GE

„ერთი ნაწარმოები იყო „გმირთა ველური“ და მეორე არ მახსოვს“ – ეროვნული გამოცდების მარგალიტები 2026

ზოგისთვის ავად და ზოგისთვის კარგად, თუმცა ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი – ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დამთავრდა. გვჯერა, ახალგაზრდებმა თავიანთი შრომის მაქსიმუმი დადეს. შედეგებს კი, სულ მალე, ქულებში თარგმნილს იხილავენ.

თავიანთი მაქსიმუმი დადეს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებმაც, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან ყველაზე ბეჯით აბიტურიენტზე ადრე მიდიოდნენ და ყველაზე ბოლოს მოდიოდნენ. პაპანაქება სიცხეში თითოეული აბიტურიენტის საგამოცდო ცენტრში შესვლასა და გამოსვლას აკვირდებოდნენ, სიტუაციას დეტალურად აღწერდნენ და სიახლეებს, მაქსიმალური სიზუსტითა და სისწრაფით თქვენ, ჩვენს მკითხველებს გაწვდიდნენ.

ამის გარდა, ტრადიციულად, აგროვებდნენ სახალისო ფრაზებსაც, რომელთაც ცენტრებთან აპლიკანტებისაგან და მათი გულშემატკივრებისაგან ისმენდნენ. ეს უკანასკნელნი კი, როგორც აღმოჩნდა, მათთვის ყველაზე სტრესულ პერიოდშიც კი არ კარგავენ იუმორის გრძნობასა და ხუმრობის ხალისს.

მაშ ასე, მარგალიტები 2026:

თბილისი

– ნუ გეშინიათ, მეც მეშინია!

– გმირთა მოედანი მოსულა, გმირთა მოედანი!- გულშემატკივარი ტელეფონზე საუბრისას, მას შემდეგ, რაც გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა უთხრა, რომ ქართულის გამოცდაზე „გმირთა ვარამი“ მოვიდა.

– აბიტურიენტი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს:
მე დავწერე დავით კოდუას „გმირთა ვარამი“.

აბიტურიენტი:
– ერთი ნაწარმოები იყო „გმირთა ველური“ და მეორე არ მახსოვს.

მშობლები:
– „გმირთა ვარამი“ მოვიდაო.
– ა, თვითონ გმირთა?

ცენტრის თანამშრომელი:
– წყალი დატოვეთ, ცივია.
– ცივი უნდა იყოს, ქალბატონო, დასაბანად კი არ მინდა.

– ეს რა ახალი კანონი მოუფიქრებიათ, ცივი წყალი არ შეატანინეს ბავშვებს, უფრო კარგად რომ გააწამონ!

საგამოცდო ცენტრიდან უკან გამობრუნებული აბიტურიენტი დედას:
– ცივი წყალი არაო!
– დედა, რაღა ვქნა, სად შეგითბო, ახლა, მე ეს?

– ესენი, მგონი, წყლის მწარმოებლებთან არიან შეკრულები, გაავსეს ნაგვის ურნა ბავშვებმა წყლის ბოთლებით!

– დაედგათ რამდენიმე სკამი, რა იქნებოდა, შევწუხდი ქალი. ამდენი საათი ფეხზე ვდგავართ!
– სკამი კი არა, გამოცდამდე ორი დღე სითხეს არ ვსვამდი, თორემ შეწუხება მერე გენახათ თქვენ.

მშობელი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს:
– გოგონა, თქვენ ხომ იცით რა თემები მოვა?
– არა, ქალბატონო, საიდან უნდა ვიცოდე?
– აბა, აქ რისთვის დგახართ?

– მე რომ გამოცდები ჩავაბარე, მამაჩემმა ერთი კვირა აქეიფა მთელი სანათესაო. ჩემმა ბიჭმა კიდევ, გამოცდებს რომ მოვრჩები, მარტო უნდა წავიდე სადმე, დავისვენოო.
– ახლანდელი ახალგაზრდები რაღაცნაირები არიან, მარტოსულები… არავინ არ უნდათ.

