GE

ფულადი ჯილდოები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და აღმზრდელებისთვის – რას ითვალისწინებს ფოთის საკრებულოს დადგენილება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში.

კერძოდ განისაზღვრა, რომ განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ და თანხის ოდენობა თითოეული დაჯილდოებულისთვის ასეთი იქნება:

საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;

საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებზე – არაუმეტეს 625 ლარისა;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგებზე – არაუმეტეს 625 ლარისა;

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგებზე –არაუმეტეს 625 ლარისა.

ცვლილებები, რომელსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელი მოეწერა 24 ოქტომბერს, გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური