„ძალიან ნაწყენი ვარ ამ სიტუაციით“ – აბიტურიენტების თხოვნა გორის საგამოცდო ცენტრიდან განათლების სამინისტროს და NAEC-ს

გორის საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი აბიტურიენტების ნაწილს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელ უწყებებთან პრეტენზიები აქვს. შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ახალგაზდები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათ წინასაგამოცდო სტრესს კიდევ უფრო ამძაფრებს. ისინი ყვებიან, რომ გამოცდაზე გასვლა მათთვის ორმაგად სანერვიულოა, რადგან იმის, გამო, რომ საგამოცდო ცენტრი მათ მუნიციპალურ ცენტრში არ არის გორის საგამოცდო ცენტრამდე დროულად მისვლისთვის დილის ხუთ საათზე უწევთ გაღვიძება. რიგ შემთხვევებში კერძო სამარშუტო ტაქსებს ქირაობენ და საგამოცდო ცენტრამდე ერთად მიდიან, თუმცა გამოუძინებლები, უჭმელები და დაღლილები.
ხაშურის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი აბიტურიენტი, ნინა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გამოცდის დაწერა გაუჭირდა, რადგან ერთ საათზე მეტი გამოფხიზლებას მოუნდა. ვერ მოასწრო გამოძინება, კვება და მობილიზება. თვლის, რომ ეს ყოველივე ქულებზე იქონიებს გავლენას. ამიტომ, მისი თხოვნაა, საგამოცდო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრში მოეწყოს, რადგან მსგავს გამოცდილებას არავის ურჩევს.
„საკითხები კი მახსოვს, მაგრამ რა დავწერე – არ ვიცი. ერთი სათხოვარი მაქვს და ძალიან გთხოვთ, რომ ეს საკითხი წამოჭრას თქვენმა რედაქციამ. იქნებ ვინმე მიხვდეს იმას, რომ ძალიან რთულია გორში ჩამოსხვლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სოფლებიდან. მე პირადად ხაშურიდან ვარ და დილით ადრე გამოვედით, რომ არ დამეგვიანა. უძილო, საკვების გარეშე და კიდევ რამდენი რამ ჩამოვთალო, არ ვიცი. ისედაც ყველა ვნერვიულობთ და ამას კიდევ ეს ემატება, რომ ამხელა გზას გავდივართ გამოცდების ჩასაბარაბლად. ორმაგი სტრესია. მინდა, რომ სამომავლოდ საგამოცდო ცენტრები მუნიციპალიტეტების ცენტრებში იყოს გახსნილი, მაგალითად ხაშურში რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, უკეთესად, დაწყნარებული მივიდოდი და ბევრად უკეთესად შევასრულებდი დავალებებს. ახლა კი გამოფხიზლებას მოვუნდით ერთი საათი. ძალიან ნაწყენი ვარ ამ სიტუაციით“, – გვითხრა ნინა ბოჭორიშვილმა.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, გორიში გამოსაცდელები ქარელიდან და კასპიდანაც იმყოფებიან. მათი ნაწილი კი ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლებიდან არის, სადაც ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მოძრაობს.
გამოსაცდელები გვიყვებიან, რომ გორში ჩასასვლელად სხვადასხვა ხერხებს მიმართეს. ზოგმა სამარშრუტო ტაქსი იქირავა, ზოგმა მეზობელს სთხოვა ავტომობილი, ზოგმა კი წინა დღეს დაჯავშნა გორში სასტუმრო, რათა გამოცდაზე დროულად გამოცხადებულიყო. ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული. აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდების პერიოდში აუცილებელია ამ საკითხების გათვალისწინება და ასეთი ადამიანების დახმარება. მათი აზრით, აუცილებელია, რომ გორის გარდა საგამოცდო ცენტრები რეგიონის კიდევ სხვა მუნიციპალიტეტებში იყოს.
„იმაზე ვინერვიულო, გამოცდას როგორ დავწერ თუ იმაზე, რომ როგორ მივაღწიო საგამოცდე ცენტრამდე დაგვიანების გარეშე? განათლების სამინისტრომ და ასევე გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა გაითვალისწინონ ასეთი შემთხვევები და ხელი შეგვიწყონ, რომ გამოცდაზე გასვლის წინ არ ვიფიქროთ ამ ყველაფეზე. ვისაც ავტომობილი არ ჰყავს, ან თანხა არ აქვს სასტუმროს დასაქირავებლად, ხომ წარმოგიდგენიათ რა რთულ გზას გადის. მინიმუმ გამთენიისას უნდა ადგე, რომ საგამოცდოდ მოემზადო. ჩამოხვიდე დასტრესილი და ისედაც სტრესულ გარემოში დაწერო გამოცდა. ეს ადვილი ნამდვილად არ არის და ამ საკითხს მიხედვა სჭირდება. იმედია სამომავლოდ მაინც გამოსწორდება ვითარება. რა უჭირს სახელმწიფოს, რომ მოაწყოს საგამოცდო ცენტრები“, – გვითხრა ალიკა ზანგალაძემ.
პრობლემაზე საუბრობს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელიც:
„დილის 5 საათი იყო, რომ დავუძახე – შვილო, ადექი და მოემზადე, გამოცდაზე მივდივართ-მეთქი. ისე შემეცოდა, ძლივს მოვიდა აზრზე, რომ გამოვედით პირადობაც და საგამოცდო ბარათიც დაგვავიწყდა. შემდეგ მივბრუნდით უკან. კი მოვასწარით ჩამოსვლა, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ რა რთულია. ახლა ასე ადვილად ვყვები, მაგრამ რამდენი ახალგაზდრა იქნებოდა ჩემი შვილის მდგომარეობაში. დაამატონ რა საგამოცდო ცენტრები, რომ ყველასთვის გამარტივდეს გამოცდაზე გასვლა და ამისათვის არ მოგვიწიოს რაღაცების კეთება“, – გვითხრა ლია ნოზაძემ, აბიტურიენტის დედამ.
გორი ერთადერთი ქალაქია შიდა ქართლში, სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი და სადაც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტებიდან (ქარელი, ხაშური, კასპი) ჩადიან ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. როგორც აღმოჩნდა, რეგიონში ერთადერთი საგამოცდო ცენტრის არსებობა პრობლემას წარმოადგენს და აბიტურიენტებს ადგილამდე მისასვლელად სირთულეების გადალახვა უწევთ.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისევ ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედად ვართ“ – რა აქტივობით წარიმართა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და როგორია მისი ლეგიტიმაცია? by ARIS.GE-განათლება