– დედა, პასპორტი შეგაქვს?
– უხერხულია, დედა, რეებს მეკითხები.

გულშემატკივრები შემოეხვივნენ გამოცდიდან ადრე გამოსულ ბიჭს, რომელმაც ვერაფერი გაიხსენა. ბიჭის დედა:
– გამოუშვით, რა, ნანერვიულებია…
ერთ-ერთი გულშემატკივარი ჩუმად:
– ნანერვიულები კი არა, შტერია.

მშობელი:
– ვუთხარი, ადრე არ გამოხვიდე-მეთქი და უკვე გამოდის, მოვკლავ!

მშობელი შვილზე:
– ეზოში დგას და არ გამოდის, მაგას გავწეწავ ახლა!

– ბავშვი არ გამოდის, მე უნდა შევიდე ახლა – მორჩა!

აბიტურიენტი:
– ვაჟა ფშაველას „კაცია ადამიანი?!“ მოვიდა.

საგამოცდო ცენტრთან მყოფი ბებია ომახიანად და სიამაყით:
– ჩემი შვილიშვილი რავა ვერ დაწერს ამას, გენიოსია!

მშობელი:
– თემა გავიგო რა არის და მერე, თუ უნდა, შვიდ საათამდე წეროს.

– აღარ გამოდის ჩემი შვილი გამოცდიდან თუ რა ხდება, ვერ გავიგე. მგონი, ის სხვა საგამოცდო ცენტრშია და ჩვენ სხვაგან ველოდებით, სამი საათია.

– აბიტურიენტის მეგობარი:
– სად არის ეს ბიჭი ამდენ ხანს, რას წერს, რაც არ იცის?!

აბიტურიენტი ისტორიის გამოცდის შემდეგ საუბრობს ტელეფონზე:
– რუკა ვერ დავწერე, ძმა, პირდაპირ ვემსახურები საქართველოს!

მშობელი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს:
– რა საკითხები მოვიდა?
– დავით წერედიანის ლექსი და შუშანიკი.
– შუშანიკის არის ეგ ლექსი?

დედა აბიტურიენტის ძმას:
– „ვეფხისტყაოსანი” მოვიდა და კაია?
– მე კი ვიცი და…

მშობელი:
– აკა მორჩილაძე რომელი ისტორიკოსია მისი ნაწარმოები რომ მოვიდა?!

სიცხისგან შეწუხებული მშობელი:
– ამ ფიჭვის დარგვას, კაკალი დაერგოთ არ სჯობდა?

გორი:

აბიტურიენტი:
– ხუთ თეთრიანი მაქვს ფეხსაცმელში და მიშველის რამეს თუ გავზარდო „კუში?“
– არა, ძმაო, მაგას ისედაც ამოგაძრობს დაცვა და ჯობია ეგ იყოს, ცოტაა მაინც.

აბიტურიენტი:
– არც ჯარი მინდა და არც სწავლა, მაგრამ ჯარში წასვლას ისევ გამოცდის ჩაბარება ვარჩიე.
გულშემატკივარი:
-ვაი შენს პატრონს!

– ხვალ მქონია გამოცდა და დღეს მოვედი!

– ხალხო, წყალი შემომასხით!

– დედამ – დამამშვიდებელი დალიეო და წნევის წამალი დავლიე. ცუდად ხომ არ იმოქმედებს?

– წუხელ მთელი ღამე ლოცვაში გავატარე, როგორმე გადავაგორო ეს გამოცდები და კარგი მამალი მყავს გასაშვები გორიჯვარზე.

– შუშანიკი დამესიზმრა წუხელის, მითხრა მოვალო და უეჭველად მოვა, ტყუილად არ შემაწუხებდა.

თელავი:

ქმარი ცოლს:
– დავრწმუნდეთ რომ გამოცდაზე შევიდა, მეორე კარიდან არ გამოვიდეს უდიპლომო სასიძოსავით.

