითხვა შეეძლოს”.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აბიტურიენტს რედაქტირებაში პუნქტუაციურ შეცდომებზე ქულა დააკლდება, თუმცა წერით დავალებაში (თხზულება/წაკითხულის გააზრება) ერთი-ორი მძიმის გამოტოვების გამო, ქულა არ დაგაკლდებათ.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 5 აპრილი, 2025
-
რა შემთხვევაში დაიბრუნებთ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს და რა შეზღუდვა არსებობს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 3 აპრილი, 2025
-
შეცდომები, რომლებიც აბიტურიენტმა მათემატიკის ტესტში არ უნდა დაუშვას – ტესტის 2025 წლის ნიმუში სწორი პასუხებით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 31 მარტი, 2025