2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტის საბოლოო ვარიანტში 468 მლნ ლარით არის გაზრდილი და ჯამში 30 მილიარდ 760 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ამის შესახებ 10 დეკემბერს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 80 ხმით 9 ხმის წინააღმდეგ, დამტკიცდა.
მისი განმარტებით, ბიუჯეტის პირველად ვარიანტებთან შედარებით, სამინისტროების ბიუჯეტი შეიცვალა და მათ შორის არის სახელფასო სრდისთვის დამატებით გამოყოფილი თანხებიც:
რა გვაქვს განათლებაში:
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება პირველად პროექტებთან შედარებით გაზრდილი არის 90 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომლის ფუნქციებიც გადანაწილდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროებზე, 2025 წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსება 2026 წელს ზემოაღნიშნულ სამინისტროებშია გადანაწილებული.
შესაბამისად, როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, “ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ჩათვლით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2026 წელს შეადგენს 3 მილიარდ 345 მილიონ ლარს, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, 115 მილიონი ლარით მეტია”.
“სამინისტროს ფარგლებში დამატებითი თანხები მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე. დამატებით გამოიყოფა 37 მილიონ ლარზე მეტი და მისი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს. დამეტებითი ზრდა ძირითადად გამოიწვია პირველკლასელთა რაოდენობის ზრდამ და მასწავლებლებს შორის საათების გადანაწილებამ. გარდა ამისა, საკომიტეტო განხილვების დროს დაყენებული წინადადებების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმების და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად წინა ვერსიაში განსაზღვრული 10%-იანი ზრდისა”, – თქვა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ჩამოთვალა რა ოდენობის თანხები დაემატა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს:
“პროფესიული განათლების ნაწილში, სტუდენტების მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, დამატებით გამოიყოფა 4 მილიონ ლარზე მეტი და ინფრასტრუქტურის ნაწილში დამატებით 10 მილიონი ლარი. ინკლუზია გაზრდილია დამატებით 8 მილიონ 500 ათასი ლარით და 101 მილიონ ლარს აჭარბებს. ახალგაზრდობის მხარდაჭერისთვის დამატებით 6 მილიონილარი გამოიყო და 21 მილიონ 500 ათას ლარს გადააჭარბებს, ინფრასტრუქტურის ნაწილში კი დამატებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი უმაღლეს სასწავლებლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო 18 მილიონი ლარი გამოიყოფა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურისთვის”.
იხილეთ რა პირველად ფინანსებს დაემატა განათლებაში მინისტრის მიერ ჩამოთვლილი თანხები ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ:
განათლების მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 885,9 მლნ ლარი;
პროფესიული განათლება – 214,9 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 192,0 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 92,9 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 92,8 მლნ ლარი;
ახალგაზრდობის მხარდაჭერა – 15,6 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურა:
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 622,5 მლნ ლარი;
საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებულია – 58,0 მლნ ლარი;
სკოლების მცირე რეაბილიტაციებისა და მოვლა-შენახვის ხარჯებისათვის – 43,0 მლნ ლარი.
ასევე იხილეთ:
-
სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობას ყოველწლიურად მთავრობა დაამტკიცებს – რა წერია კანონპროექტში
by ARIS.GE-განათლება
-
„ამ კონცეფციით, სკოლის საშუალო საფეხურიდან არც არაფერი დარჩა, გაუქმებულია!“ – რა ვუქენით სრულ ზოგად განათლებას სკოლაში
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რამდენი ასეული მილიონი ლარი დაიხარჯება ქუთაისსა და რუსთავში ორი საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად
by ARIS.GE-განათლება