აბიტურიენტმა დააცემინა. მეგობარი:
– ჩაბარებაა.

მშობელი:
– მთავარია, ბარათელი არ დაავიწყდეს და დანარჩენს დაწერს.

მეგობრები აბიტურიენტ მეგობარს:
– თუ ვერ ჩააბარებ, ჩვენ მაინც გვეყვარები.

– აბა, შენ ვის „ბალეშჩიკობ“?
– ჩემს გოგოს
– უი, ხომ სწავლობდა?
– სწავლობდა, მარა სკოლაში.

– აბა, კაი სახით შედი და კაი სახით გამოდი!

ცოლი ქმარს:
– კართან ახლოს დავდგეთ, რომ გამოვა მალე ვნახავთ.

– ეს „ბე ენ ვე“ ვისია?
– რა გინდა რო? თუ პრობლემაა, წავალ და სხვას მივეყუდები.

ცოლი ქმარს:
– ყველა გამოვიდა შენი შვილის გარდა
– შენ არ უთხარი, ყველაზე გვიან გამოდიო? დაგიჯერა.

– რა ქენი, შვილო, კმაყოფილი ხარ? გამოისწორე ნაწერი?
– კი, ლამაზად დავწერე, ულამაზესად.

აბიტურიენტის ოჯახის წევრი:
– ცოტა ხანს დაველოდოთ, არ გამოაგდონ და არ დავკარგოთ.

– ქართულზე ვერ ვნერვიულობ, არ მენერვიულება.

მარგალიტები ინტერნეტიდან:

– ChatGPT-ს დახმარება ვთხოვე ინგლისურის ტესტების დაწერისას და ასე მითხრა, თუ რამეს ვერ გაიგებ ეროვნულებზე, მომწერე, დაგეხმარებიო. ხომ მომცემენ ტელეფონს? უცებ ვკითხავ.

– თუ იცით საგამოცდო კომპიუტერებში რობლოქსის თამაში შეიძლება?

– ისეთი თემა დავწერე 2027-ის რედაქტირებაში შეიტანენ!

– თეიმურაზზე დავწერე კაცობაში ჩაიჭრა მეთქი და მე ხომ არ ჩავიჭრები ახლა?

– იმედია მარჯვენა არ მექნება მოსაჭრელი გამოცდიდან რომ გამოვალ.

– ყელზე — ჯვარი, მარცხენა ფეხში — 5-თეთრიანი, ჯიბეში — რეპეტიტორის თმა… კიდევ რამე მჭირდება?

– ღადაობის გარეშე მიპასუხეთ, ხუთ თეთრიანი ფეხსაცმელში ამართლებს?
– მაგაზე ღადაობის გარეშე როგორ გიპასუხოთ?

– გამოცდაზე მარჯვენა ფეხით შევიდე, თუ მარცხენათი, რას მირჩევთ?
– ორივეთი.

-გამოცდაზე სამკაულებს მომხსნიან?
-დაგილომბარდებენ.

– არაყი რომ გადავკრა, შეამჩნევენ?

– ტექსტის გააზრება კი არა, მე ის ვერ გამიაზრებია ხვალ რომ ეროვნულს ვწერ.

– გამოცდებს რომ მოვრჩები, მეშინია დეპრესია არ დამეწყოს, უსაქმურობისგან.

– პარალელად რა მოიყვანეთ?
– ჩემი ტანჯული ცხოვრება.

– წერისას ხაზებს რომ გადავცდე, ნაშრომს ხომ არ გამინულებენ?
– ნაშრომი თორე შენც არ მყავდე ილია ჭავჭავაძე.

– ყოველ ღამე კოშმარებში ვარ – ტარიელები, შუშანიკები, აბოები და გრიგოლები მესიზმრებიან!

– დედაჩემს გამოცდის დრო არასწორად ვუთხარი, რომ არ წამომყოლოდა და აღარ მელაპარაკება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური